ფეხბურთი

0:40 | 18.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ეროვნულზე პირველად ფეხშედგმულებს მოუგო

საერთო აზრით, “დინამოს” გიორგი მერებაშვილის გარეშე შემტევი პოტენციალი მოაკლდება. მართლაც საინტერესოა, როგორი იქნება კახა კაჭარავას გუნდი და ჯერჯერობით, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვით - ზედიზედ ორ ტურში მოიგეს და ორივეჯერ ჰანდიკაპით. “გაგრას” 4:1 ძლევის შემდეგ, ცხინვალის “სპარტაკს” 2:0 აჯობეს და ეს ორივე გოლი საწყის 37 წუთში ჩაატიეს.
ერთი კია, “დინამო” რომ დაწინაურდა, “სპარტაკის” მცველ ნოდარ მგალობლიშვილის დამსახურება უფრო იყო: უწყინარ მომენტში თავით უგდებდა ბურთს მეკარე ზურაბ ბათიაშვილს, მაგრამ ძალიან უყურადღებოდ მოუვიდა, რითაც ისარგებლა მასპინძელთა გაბონელმა ფორვარდმა ჟორჟ აკირემიმ და ახლო მანძილიდან გაიტანა - 1:0.
აკირემი საუკეთესო იყო მინდორზე და მეორე გოლიც მან “გამოადნო”: პირისპირ გავიდა და ბათიაშვილს ისღა დარჩენოდა, წაექცია. ან გოლი, ან პენალტი - სხვა გამოსავალი მეკარეს არ ჰქონდა. 11 მეტრიდან გურამ კაშიამ ზუსტად დაარტყა და 2:0. შეიძლება ითქვას, მატჩის ინტრიგამაც აქ “ჩაგვიპაჭუნა თვალი”. პირველ ტაიმში მათე ვაწაძესაც შეეძლო გატანა, მაგრამ ბათიაშვილმა ლამაზ ნახტომში კუთხურზე გადააგდო ბურთი.
კაჭარავას გუნდს ვეება უპირატესობა არ ჰქონია, მაგრამ სისწრაფეში და კომბინაციურ თამაშში აჯობეს მეტოქეს. “დინამოს” ფეხბურთელები უფრო ბევრს მოძრაობდნენ და სივრცეს არ უტოვებდნენ სტუმრებს.
მეორე ნახევარი თენგიზ ჩიკვილაძის ფლანგური ჩაწოდებით და შოთა კაშიას უზუსტო თავურით დაიწყო. შემდეგ მეტოქეებმა რამდენჯერმე კიდევ “უჩხვლიტეს” ერთმანეთს, მაგრამ ძნელია თამაშის სანახაობრიობაზე ილაპარაკო, როცა ანგარიშში ჩამორჩენილი გუნდი გამწვავებას ცდილობს, მაგრამ არაქათი არ ჰყოფნის. “სპარტაკის” შეტევებს სიმძაფრე აკლდა და “დინამოს” მცველებს ამიტომაც არ უჭირდათ მათი მოგერიება. სტუმართაგან ყველაზე აქტიური ირაკლი ჩირიკაშვილი იყო, თუმცა ვერც მან ითამაშა ისეთ დონეზე, შედარებით სუსტ გუნდებთან რომ გამოსდის ხოლმე.
ბოლო საგოლე მომენტი კი “სპარტაკისა” იყო, როცა ნიკა მგელაძის შორიდან დარტყმული ბურთი “დინამოს” მეკარე გიორგი ლორიამ მოიგერია. ეს იყო და ეს. უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმი, განსაკუთრებით კი ბოლო 20 წუთი მასპინძლებმა უღიმღამოდ ჩაატარეს, ტემპი დააგდეს და ანგარიშის გაზრდაზე მაინცდამაინც თავი არ შეუწუხებიათ.    

მატჩის შემდეგ:

ვლადიმერ ხაჩიძე (“სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი):
“ვულოცავ “დინამოს” მოგებას. ჩვენ, ფაქტობრივად, ხელახლა მოგვიხდა გუნდის გაკეთება, ბევრი ახალგაზრდა გვყავს და ზოგიერთმა მათგანმა პირველად ითამაშა ეროვნულ სტადიონზე. პირველ ტაიმში “დინამომ” აშკარად გვაჯობა, შესვენების შემდეგ კი, მდგომარეობის გამოსწორება ვცადეთ, უკეთესადაც ვითამაშეთ, მაგრამ ანგარიში ვეღარ შევცვალეთ”.
კახა კაჭარავა (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა და კიდევ შეგვეძლო გაგვეტანა. მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში ბურთის შენარჩუნებას შევეცადეთ, მაგრამ ბოლო ნახევარი საათი ვერ ვითამაშეთ კარგად და ამ მხრივ უკმაყოფილო ვარ”.


17 თებერვალი. თბილისი. “ბორის პაიჭაძე”.
“დინამო” (თბილისი) - “სპარტაკი” (ცხინვალი) 2:0 (2:0)
“დინამო”:
ლორია, თომაშვილი, კრსტესკი, გურამ კაშია, ჩიკვილაძე, შოთა კაშია, ედნილსონი (63, ნიკა ფირცხალავა), კოშკაძე, კახელიშვილი, აკირემი (84, ნემსაძე), ვაწაძე (70, ჯიუსი).
“სპარტაკი”: ბათიაშვილი, მგალობლიშვილი (56, კლოვისი), ბაქრაძე (51, გიორგი კვახაძე), მგელაძე, ფოფხაძე, თარხნიშვილი, კანდელაკი, მედ ნალო, ჩირიკაშვილი, ნიკა მაისურაძე, დეკანოიძე (77, უხურგუნაშვილი).
გოლები: 1:0 აკირემი (12), 2:0 გურამ კაშია (37, პენ).
გაფრთხილება: მგელაძე (28), ბათიაშვილი (37), კახელიშვილი (66).
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი).


16 თებერვალი

ვიტ ჯორჯია - სიონი 0:0
17 თებერვალი
ოლიმპი - სამტრედია 3:1
ბაია - ლოკომოტივი 0:0
ზესტაფონი - გაგრა 4:1
დინამო - სპარტაკი 2:0
 

 № გუნდი   თ  მ  ფ  წ     ბ  ქ
 1 ოლიმპი 19 15  3  1 45:13 48
 2 ზესტაფონი 21 13  6  2 39:19 45
 3 დინამო 20 11  5  4 35:12 38
 4 ვიტ ჯორჯია 19  9  7  3 26:18 34
 5 სპარტაკი 21  7  5  9 27:35 26
 6 სამტრედია 20  6  4 10 27:41 22
 7 სიონი 20  3  9  8 12:28 18
 8 გაგრა 20  3  5 12 20:38 14
 9 ბაია 20  3  4 13 15:29 13
10 ლოკომოტივი 20  1  8  11  7:26 11


შენიშვნა - პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეარ-ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა.

ბომბარდირები
აკინო (ოლიმპი) - 19 (8 პენალტით), ნიკა გელაშვილი (ზესტაფონი) - 15 (1), ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია) - 11 (1),  გიორგი გაბედავა (გაგრა) - 10 (1).


ილია ნანობაშვილი
         
        
     

        













 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101937