ფეხბურთი

15:38 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო”: ავსტრიული სპარინგი ძველ ნაცნობთან

ხუთშაბათს, 20 საათზე, ავსტრიული გარმიშ-პარტენკირხენის “გრებენშტადიონზე”, შეკრებაზე მყოფი თბილისის დინამოელები პირველ ტესტ-მატჩს გამართავან კიეველ თანაკლუბელებთან. ჩვენიანების შესახებ “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, მთავარი სიახლე ისაა, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობს გამოცდილი დათო კვირკველია, რომელმაც ბოლო სეზონი გორის “დილაში” გაატარა, ასევე ერთი საწყენი ფაქტიც: თბილისურ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და კლუბს დაემშვიდობა ესპანელი მიკელ ალვარო, რომელმაც შარშან კარგი სეზონი ჩაატარა და ჯამში 14 გოლი გაიტანა.

დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, დუშან უჰრინმა ავსტრიაში 25 ფეხბურთელი იახლა:

 გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, ლევან ტყეშელაშვილი

გივი კვარაცხელია, გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია, გიორგი სეთურიძე, დარკო გლიშიჩი, გიორგი გველესიანი, სანდრო გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე, უსტარიცი, გიორგი მიქაბერიძე, დავით ხურცილავა, ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია, პეტერ გრაიციარი, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ლექვთაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ჩისკო, ჯაბა დვალი, დავით ხოჭოლავა.

დინამოელები ავსტრიაში სავარაუდოდ 4 ამხანაგურ მატჩს გამართავენ:

20 ივნისი – “დინამო” (კიევი, უკრაინა)

23 ივნისი – “შახტარი” (დონეცკი, უკრაინა)

27 ივნისი – “კლუჟი” (რუმინეთი)

30 ივნისი – “კრასნოდარი” (რუსეთი)

კიევის დინამოელთა განსაკუთრებული წარდგენა ჩვენს მკითხველს ალბათ არ სჭირდება. საკმარისია ვთქვათ, რომ მათ საბჭოთა კავშირისა და უკრაინის ჩემპიონატები ყველაზე მეტჯერ (13-13) მოუგიათ და ევროპის თასების თასსაც ორჯერ (1975, 1986) დაეუფლნენ (1975-ში ევროპის სუპერთასიც მოიგეს). მათი ორი წარმომადგენელი: ოლეგ ბლოხინი (1975) და იგორ ბელანოვი (1986) ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებად აღიარეს. აქ შეიძლება ანდრეი შევჩენკოც ვახსენოთ, მართალია “ოქროს ბურთის” მიღებისას (2004) ის იტალიური “მილანის” ფეხბურთელი იყო, მაგრამ კიევის “დინამოს” აღზრდილია და შარშან კარიერაც ამ კლუბში დაამთავრა. 

ბოლო წლებში კიეველებს ნამდვილად არ ულხინთ. უკრაინაში ჰეგემონი აშკარად დონეცკის “შახტარია”, კიეველებმა ზედიზედ სამჯერ მე-2, წლეულს კი სულაც მე-3 ადგილი დაიკავეს, რაც მათ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას არ აძლევთ და მხოლოდ რანგით დაბალი ტურნირით უნდა დაკმაყოფილდნენ.

ზაფხულში მათი ყველაზე ხმაურიანი შენაძენი ჰოლანდიელი ჯერმეინ ლენსია, რომელის სანაცვლოდაც “დინამომ” პსვ-ს 9 მილიონი ევრო გადაუხადა. ახალწვეულის ხელფასი უკრაინულ კლუბში წელიწადში 2 მილიონი ევრო იქნება.

კიეველები უკვე მე-4 დღეა ავსტრიაში იმყოფებიან და მათი სპარინგ-კალენდარი ასეთია;

20 ივნისი (ავსტრია) – “დინამო” (თბილისი)

23 ივნისი (ავსტრია) – “მიუნხენ 1860” (გერმანია)

კიეველთა მთავარი მწვრთნელი ოლეგ ბლოხინი: “ყოველთვის ასე ხდება, როცა შეკრებაზე მივემგზავრებით, ამავე დროს აუცილებლად თამაშობს ეროვნული გუნდიც და ნახევარი შემადგენლობა ნაკრებს მიჰყვება ხოლმე. ჩვენთან კი 5-6 ფეხბურთელი რჩება. “შახტარს” და “მეტალისტს” ასეთი პრობლემა არ აწუხებთ, რადგან ნაკრებში ძალიან ცოტა მოთამაშეები ჰყავთ. აი, ახლაც რამდენიმე ფეხბურთელი 19 ივნისს შემოგვიერთდა, ზოგიც 21-ში დაგვემატება. ახალწვეულებზე კი ვერაფერს გეტყვით, რადგან მრავალ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვიღაცას ინგლისისკენ უჭირავს თვალი, ვიღაცას იტალიიკენ, ასეთ პირობებში როგორ ვიმუშაოთ? ისე კი, წლეულს ჩვენი მიზანი ქვეყნის ჩემპიონობის დაბრუნება იქნება.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114023