საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას თქმით, დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ჩემპიონთა ლიგაში “მუხლები არ აუკანკალდება”.
“ევროარენაზე პირველად არ გავალთ და რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ მზად ვართ. “დნიპროს” ხშირად და საკმაოდ კარგად უთამაშია ევროპის ლიგაში, სადაც კონტინენტის არცთუ უკანასკნელ გუნდებს უპირისპირდებოდა. ამიტომ, მუხლები არ აგვიკანკალდება და ჩვენ გუნდს არავის ეშინია. დავისვენებთ, ძალას მოვიკრებთ და საბრძოლად მზად ვიქნებით” – იუწყება “დნიპროს” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის სიტყვებს უკრაინული გამოცემა “კომანდა”.
განვლილ სეზონში, რომელიც კანკავას კარიერაში საუკეთესო იყო, “დნიპრომ” უკრაინის ჩემპიონატში ვერცხლის მედლები მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს.







