ძიუდო

0:26 | 23.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

დიდი სლემი ქართველების გარეშე გაიხსნა

რიო დე ჟანეიროში ძიუდოში ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტურნირი “დიდი სლემი” მიმდინარეობს. ორდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა პირველ-სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, მაგრამ ტატამზე არც ერთი ქართველი გასულა. საქართველოს ნაკრები რიოში 3-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა და სამივე ძიუდოისტი კვირას, 23 მაისს მოირგებს კიმონოს.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სანაკრებო განაცხადში დაბრუნებული დავით ქევხიშვილი, ამჯერად, ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 81 კილოგრამში მოირგებს კიმონოს. იგი პირველსავე წრეში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, რუს სირაჟუდინ მაგომედოვს დაუპირისპირდება. იმავე ბადეში მოხვდა გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი ოლე ბიშოფიც.
90 კილოგრამში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი კენჭისყრამ პირდაპირ მე-2 წრეში განთესა, სადაც არგენტინელ დიეგო როსატისა და ამერიკელ აარონ კოენს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. ნახევარფინალამდე გასვლის შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, ჯარჯი ზვიადაურს ან რუს კირილ დენისოვს შეხვდება.
ლევან ჟორჟოლიანის (100 კგ) პირველი მეტოქე მექსიკელი სერხიო გარსია იქნება. ამ წყვილში გამარჯვებულს იაპონელი კაიჰან ტაკაგი ელის, ფინალამდე იკვეთება ქართველისა და ამ წონის მსოფლიო რეიტინგის ლიდერის, იაპონელი ტაკამასა ანაის გზებიც.
ბრაზილიური “დიდ სლემის” ჩემპიონები, ოქროს მედალთან ერთად, ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგისთვის 300 ქულას მიიღებენ, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები კი, შესაბამისად, 180 და 120 ქულას.
ოთარ მაღლაკელიძე

0.086253