საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ჩემპიონატზე მედლების რვავე კომპლექტი გათამაშდა. გუშინ, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის მთავარი დარბაზის ტატამზე ბოლო ოთხი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გავიდნენ. თუკი ორდღიანი ტურნირის პირველი დღე თბილისის გუნდის წევრთათვის იყო ყველაზე წარმატებული, მეორე დღეს კონკურენტებზე მეტად იმერლებმა იყოჩაღეს. მედლების 4 კომპლექტიდან 2 ოქრო სწორედ მათ მოიპოვეს. ერთ წონაში კი სულაც, ისეთი რამ მოახერხეს, რაც ვერც ამ ჩემპიონატში შეძლო ვინმემ და საერთოდაც, ძალიან ძნელი გასახსენებელია.
იმერეთის რეგიონის გუნდის წარმომადგენლებმა +90 კილოგრამის კვარცხლბეკი მთლიანად შეავსეს. საქართველოს ჩემპიონი კარლო ნემსიწვერიძე გახდა, ვერცხლის მედალს რეზო არსენიძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოებს - გიორგი ლაზუაშვილი და გიორგი ჯინჯიხაძე.
73 კილოგრამში იმერეთის გუნდს ოქრო თამაზ ონიანმა მოუტანა. გადამწყვეტ ბრძოლაში მან შიდაქართლელი ილია ოქროპირიძეს აჯობა. მე-3 ადგილზე კი ზაურ მამარდაშვილი (კახეთი) და ზურაბ ყიფშიძე (თბილისი) გავიდნენ.
81-ში კახელი ილია ოტიაშვილი გაჩემპიონდა. ვერცხლის მედალი თბილისელ ლაშა ტაველურს ერგო. ასევე თბილისელმა ბეთქილ შავრეშიანმა ბრინჯაო ირგუნა, იმერელ გიორგი ჯიბლაძესთან ერთად.
ორ რეგიონზე გადანაწილდა მედლები 90 კილოგრამში. გიგა თაყაძემ და უშანგი გასიტაშვილმა შიდა ქართლს ოქრო-ვერცხლი მოუტანეს, ხოლო დავით ჩოქურმა და შალვა ჩოჩელმა მცხეთის გუნდის მონაგარი გაამდიდრეს თავისი წილი ბრინჯაოებით.
საქართველოს ჩემპიონატის შეჯამება ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ ჩოჩიშვილს ვთხოვეთ.
“საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი ჩემპიონატი გამოვიდა. რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა, არაერთი ახალი პერსპექტიული ძიუდოისტი გამოჩნდა. რამდენიმე ისეთი გვარ-სახელიც ჩავინიშნე, სამეულს მიღმა რომ დარჩნენ, მაგრამ სავარაუდოდ, ახალი ნაკრების დასაკომპლექტებლად შიდა კონკურენცია მხოლოდ ფინალისტებს შორის გაგრძელდება. ჩვენი ბიუჯეტი 2010 წელს 130 ათასი ლარით განისაზღვრა და ვინაიდან მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ჩემპიონატი არ ტარდება, მთლიანად ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაზე გავწერეთ ეს თანხა და სამწუხაროდ, მთლიანად სამეულებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ისღა დაგვრჩენია, მესამე ნომრები რეზერვში დავტოვოთ. შეკრებებსაც მათ გარეშე გავივლით და ევროპირველობამდე დარჩენილ ორ საერთაშორისო ტურნირზეც, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტები იჭიდავებენ. 20-21 მარტს ანთალიის “ევროპის თასზე” გამოვალთ, 24-26 აპრილს კი - ტეპლიცეში ჩასატარებელ ანალოგიურ შეჯიბრზე. ამ ტურნირებს შორის და შემდგომში, დუშეთის ბაზაზე გავივლით შეკრებებს. ევროპის ჩემპიონატი კი 25-27 ივნისს, პრაღაში გაიმართება” – განაცხადა ჩოჩიშვილმა.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
ჭაბუკები
თბილისი. 6 მარტი
73 კგ
1 თამაზ ონიანი (იმერეთი)
2 ილია ოქროპირიძე (შიდა ქართლი)
3 ზაურ მამარდაშვილი (კახეთი)
3 ზურაბ ყიფშიძე (თბილისი)
81 კგ
1 ილია ოტიაშვილი (კახეთი)
2 ლაშა ტაველური (თბილისი)
3 გიორგი ჯიბლაძე (იმერეთი)
3 ბეთქილ შავრეშიანი (თბილისი)
90 კგ
1 გიგა თაყაძე (შიდა ქართლი)
2 უშანგი გასიტაშვილი (შიდა ქართლი)
3 დავით ჩოქური (მცხეთა)
3 შალვა ჩოჩელი (მცხეთა)
+90 კგ
1 კარლო ნემსიწვერიძე (იმერეთი)
2 რეზო არსენიძე (იმერეთი)
3 გიორგი ლაზუაშვილი (იმერეთი)
3 გიორგი ჯინჯიხაძე (იმერეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







