ფეხბურთი

14:22 | 14.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოების” დამეგობრება – თბილისი-მოსკოვი

წლეულს, სპორტსაზოგადოება “დინამოს” დაარსებიდან 90 წელი გავიდა. მოსკოვის “დინამოს” პრეზიდენტი გენადი სოლოვიოვი და კლუბის სხვა ხელმძღვანელები თბილისის “დინამოს” ესტუმრნენ. დიღმის ბაზაზე მათგან საინტერესო ამბები მოვისმინეთ.
რომან ფიფია (თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი): “მოსკოვის “დინამოს” ხელმძღვანელობა ჩამოვიდა და გვსურს, ამ ორ კლუბს შორის დიდი პროექტები განხორციელდეს. 7 ივლისს დაიგეგმა მოსკოვისა და თბილისის “დინამოს” ვეტერან ფეხბურთელთა შეხვედრა და ასევე, ძირითადი გუნდების დაპირისპირებაც. ვფიქრობ, ვეტერანებს ძალიან გაუხარდებათ ეს სიახლე”.
გენადი სოლოვიოვი: “ვფიქრობ, კარგი წამოწყებაა. რუსეთი და საქართველო ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში ფეხბურთს ვგულისხმობ. თბილისში მუშაობდნენ მიხეილ იაკუშინი, გავრილ კაჩალინი... ბრწყინვალე ფეხბურთელები გყავდათ და ისინი მეგობრობდნენ რუს კოლეგებთან. რუსებს ნოსტალგია აქვთ იმ დროის და ვიცი, ასე არიან ქართველებიც. გვსურს, რომ ჩვენი ბავშვთა გუნდებიც შევახვედროთ ერთმანეთს”.
კითხვა დაისვა, რა შეხედულების არიან სოლოვიოვი და ფიფია გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარებაზე. ეს თემა ყოველდღიურად მუსირებს რუსულ პრესაში.
სოლოვიოვი: “მე მომხრე ვარ. ძველი გულშემატკივარი გახლავართ. ვიცი, რომ ქართულმა მხარემ პირველმა თქვა უარი. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრი ქომაგია, რომელსაც სურს გაერთიანებული ჩემპიონატის ხილვა. თბილისის “დინამოსთვის”, მგონი, უკეთესი იქნებოდა იგივე ჩვენთან თამაში, ვიდრე მხოლოდ ქართულ კლუბებთან. მჯერა, თბილისის “დინამოს” სტადიონი გაივსება ჩვენთან შეხვედრისას”.   
ფიფია: “ჩემს პოზიციაზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. ვიცი, რომ ევროპა მხარს არ უჭერს ამ იდეას, არც უკრაინა. ასე რომ, ალბათ, ეს პროექტი ვერ განხორციელდება. და თუ განხორციელდა, თბილისის “დინამო” უარს არ იტყოდა, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ძლიერ მეტოქეებთან ხშირ შეხვედრებს მოკლებულნი ვართ”.
სოლოვიოვმა არაერთხელ თქვა, რომ სურს, მოსკოვის “დინამო” და თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგაში შეხვდნენ ერთმანეთს.
კონსტანტინ ვიბორნოვი (მოსკოვის “დინამოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე): “ამ პროექტს ჰქვია “დინამო” საზღვრებს გარეშე”. ფაქტობრივად, 25 წელია, რაც ჩვენ ერთმანეთში არ გვითამაშია. ამიტომ გვსურს, რომ არა მხოლოდ უფროსები და ვეტერანები, არამედ ბავშვებიც შევახვედროთ ერთმანეთს. აპრილში თბილისში ჩამოვალთ ტურნირზე. მოსკოვისა და თბილისის “დინამოს” ძირითად გუნდებს შორის 96 მატჩია გამართული. გვსურს, რომ ეს რიცხვი 100-მდე ავიყვანოთ და სასიამოვნო იქნება, თუ ეს მე-100 მატჩი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩატარდება”.

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17503