დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, თბილისის “დინამომ” 9 ახალი ფეხბურთელი წარადგინა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ ეროვნული ჩემპიონატის განახლების წინ პრესკონფერნცია გამართა.
“დინამოს” ხელმძღვანელობის, მწვრთნელისა და ფეხბურთელების მასმედიასთან შეხვედრას, ტრადიციულად, ორგანიზება თბილისელთა პრეს-ატაშემ, გიგა გვენცაძემ გაუწია.
გუნდის ახალწვეულებისთვის მაისურების გადაცემის ცერემონიალში კაჭარავას გარდა, კლუბის მმართველმა დირექტორმა გიორგი ტყავაძემ, სპორტულმა დირექტორმა მურთაზ შელიამ და ტექნიკურმა დირექტორმა მიხეილ ჯიშკარიანმა მიიღეს.
23 წლის შემტევი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი, რომლის სატრანსფერო უფლებები რუსეთის პრემიერლიგის კლუბს, მახაჩყალის “ანჟის” ეკუთვნის, სეზონის ბოლომდე “დინამოში” იჯარით, 55-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
27 წლის ფორვარდმა, დიმიტრი ტატანაშვილმა კლუბთან კონტრაქტი 6 თვეს პლუს 2 წელი გააფორმა. ის თბილისელთა რიგებში 18 ნომრით გაირჯება.
18 წლის ნიკა კვეკვესკირმა, რომელსაც კაჭარავამ ამპლუა შეუცვალა და მარჯვენა მცველის ნაცვლად, საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებს, “დინამოს” ბედი უახლოესი 5 წლის დაუკავშირა. მან 30-ნომრიანი მაისური მიიღო.
27 წლის მცველმა, გიორგი ციმაკურიძემ, რომელსაც თამაში ფლანგზეც შუძლია და ცენტრშიც, “დინამოსთან” ხელშეკრულება 6 თვეს პლუს, ერთი წელი დადო. მას წილად 28-ნომრიანი მაისური ერგო.
20 წლის მეკარემ, თორნიკე ზარქუამ 32-ნომრიანი მაისური მიიღო და “დინამოს” კონტრაქტი 5 წლით გაუფორმა.
24 წლის ბოსნიელი თავდამსხმელი, პეტარ იელიჩი “დინამოში” რუსეთის პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. ბალკანელმა 10-ნომრიანი მაისური მიიღო, რომლის გადაცემისას კაჭარავამ მას განუმარტა, თუ რამხელა დატვირთვა აქვს ხსენებულ მაისურს როგორც “დინამოსთვის”, ასევე, სრულად ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის.
30 წლის ჩეხი ცენტრალური მცველი, ირჟი ჰომოლა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში წელიწადნახევრით დარჩება და 4-ნომრიან მაისურსაც მოირგებს.
24 წლის სერბმა შემტევმა ნახევარმცველმა, სემირ ჰაჯიბულიჩმა “დინამოსთან” კონტრაქტი სამწელიწადნახევრით გააფორმა. მან 26-ნომრიანი მაისური ჩაიბარა.
28 წლის სერბმა მარცხენა მცველმა, მარკო მაროვიჩმა თბილისელებს 6 თვეს პლუს 2 წელი ხელშეკრულება დაუდო და 14-ნომრიანი მაისური გადასცეს.
კახა კაჭარავა: “მზადებას 3 იანვარს შევუდექით. სელექცია ჩავატარეთ, მაგრამ ჯერ არ დაგვისრულებია. შეკრებაზე ანთალიაში ვიყავით, სადაც მოსამზადებლად ყველა პირობა გვქონდა შექმნილი. 5 ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. მათში ნათლად დავინახე, რა დონეზე შეუძლიათ თამაში ამ ფეხბურთელებს და რომელ პოზიციებზე გვჭირდება გაძლიერება. ამ ეტაპზე, რის გაკეთებაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ვინც გვინდოდა ის ფეხბურთელები დავიმატეთ. ისინი რუსეთის პრემიერლიგაში, სერბეთში, ჩეხეთში თამაშობდნენ და შეუძლიათ გაგვაძლიერონ. თასიდან გავარდნის შემდეგ, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთადერთი მიზანი დაგვრჩა – ჩემპიონობა და მისთვის ვიბრძოლებთ”.
- ლევან ხმალაძე, რომელიც ლუგანსკის “ზარიაში” ისინჯებოდა და საქართველოში დაბრუნდა, ისევ “დინამოში” ითამაშებს?
- ხმალაძეს ჩვენთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. წინასწარ ვიყავით შეთანხმებული, რომ ის წავიდოდა და ხელს არ შევუშლიდით. ხმალაძე ისევ “დინამოში” დარჩება. მინდა ვთქვა, რომ “დინამოდან” სხვა გუნდში გასასინჯად ფეხბურთელი აღარ წავა. არ გვინდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდში ერთი წელი დარჩება და მერე წავა. მოთამაშეებს გასაყიდად არ ვიმატებთ. თუ ვინმეს წასვლის სურვილი აქვს, მისი ნებაა.
- გუნდმა შეთამაშება თუ მოასწრო?
- ამ ბიჭების დიდი იმედი გვაქვს. ფაქტობრივად, გუნდის ჩამოყალიბება ახლა დავასრულეთ. პირველ ეტაპზე, შესაძლოა, ისე არ იყოს გუნდი შეთამაშებული როგორც საჭიროა, მაგრამ თანდათან ყველაფერი გამოსწორდება.
- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი რომელი კლუბი მიგაჩნიათ?
- ყველა გუნდს სერიოზულად ვუყურებთ. არც ერთს არ გამოვარჩევ.
- “დინამოში” სერიოზულ კონკურენციას უნდა ველოდოთ...
- როდესაც გუნდში ერთი დონის 22 ფეხბურთელი გყავს, დიდი ფუფუნებაა. ყველა წარმატებულ კლუბში ასეა და “დინამოშიც” ვაპირებთ მსგავსი მდგომარეობა იყოს.
- ახსენეთ, რომ კლუბი სელექციას აგრძელებს. კიდევ რომელ სათამაშო რგოლებში აპირებთ გაძლიერებას?
- რუსთავის “ოლიმპის” მცველ თეიმურაზ ღონღაძესთან მოლაპარაკება დასრულებულია და ჩვენთან ჩაირიცხება. გარდა ამისა, გუნდში სლოვენიელი ნახევარმცველი, ბორუტ სემლერი ისინჯება.
- გამოდის, “დინამო” ევროთასებისთვის ემზადება?
- დღესდღეობით, ცხინვალის “სპარტაკთან” მატჩისთვის ვემზადებით.
პრესკონფერენციაზე დიმიტრი ტატანაშვილმა აღნიშნა, რომ გუნდის ახალწვეულებს გათავისებული აქვთ, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრათ და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა “დინამოს” სახელი არ შეარცხვინონ. დარბაზში დასმულ კითხვაზე თუ როგორ აპირებს “დინამო” გულშემატკივრების დაბრუნებას სტადიონზე, გიგა გვენცაძემ შემდეგი პასუხი გასცა: “ამის სერიოზული მცდელობა იქნება და ფართო კომპლექსური ღონისძიებები იგეგმება. ვნახოთ, რა გამოვა”.
გიორგი ტყავაძე: “აქ წარმოდგენილი ფეხბურთელებიდან ჩანს თუ რა მიმართულება აქვს კლუბს აღებული და მუშაობა როგორ მიმდინარეობს. კლუბის სპორტულ დირექტორს, მურთაზ შელიას და მთავარ მწვრთნელს, კახა კაჭარავას სრული კარტბლანაში აქვთ ახალი ფეხბურთელების მისაწვევად. “დინამოს” ბაზაზე იგეგმება სავარჯიშო მოედნებისთვის საფარის შეცვლა. უნდა განვითარდეს “დინამოს” საფეხბურთო აკადემია. კლუბს სრული ხელშეწყობა ექნება განვითარებისთვის. მოხდება ბაზის რეკონსტრუქცია, რომელიც სავარაუდოდ, სეზონის ბოლოსკენ დასრულდება. ის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება”.
ლაშა თაბაგარი









