ინტერვიუები

9:44 | 17.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დროგბა: "ფეხბურთით კმაყოფილების მიღება და მაყურებლის გახარება მსურს"

გუშინწინ ლონდონურმა “ჩელსიმ” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიპოვა და კლუბის ისტორიაში პირველად მოახერხა დუბლის შესრულება. კარლო ანჩელოტისთვის “სტემფორდ ბრიჯზე” მთავარმწვრთნელად მუშაობის პირველი წელი მართლაც მეტად წარმატებული გამოდგა, “არისტოკრატთა” ფეხბურთელთაგან კი ყველაზე წარმატებული სეზონი ჩელსელთა კოტ დივუარელმა ცენტრფორვარდმა დიდიე დროგბამ ჩაატარა. თავად განსაჯეთ, ჩემპიონობასა და თასის დაუფლებას მან ინდივიდუალური მიღწევებიც დაურთო – დროგბა გულშემატკივრებმა გუნდის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, დიდიე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა (“ჩელსის” რიგებში ჩატარებულ 44 მატჩში აფრიკელმა 37 გოლი გაიტანა, რაც საკლუბო რეკორდია), ჟურნალმა Time-მა კი იგი პლანეტის 100 ყველაზე  გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.
- გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა ფინალში “ჩელსის” იოლ გამარჯვებას ელოდა. საპირისპირო კი მოხდა...
- ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადამწყვეტ მატჩში ყო¬ველთვის ძალის სრული მობილიზებაა საჭირო წარმატების მისაღწევად. ეს მატჩის დაწყებამდეც მშვენივრად ვიცოდით და პრემიერლიგიდან დაქვეითებული “პორტსმუთის” წინააღმდეგ სათამაშოდ მთელი სერიოზულობით განვეწყვეთ. წესითა და რიგით, ანგარიში პირველ ტაიმში უნდა გაგვეხსნა, რაც ფსიქოლოგიურ ტვირთს მოგვიხსნიდა. უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგ არა მარტო მეტოქის ფეხბურთელები იყვნენ განწყობილნი, არამედ მათი კარის ხარიხაც (იცინის). რამდენჯერ აისხლიტა ჩვენს მიერ დარტყმული ბურთი მან. თუ დააკვირდით, როცა საჯარიმოდან გოლი გავიტანე, ბადეში გახვევამდე ბურთი ხარიხას მოხვდა, მაგრამ ამჯერდ ბურთი მინდორს არ დაბრუნებია და “სათანადო” ადგილი იპოვა. “ჩელსის” თამაშზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მშრალმა მინდორმაც. რატომღაც, “უემბლის” სამსახურებმა საასპარეზო მოედნის მორწყვაზე უარი განაცხადეს. ეს გადამწყვეტი დეტალი არაა, მაგრამ მაინც განსხვავებული პირობები შეგვიქმნა.
- დიდიე, აწ უკვე გასრულებული სეზონი თქვენთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა...
- გეთანხმებით. საამისო ფუნდამენტი კი როგორც მე, ასევე მთლიანად გუნდმა წინასასეზონო მზადებისას შექმნა. კარლო ანჩელოტის მეთაურობით ძალიან სერიოზულად მოვკიდეთ საქმეს ხელი, იტალიელმა სპეციალისტმა ჩვენს წვრთნას მეტი ხალისი და შემოქმედებითობა შესძინა, რამაც ჯერ კიდევ პრემიერლიგის სტარტის წინ გამაფიქრებინა, “ჩელსი” ბევრს რომ მიაღწევდა. კონკრეტულად დუბლზე არ ვფიქრობდი, თუმცა, საბოლოო წარმატების მწამდა. მოხარული ვარ, წინასასეზონო მოლოდინი და ოპტიმისტური განწყობა რომ ახდა – კლუბის ისტორიაში ხომ პირველად შევძელით ერთ სეზონში ჩემპიონობისა და ასოციაციის თასის მოგება. მშვენიერ გუნებაზე გახლავართ, რაც სამხრეთ აფრიკის მუნდიალისთვის სათანადოდ მომზადებაში დამეხმარება.
- წელს თქვენგან ბევრს ელოდნენ და შედეგიანი, მოწინააღმდეგის კარის სიახლოვეს მწვავე თამაშით “ჩელსის” გულშემატკივართა იმედი გაამართლეთ...
- მინდორზე ყოველთვის საბრძოლო სულისკვეთებით გავდივარ. სხვა შემთხვევაში, ჩემს თამაშს აზრი დაეკარგებოდა. ამასთან, ფეხბურთით კმაყოფილების მიღება და მაყურებლის გახარება მსურს. ჩემი უპირველესი ამოცანა მეტოქეთა კარის დალაშქვრაა და მოხარული ვარ, გასულ სეზონში ეს ამოცანა წარმატებით რომ გადავჭერი. თუ გახსოვთ, წინა ჩემპიონატის ძალიან დიდი ნაწილი ტრავმების გამო გამოვტოვე. ფორმა სრულად აღვიდგინე, თამაშს მოწყურებული გახლდით და სეზონის ფინიშზე ისეთი მქონდა, ყველაფრის თავიდან დაწყების შემთხვევაში, მთელ სასეზონო დისტანციას ასევე ერთი ამოსუნთქვით, მაღალი შედეგიანობით რომ ჩავატარებდი.  
- გადამწყვეტ მატჩებში “ჩელსის” ლიდერის ფუნქციები იტვირთეთ და მაღალ დონეზეც იასპარეზეთ. ამას “ენფილდზე”, “ემირეიტსზე”, “ოლდ ტრაფორდსა” და “უემბლიზე” გატანილი გოლებიც მოწმობენ...
- “სტემფორდ ბრიჯზეც” რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. საერთოდაც, როდესაც პრინციპული შეხვედრის ჩასატარებლად მინდორზე გავდივარ, ყოველთვის განსაკუთრებულად მოტივირებული ვარ. ძალიან მიყვარს “დიდ მატჩებში” თამაში და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და წარმოჩენა.  ისე კი, მაქსიმალურად კონცენტრირებული ნებისმიერი, თუნდაც ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩის დროსაც გახლავართ.
- გაზეთებში დაიწერა, ჟოზე მოურინიოს მადრიდის “რეალის” მთავარმწვრთნელობა შესთავაზეს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლის ერთ-ერთ პირობად კლუბის მიერ თქვენი შეძენა წამოაყენა...
- საფეხბურთო კარიერას ლონდონის “ჩელსიში” დავასრულებ.
- თქვენი პასუხი “არისტოკრატთა” ქომაგებს გაახარებს. გასულ სეზონში ჯიმი გრივზის შედეგიანობის საკლუბო რეკორდი გააუმჯობესეთ. კიდევ რაიმე პირად მიღწევას ხომ არ უმიზნებთ?
- როდესაც “სტემფორდ ბრიჯზე” მოვედი, აქაურ გულშემატკივართაგან ყველაზე ხშირად გრივზისა და პიტერ ოსგუდის სახელები მესმოდა. მოგვიანებით მათი ასპარეზობის ჩანაწერებიც ვნახე და ეს წყვილი ჩემთვის სამაგალითო გახდა. ვფიქრობ, “ჩელსის” ლეგენდარული მოთამაშეების მიერ დაწყებულ საქმეს ღირსეულად ვაგრძელებ. გოლები გამაქვს, რაც გუნდს ახალ-ახალი ტიტულების დაუფლებაში ეხმარება. ცხადია, ნებისმიერი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტი უპირველესად შედეგიანობით იზომება, თუმცა ჩემთვის ბურთის გატანა თვითმიზანი არაა. არანაკლებ ბედნიერი ვარ, როცა პარტნიორი საგოლე პოზიციაზე გამყავს. გასული სეზონის მსვლელობისას ეს არაერთხელ გავაკეთე და გარწმუნებთ, გოლის ავტორზე ნაკლებად არ მიხაროდა მეტოქის კარის აღება.
- განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თქვენს მიერ “სტოკ სიტის” კარში გატანილი გოლი. შედეგიანი დარტყმა ბურთზე ბუცის გარე ნაწილის წაკვრით შეასრულეთ, მეკარე დააბნიეთ, მაყურებელი კი აღტაცებაში მოიყვანეთ...
- ბურთის “წაკვრა” ახსენეთ. თქვენი სიტყვებიდან გამოდის, თითქოს ეს დარტყმა იოლად შესასრულებელი იყო, არადა, იმ შესრულების დახვეწას ვარჯიშზე დიდი დრო და ენერგია შევალიე. საკუთარ თამაშში სიახლეების დანერგვა მიყვარს. საამისოდ ბევრს ვშრომობ და აქედან გამომდინარე, მინდორზე საასპარეზოდ გასული თავსაც დამაჯერებლად ვგრძნობ.  
- გასულ სეზონში ძალიან ბევრს მიაღწიეთ. შეუძლებელია, ამან ამაღლებულ ხასიათზე არ დაგაყენოთ...
- განსაკუთრებით ის ფაქტი მახარებს, “ჩელსის” საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა რომ დამასახელეს. ეს კი გუნდის მიერ ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონის ფონზე მოხდა. გასული აგვისტოდან მოყოლებული ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზეს ლამპარდმა, მალუდამ, ივანოვიჩმა, ასე რომ, ჩემი საუკეთესოდ აღიარება ორმაგად სასიხარულო და საამაყოა.
- თიმე-მა პლანეტის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეგიყვანათ. არ გაგიკვირდათ?
- უპირველესად გამიხარდა. ისე კი, ფეხბურთი უდიდესი სოციალური მოვლენაა და თუკი ამ სფეროში წარმატებით მომუშავე ხალხს საზოგადოებაში გავლენა და ავტორიტეტი ექნება, არავის უნდა გაუკვირდეს. მე კი ბედნიერი ვარ, არა მარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ ადამიანური და პიროვნული თვისებებით რომ გამომარჩიეს.
- თქვენს მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდისა და საავადმყოფოს დახმარებას, ალბათ, შემდგომშიც განაგრძობთ...
- რასაკვირველია. საავადმყოფოს აშენება საკმარისი არაა, მისი ფუნქციონირებისთვის რეგულარული ფულადი დახმარებაა აუცილებელი. ფონდისა და ჰოსპიტალისთვის დამატებითი სახსრების მოძიებას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე შევუდგებით.
- მართალია, თითქოს ფლორან მალუდასთან ერთად მუსი-კალური ანსამბლის ჩამოყალიბებას აპირებთ?
- ამაზე სერიოზულად საუბარი არ ღირს. უბრალოდ, მეგობრები მოცალეობის ჟამს სხვადასხვანაირად ვერთობით. რომელი პროფესიონალი მუსიკოსები ჩვენ ვართ, ჯგუფი რომ დავაარსოთ.

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094541