დღეს გაიმართა „დილას“ პირველი ტესტ-მატჩი თურქეთში, სადაც გორელები აზერბაიჯანის „სიმურგს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 3:3 დასრულდა. როგორც იცით, "სიმურგს" ქართველი გიორგი ჩიხრაძე წვრთნის და მისი გუნდი სეზონში მეოთხე პოციზიაზე გავიდა.
მატჩი ძირითადად გორელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, რასაც 37-ე წუთზე აზერბაიჯანელთა კარში თერთმეტმეტრიანი მოყვა. საჯარიმოში დოლიძის წაქცევის შემდეგ, პენალტი მოდებაძემ გოლად აქცია 1:0. პირველი ნახევარი გორელთა გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმში გორელთა შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. 54-ე წუთზე „დილას“ კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ჩვენმა მეტოქემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა 1:1. ამის შემდეგ გორელებს ერთ-ერთი შეტევისას კონტრშეტევა გაეპარათ და რევიშვილი ამ შემთხვევაში უძლური აღმოჩნდა 1:2.
„დილა“ უფრო ხშირად უტევდა და მომენტებსაც ქმნიდა. ერთ-ერთი შეტევის დროს 77-ე წუთზე ირაკლი მოდებაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაათანაბრა 2:2. შიდაქართლელები კვლავ უტევდნენ მეტოქეს და 84-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ალადაშვილმა გადაცემა გაუკეთა გურულს, რომელმაც თავით გუნდი კვლავ წინ გაიყვანა 3:2.
მატჩში თითქოს აღარაფერი უნდა მომხდარიყო, თუმცა მთავარმა არბიტრმა ძირითად დროს 9 წუთი დაამატა და ბოლო წუთზე მეტოქემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით კვლავ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და მატჩიც დასრულდა 3:3.
უნდა ითქვას, რომ გორელებმა ამ მატჩში ძალიან ბევრი მომენტი გაანიავეს.
მოდებაძეს კიდევ ჰქონდა რამოდენიმე შანსი გოლის გატანის, ასევე დოლიძე იყო მეკარესთან პირისპირ, თუმცა ვერც მან მოახერხა გოლის გატანა.
„დილა“ ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: რევიშვილი, ღონღაძე (ალადაშვილი 46), მამუკა კობახიძე, კვახაძე, თომაშვილი, გიორგი გურული, გვალია, ბოლქვაძე, დოლიძე (გაბარაევი 76), ილურიძე (გორელიშვილი 55), მოდებაძე (სადაღაშვილი 78).
„დილას“ პრესსამსახური







