ფეხბურთი

17:35 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” საჩხერლები ისევ დიდი ანგარიშით დაამარცხა”

მიმდინარე საფეხბურთო პირველობის ლიდერების შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა, სადაც პრინციპული პაექრობის მონაწილეებს ქარიანი ამინდი დახვდათ, თუმცა ვერ ვიტყვით იმას, რომ ქარმა მატჩის მონაწილეებს ხელი დიდად შეუშალა. ამ გუნდების ბოლო მატჩი გასული წლის ბოლოს ქვეყნის სუპერთასზე შედგა, სადაც ზემო იმერლებმა იმარჯვეს და პირველი სერიოზული ტიტული მიითვალეს. რაცშეეხება პირველი წრის შეხვედრას, იგი თბილისელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 6:1 დასრულდა.

მატჩი თბილისელებმა დაიწყეს, სადებიუტო წუთებში ბურთს ძირითადად ისინი ფლობდნენ და მალე დაწინაურებაც მოახერხეს. მათ თავიდანვე ჰქონდათ ხელსაყრელი მდგომარეობიდან სტანდარტულის შესრულების საშუალება, მაგრამ ჩისკომ ვერ შეძლო ნორმალურად დარტყმა. ცოტა ხანში კი ძარიამ დაარტყა ცაციათი არც თუ ისე ძლიერად, მაგრამ ბურთმა მცირე მანძილით ჩაუარა საჩხერელთა კარს. მოცემულ მომენტში კი “ჩიხურას” კიპერი თევდორაძე სიტუაციას მთლიანად აკონტროლებდა. მე-8 წუთზე თბილისელებმა, კერძოდ კი კვირკველიამ სწრაფად ჩააწოდა აუტი და ბურთი მარცვალაძეს მიუვიდა შეტევის მარცხენა ფლანგზე. საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებულმა ფორვარდმა მყისიერი გადაწყვეტილება მიიღო და მოწინააღმდეგის საჯარიმოს მიახლოებულ პაპუნაშვილს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა შეუჩერებლივ “აბრაგანით” ზუსტად დაარტყა დაახლოებით 15-16 მეტრიდან. საჩხერელთა მეკარეს მოძრაობა საწინააღმდეგო მხარეს დაწყებული ჰქონდა, ამიტომაც მისი რეაქცია ოდნავ დაგვიანებული აღმოჩნდა. შესაბამისად ანგარიში გაიხსნა და “დინამო” დაწინაურდა – 0:1.

სულ მალე დედაქალაქელებს ანგარიშის გაზრდა მართებდათ, მაგრამ ძალზე რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს. მოედნის შუაგულში მარცვალაძემ ბურთი ლომაშვილს “მოჰპარა” და საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. მოწინააღმდეგის საჯარიმოს მიახლოებულმა უფრო კარგ მდგომარეობაში მყოფ ჩისკოს უპასა, მაგრამ პირიინეელის დარტყმას თევდორაძე გადაეღობა და საკუთარი კარი სერიოზული ხიფათისაგან იხსნა. ცოტა ხანში მერებაშვილი ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან გამოზომილად, მაგრამ მისი მცდელობა თევდორაძისათვის იოლი ნადავლი გამოდგა.

ამის შემდეგ საჩხერლებმა თამაში გამოასწორეს და 22-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრეს. საპასუხო გოლიც ძალზე ლამაზი გამოვიდა. მოედნის ცენტრთან ახლოს ბურთი პაპუნაშვილმა დაკარგა, რითაც ისარგებლა ხმალაძემ და მეტოქის საჯარიმოში შეჭრილ დეკანოიძეს უპასა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი გაბედავას დაუტოვა. გიორგიმ, რომელიც საკმაო მახვილი კუთხით იდგა კარებთან და წინ მცველიც ედგა, ბურთი მიიღო მარჯვენათი და ცაციათი დაარტყა იდეალური სიზუსტით. ლორიამ ნახტომი კი განახორციელა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა მატჩში წონასწორობაც აღდგა – 1:1.

Nნელ-ნელა გუნდები გახურდნენ და საინტერესო თამაშიც გაჩაღდა, თუმცა რაღაც დროის მანძილზე სახიფათო მომენტებმა იკლო. 36-ე წუთამდე აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. შეხვედრის ამ წუთზე კი პაექრობის მასპინძლებმა საჯარიმოს მისადგომებთან შეცდომა დაუშვეს და მარცვალაძემ ქუსლით უპასა მერებაშვილს, რომელმაც ბურთის მიღებისთანავე ცრუ მოძრაობით კვარაცხელია მოატყუა, მაგრამ წინსვლა ვეღარ შეძლო, რადგანაც მცველმა ფეხი გამოდო და “დინამოს” შემტევი ნახევარმცველი წაიქცა. არბიტრმა ვადაჭკორიამ, რომელიც ძალიან ახლოს იყო მომენტთან უყოყმანოდ დანიშნა პენალტი. თემიდის მსახურს “დამნაშავე” შეეკამათა, რისთვისავ ვადაჭკორიამ გამოცდილ მცველს ყვითელი ბარათი უჩვენა.  თერთმეტმეტრიანის შესრულება ჩისკომ ითავა და ესპანელმა საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:2.

41-ე წუთზე თბილისელთა სწრაფი კონტრშეტევისას ჩისკოს პასით მარცვალაძე აღმოჩნდა თევდორაძესთან პირისპირ. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ერთი მოძრაობით გააცურა მეკარეც და წამოწეული მცველიც, მაგრამ მერე დარტყმა აღარ გამოუვიდა და ვეღარ შეძლო წაქცეულ თევდორაძეზე ბურთის აცილება. ტაიმის მიწურულს კი საჩხერლებმა კიდევ ერთი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში, როდესაც მერებაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად კი დაარტყა, მაგრამ თევდორაძეს აშკარად მართებდა მისი აღება. მეკარემ ბურთის დაჭერა ცადა, ბურთი ხელებში ვეღარ შეიმაგრა და “დინამოს” უპირატესობაც სოლიდური შეიქნა - 1:3.

მეორე ტაიმის განახლებისთანავე “ჩიხურას” ფეხბურთელები პენალტს ითხოვდნენ, როდესაც ნიკა კვასხვაძის ჩაწოდებულზე ბურთი ხელზე გველესიანს შეეხო. არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, საჩხერელი ფეხბურთელები მართალია პროტესტს გამოთქვამდნენ პირით ხაზთან მდგომ ასისტენტთან, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ამის შემდეგაც მეტოქესთან შედარებით უფრო საჩხერლები აქტიურობდნენ, მაგრამ გოლი 58-ე წუთზე ისევ თბილისელებმა გაიტანეს. აღმოსავლელთა სწრაფი კონტრშეტევისას კვირკველიამ ზუსტად ჩაუწოდა ჩისკოს, რომელმაც თავის მხრივ დასწრებაზე ითამაშა დიდებულად და თავით საკუთარი გუნდის უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა – 1:4. ცოტა ხანში პირინეელმა ჰეთრიკი გაიფორმა, როდესაც რუმინელი დორინ გოგასაგან ზუსტი გადაცემა მიიღო საჩხერელთა საჯარიმოში. გამოცდილმა ესპანელმა ბურთი ერთი შეხებით გაისწორა და ცაციათი, ახლო მანძილიდან თევდორაძეს შანსი არ დაუტოვა 1:5.

ასეთი შოკის შემდეგ ბუნებრივია თამაში ძნელია და საჩხერლებსაც ალბათ ყველაზე მეტად მსაჯის საფინალო სასტვენის გაგება სურდათ. თუ აღნიშნულ გოლებამდე თამაში ანგარიშის მიუხედავად თანაბარი გახლდათ, ჩისკოს გოლების შემდეგ მოედანზე მთლიანად “დინამო” დომინირებდა. ცოტა დაკვირვებით რომ ეთამაშათ ამ მომენტებში, ალბათ იმ შედეგსაც გააუმჯობესებდნენ, რომელიც პირველ წრეში დაფიქსირდა მათი მხრიდან. თავის მხრივ რამდენიმეჯერ “მასპინძლებმაც” ცადეს თავის გამოჩენა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი მათ ვეღარ შექმნეს. შორიდან დარტყმულ ბურთებს კი ლორია იოლად იმორჩილებდა. 

ვადაჭკორიას საფინალო სასტვენმა ლიდერთა შეხვედრაში თბილისის “დინამოს” უპირობი გამარჯვება დააფიქსირა – 1:5. ამ გამარჯვებით დინამოელებმა ის მოულოდნელი შედეგი “გააბათილეს”, რომელიც წინა ტურში ბოლნისელებთან პაექრობაში დააფიქსირეს. საერთო ჯამში კი უახლოეს მდევართან და დღევანდელ მეტოქესთან, საჩხერის “ჩიხურასთან”ქულათა სხვაობა თბილისელებმა შვიდ ქულამდე გაზარდეს.      

 ჩიხურა – დინამო 1:5 (1:3)

2 მარტი. 15:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 500 მაყურებელი

“ჩიხურა”:  თევდორაძე, გივი კვარაცხელია, ჯიღაური (ჩიკვაიძე, 65), გაბედავა, ნიკო კვასხვაძე, ლომაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი (მიქაძე, 62), ბეჭვაია, ოდიკაძე, დეკანოიძე, ხმალაძე.

მთავარი მწვრთნელი:  სოსო ფრუიძე

“დინამო”: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, მერებაშვილი (გოგა, 50), პაპუნაშვილი, პაპავა, კვირკველია (გიორგი რეხვიაშვილი, 75), მარცვალაძე (გლიშიჩი, 59), ჩისკო, გველესიანი, ძარია.

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (8), 1:1 გაბედავა (22), 1:2 ჩისკო (37, პენალტით), 1:3 მერებაშვილი (44), 1:4 1:5 ჩისკო (58, 63). 

გაფრთხილება: კვარაცხელია (37), ძარია(39).   

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)

 

1      დინამო (თბ)                                                       20           14           3           3           48:16           45         
2 ჩიხურა 20 11 5 4 39:29 38
3 ზესტაფონი 20 10 4 6 27:15 34
4 გურია 20 10 0 10 23:27 30
5 სიონი  20 8 6 5 25:22 30
6 მეტალურგი 20 8 6 6 25:23 30
7 დილა 20 7 7 6 25:20 28
8 ტორპედო 20 7 5 8 22:26 26
9 ვიტ ჯორჯია 20 7 4 9 25:27 25
10 სპარტაკი 20 5 2 13 16:30 17
11 ზუგდიდი 20 4 5 11 10:28 17
12 მერანი 20 4 3 13 15:37 15

 

მეგოლეები:

13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11601