სლოვენიური შეკრების უკანასკნელ, რიგით მეხუთე შეხვედრას თბილისის “დინამო” დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზე გამართავს. ქართული გუნდის მეტოქე პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გუნდი და გასულ ჩემპიონატში ექსტრაკლასას მერვეადგილოსანი ზაბჟეს “გურნიკი” იქნება.
1948 წელს დაარსებული გუნდი საშინაო მატჩებს 18 000-იან ერნესტ პოლის სახელობის სტადიონზე ატარებს. “გურნიკი” პოლონეთის 14-გზის ჩემპიონი, 6-გზის თასის მფლობელი და სუპერთასის გამარჯვებულია. ამ გუნდში პოლონური ფეხბურთის არაერთ ვარსკვლავს უასპარეზია: ერნესტ პოლი, ანჯეი შარმახი და ტომაშ ვალდოხი სხვადასხვა დროს იცავდნენ ზაბჟეს გუნდის ღირსებას.
სლოვენიურ შეკრებაზე “დინამოს” ბოლო მეტოქე თბილისელთა გასულ ოპონენტთან – ბულგარულ “ბეროესთან”, რომელსაც ჩვენმა გუნდმა 2: სძლია, 0:2 დამარცხდა.
მომავალი მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მის ტექსტურ ლაივს ტრადიციულად “დინამოს” ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.









