ფეხბურთი

18:44 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” ნახევარფინალისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

 

საქართველოს თასის მეოთხედფინალურ შეხვედრას ქუთაისური და გორული საფეხბურთო გუნდები მკვეთრად შეცვლილი შემადგენლობებით შეხვდნენ. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანში ეს ცვლილებები გაძლიერების მიზნით მოხდა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება და ორთავენი ისევ უმაღლესი მიზნებისათვის იბრძოლებენ.

ზამთრის პირობაზე ჩინებული სათამაშო ამინდი ჰქონდათ იმერთა მთავარ ქალაქში სათასო პაექრობის მონაწილეებს. განსაკუთრებით სახეცვლილი გახლდათ ქუთაისის “ტორპედო”, რომლის თავკაცს რევაზ ძოძუაშვილს შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები ჰყავდა, რომელთაგან არცერთი არ ყოფილა კლუბის რიგებში გასულ სეზონში. რაც შეეხება გორელებს, ამ მხრივ საქმე მათ უკეთესად ჰქონდათ. მათ რიგებში გამოცდილი ფეხბურთელების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ზედიზედ ორჯერ რიონისპირელთა ფორვარდს ოთარ კვერნაძეს მიეცა კარში დარტყმის შანსი, მაგრამ მას ორივეჯერ მეტოქის მცველებმა არ მისცეს ამის საშუალება. ნელნელა გორელებმაც შეძლეს ბურთის “ გაგორება” და თამაშიც გათანაბრდა. თუ არ ჩავთვლით მოწინააღმდეგეთა მხრიდან სრულიად უწყინარ დარტყმებს, თამაშის დებიუტში სახეირო არაფერი მომხდარა. პირველი სახიფათო მომენტი სტუმართა კართან შეიქმნა, როდესაც მოედნის სიღრმიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ ლექვთაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. ირაკლიმ, რომელმაც მაღალ სისწრაფეზე მოახერხა მეურვის ჩამოტოვება საჯარიმოს ხაზიდან დაურტყა მასთან შესახვედრად გამოსულ “დილას” კიპერს. ქუთაისელთა ნახევარმცველის დარტყმა შეყრილაძეს კი აცდა, მაგრამ ტორპედოელთა სამწუხაროდ ბურთი გორელთა კარსაც აცდა. 23-ე წუთზე შეყრილაძეს თავისი ოსტატობის და შესაძლებლობების გამოვლენა სრულიად დაჭირდა, როდესაც სტანდარტულიდან ჩიკვილაძემ “დააქუხა” დაახლოებით 27 მეტრიდან. ბურთი მეტოქის კარის “ცხრიანისკენ” მიფრინავდა, მაგრამ გორელთა კარის დარაჯმა ლამაზ და ეფექტურ ნახტომში შეძლო სიტუაციის განმუხტვა.

ცოტა ხანში სტანდარტულის შესრულების საშუალება სტუმრებსაც მიეცათ, დარტყმა ვახტანგ კვარაცხელიამ ითავა. “დილას” ფორვარდის მცდელობა მცირედით არაზუსტი გამოდგა. მალევე,  ზედიზედ ორჯერ რაჟამაშვილი და კოშკაძე ურტყამდნენ სახიფათოდ მოწინააღმდეგის კარისკენ, მაგრამ მათ მცდელობას სიზუსტე აკლდა. გორელთა გააქტიურებას 36-ე წუთზე მათ მიერ გატანილი გოლიც მოჰყვა სტანდარტული სიტუაციიდან. ტრადიციულად საჯარიმო კოშკაძემ გაათამაშა და ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც აშკარად შეცდნენ “ტორპედოს” მცველები, რომლებიც ხელოვნული ოფსაიდის შექმნას ცდილობდნენ. მოცემულ სიტუაციაში გონივრულად გაისარჯა შიდაქართლელთა გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე, რომელმაც თავური დარტყმით შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ქუთაისელთა კარის დარაჯს როინ კვასხვაძეს, ფაქტობრივად საკუთარი კარის გადარჩენის შანსი ამ შემთხვევაში არ ჰქონია - 0:1.

აღმოსავლელებს დაწინაურებისთანავე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ჯერ სადაღაშვილმა ვერ შეძლო ზუსტად დარტმა, ხოლო მოგვიანებით კოშკაძე ურტყამდა მახვილი კუთხიდან, მაგრამ ბურთის კარისკენ წინსვლას ხელი როინ კვასხვაძემ შეუშალა. პირველ ტაიმში აღსანიშნავი ფაქტი გახლდათ ის, რომ მეტოქეთა თავკაცებმა 2-2 შეცვლა გამოიყენეს, რაც გარკვეულწილად იმის ნიშანი გახლავთ, რომ სოღოლაშვილიც და ძოძუაშვილიც ჯერჯერობით ძიების პროცესში არიან.

მეორე ტაიმის ისევ სტუმართა უპირატესობით განახლდა და კვარაცხელიას რაჟამაშვილის მიერ გაკეთებული შესანიშნავი პასი რომ გამოეყენებინა, გორელთა უპირატესობა უფრო სოლიდური გახდებოდა. “ტორპედოს” საპასუხო იერიში ამჯერადაც სტანდარტული სიტუაცია იყო, როდესაც ჩიკვილაძე ურტყამდა ძლიერად, მაგრამ ბურთი კედელში მყოფ ერთ-ერთ გორელს მოხვდა და სიტუაციაც განიმუხტა.

ამის შემდეგ თამაში მცირე ხნით მონოტონური და უინტერესო გახდა. 62-ე წუთზე დარტყმის კარგი საშუალება მიეცა ადამაძეს, რომელსაც მოწინააღმდეგის საჯარიმოში დრულად უპასა მამუკა ღონღაძემ. ქუთაისელთა ახალწვეულმა თავურით ცადა გატანა, მაგრამ შეყრილაძე ადგილზე დაუხვდა მის მცდელობას. ისე, ადამაძეს ფეხით რომ ეცადა დარტყმა, ალბათ უფრო კარგი იქნებოდა და შესაბამისად “დილას” კიპერსაც მეტი ჯაფა დაადგებოდა სიტუაციის განსამუხტავად.

 შეხვედრის დასკვნით ნაწილში ქუთათურებმა გააქტიურება და იერიშების მიტანა სცადეს მოწინააღმდეგის კართან, მაგრამ 83-ე წუთზე მათ საკუთარ კარში გოლი მიიღეს. საკუთარ ნახევარზე უხეში შეცდომა დაუშვა გამოცდილმა სევასტი თოდუამ, რომლის წყალობითაც კვასხვაძესთან პირისპირ კორღალიძე დარჩა. ლევანმა მდგომარეობა რეალურად შეაფასა, კარგად დაინახა მასთან პირისპირს შესახვედრად გამოსული მეკარე და მოჭრილი დარტყმით მეორედ შერხია ქუთაისელთა კარის ბადე – 0:2.  

ერთი შეხედვით მოვლენების ასეთ განვითარებას ქუთათურთა საბრძოლო სულისკვეთება უნდა გაეტეხა, მაგრამ თამაშის მიწურულს ჭედიას გადაცემის შემდეგ ოთარ კვერნაძემ მახვილი კუთხიდან მოახერხა გოლის გატანა და გორელთა უპირატესობის მინიმუმამდე დაყვანა – 1:2. არბიტრის მიერ დამატებულ დროში, მასპინძელთა მცდელობების მიუხედავად რაიმე რეალური ხიფათი მოწინააღმდეგის სტუმართა კართან აღარ შექმნილა.  

რამაზ სოღოლაშვილი (დილა”): “ძალიან საინტერესო და სანახაობრივი თამაში გამოვიდა. “ტორპედო” ახალი შეკრებილი გუნდია, თუმცა მწამს, რომ იგი მალე დაბრუნდება ქართული ფეხბურთის ლიდერებში. ჩემს ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო თავდადებული თამაშისათვის. ცვლილებების გაკეთება ტრამვების გამო მოგვიხდა, მაგრამ ბიჭებმა საკუთარ თავში ძალები გამონახეს და მნიშვნელოვანი მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს”. 

რევაზ ძოძუაშვილი (“ტორპედო”): “დღევანდელ თამაშს პასუხი უნდა გაეცა მთავარი კითხვისათვის - შეიძლება თუ არა ასე მოკლე ხანში გუნდის დაყენება. ვფიქრობ, მაყურებელმა დღეს გუნდი იხილა. მართალია, გვაქვს სერიოზული ხარვეზები, მაგრამ ჩვენ ამ შესაძლებლობებით მაქსიმუმს ვაკეთებთ და ამ მომენტისათვის მთავარ მიზანს, ადგილის შენარჩუნებას უმაღლეს ლიგაში მოვახერხებთ. მიმდინარე სეზონში მთავარი ამოცანა ეს იქნება, ხოლო მომდევნო წელს საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე უფრო მაღალ მიზნებს დავისახავთ ”.      

“ტორპედო” – “დილა” 1:2 (0:1)

22 თებერვალი. 14:00.  დავით ყიფიანის სახელობის თასის ¼ ფინალი.  ქუთაისი. “ცენტრალური”. 1000 მაყურებელი

“ტორპედო”: როინ კვასხვაძე, გელაშვილი, სავჩენკოსი, ადამაძე, თოდუა, ჩიკვილაძე, ელიავა (ჭედია, 67), მამასახლისი (ჩადუნელი, 45), ლექვთაძე (მარკოზაშვილი, 35), მამუკა ღონღაძე, კვერნაძე.

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

“დილა”: შეყრილაძე, კვახაძე, თომაშვილი (ქარქუზაშვილი, 80), ჯიშკარიანი, ორბელაძე, რაზმაძე, გურეშიძე, შალამბერიძე (სადაღაშვილი, 31, კორღალიძე, 42), რაჟამაშვილი, კოშკაძე, კვარაცხელია.

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოლოღაშვილი

გოლები: 0:1 კვახაძე (36), 0:2 კორღალიძე (83), 1:2 კვერნაძე (89).

გაფრთხილება: გურეშიძე (59), კვარაცხელია (77).

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)

 

ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან

0.117589