სტატიები

10:12 | 20.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯაცინტო ფაკეტი - კალჩოს სიმბოლო

დოსიე
ჯაცინტო ფაკეტი - დაიბადა
1942 წლის 18 ივლისს ბერგამოს პროვინციის ქალაქ ტრევილიოში (იტალია). თამაშობდა მცველად. კლუბ “ტრევილიეზეს” აღზრდილი.
ასპარეზობდა: მილანის “ინტერში” (1960-1978). იტალიის სერია A-ში ითამაშა 476 მატჩი, რომლებშიც 59 გოლი გაიტანა. “სკუადრა აძურას” მაისურით გამართულ 94 შეხვედრაში თავი გოლით 3-ჯერ გამოიჩინა.
მიღწევები: ევროპის ჩემპიონი (1968), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1970), ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1964, 1965), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (1964, 1965), იტალიის ჩემპიონი (1963, 1965, 1966, 1971), იტალიის თასის მფლობელი (1978).
გარდაიცვალა 2006 წლის 4 სექტემბერს მილანში.
ფაკეტი დაცვითი ფუნქციის მოთამაშეთაგან ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც შეტევაში რეგულარული ჩართვები სისტემაში ჰყავდა მოყვანილი. ამასთან, იგი დაცვაშიც საკმაოდ საიმედოდ ირჯებოდა. ფაკეტი თანაბარი წარმატებით თამაშობდა მარცხენა და ცენტრალური მცველის ამპლუაში. მეტოქის საჯარიმოში მის ფლანგურ ჩაწოდებებს, მოწინააღმდეგის დაცვის რიგებში ყოველთვის დიდი არეულობა შეჰქონდა.
ჯაცინტო ფაკეტი მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა და ძალიან ხშირად, გადამწყვეტი გოლები გაჰქონდა. გულშემატკივარს იგი ახსოვს როგორც ჭეშმარიტი ჯენტლმენი - ფეხბურთელი, რომელიც ფორვარდს უკნიდან არასოდეს უტევდა. სხვათა შორის, ფაკეტის თამაშის ასეთ სტილს უნდა უმადლოდეს ქართველი გულშემატკივარი, 1977 წლის შემოდგომაზე მილანის “ინტერის” კარში დავით ყიფიანის მიერ გატანილ გოლს. უეფა-ს თასის ოცდამეთორმეტედფინალში, თბილისის “დინამომ” იტალიაში სწორედ ყიფიანის ამ გოლის წყალობით მოიგო (1:0).
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ფაკეტი მხოლოდ ერთხელ იქნა მინდვრიდან გაძევებული - ისიც იმისათვის, რომ საკამათო გადაწყვეტილების მიმღები არბიტრის მიმართ ტაში შემოჰკრა. ახოვანი, მოხდენილი ფეხბურთელი ყოველთვის გულისხმიერი სპორტსმენის და ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იგი იშვიათად კარგავდა მოთმინებას, მინდორზე სრული მობილიზებით მაგალითს აძლევდა პარტნიორებს, აღაფრთოვანებდა მათ საბრძოლველად იმ შემთხვევებშიც, როცა მატჩი “ნერაძურისთვის” ერთობ წარუმატებლად მიდიოდა.
ფაკეტი ქვეყანას ბერგამოს მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ტრევილიოში მოევლინა. საფეხბურთო კარიერა, ადგილობრივ “ტრევილიეზეში”, როგორც თავდამსხმელმა დაიწყო. ფორვარდის უნარ-ჩვევები, მოგვიანებით მარცხენა მცველის პოზიციიდან შეტევებში ნაყოფიერ ჩართვაში დაეხმარა. “ინტერში” იგი 18 წლისა მოხვდა: მისი ტალანტი “ლურჯ-შავების” განთქმულმა დამრიგებელმა, ელენიო ერერამ შენიშნა. სწორედ ამ უკანასკნელმა შესთავაზა ახალგაზრდა ფეხბურთელს ამპლუის შეცვლა.
“ინტერში” ჯაცინტო ფაკეტის თამაშის წლები კლუბის ისტორიაში “ოქროს ხანაზე” მოდის. “ნერაძური” ზედიზედ ორჯერ დაეუფლა ევროპის ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასებს - ე.ი. ხდებოდა ევროპისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. ფაკეტი 4-ჯერ “სკუდეტოს”, ერთხელ კი იტალიის თასის მფლობელი გახდა.
“სკუადრა აძურაში” “ინტერის” მცველის დებიუტი 1963 წლის 23 მარტს შედგა. სულ მან, იტალიის ეროვნულ ნაკრებში 94 მატჩი (აქედან 70-ში კაპიტნის რანგში) ითამაშა. ეს მიღწევა, დიდი ხანი ქვეყნის რეკორდად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით, მისი გაუმჯობესება დინო ძოფმა, პაოლო მალდინიმ და ფაბიო კანავარომ შეძლეს. ფაკეტი იტალიის ღირსებას ორ მუნდიალზე იცავდა, რომელთაგან ერთში (1970), ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეპატრონა. ერთხელ ნაკრების მაისურით ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ევროპის (1968).
კარიერის დამთავრების შემდეგ, ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში დარჩა და იქ სხვადასხვა თანამდებობები ეკავა: იყო “ინტერის” ტექნიკური დირექტორი, მმართველობის დირექტორი, ოფიციალური წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, ვიცე-პრეზიდენტი. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ფაკეტი პოსტიდან გადამდგარი მასიმო მორატის ნაცვლად, კლუბის პრეზიდენტადაც აირჩიეს. ამ პოსტზე მას მხოლოდ წელიწადნახევი მოუწია მუშაობა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა სხვადასხვა შიდასაკლუბო განყოფილებებებს შორის ურთიერთობები დაერეგულირებინა. რაც ერთგვარი ფუნდამენტი აღმოჩნდა “ნერაძურის” მიერ მორიგი 2 “სკუდეტოს” მოსაგებად.
სამწუხაროდ, მძიმე ავადმყოფობამ ჯაცინტო ფაკეტის ბევრი კარგი საქმის ბოლომდე მიყვანა არ აცალა. იგი 2006 წლის 4 სექტემბერს, პანკრეასის ჯირკვლის სიმსივნით გარდაიცვალა. “ინტერის” ხელმძღვანელობამ ფაკეტისდამი პატივსაცემად კლუბის “3”-იანი მაისური სამუდამოდ მის კუთვნილებად გამოაცხადა. კლუბს ვალში არც იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დარჩენია: 2006/07 წლებიდან მოყოლებული, ჯაცინტო ფაკეტის სახელს ატარებს თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიმდინარე 20-წლამდელთა საკლუბო ტურნირი, რომელშიც სერია A-სა და სერია B-ს ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას.
    
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092546