ფეხბურთი

19:19 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიდი რივალდო წავიდა!

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ კარიერა დაასრულა. ვიტორ ბორბა ფერეირა 19 აპრილს 42 წლისა გახდება და გადაწყვიტა, რომ უკვე დრო იყო... ბოლო თვეებში ის “მოჟი მირიმის” მოთამაშე-პრეზიდენტი გახლდათ, მაგრამ მისი ბრწყინვალე კარიერის ფონზე, “მოჟი მირიმი”, აბა, რა მოსატანია.

“ცრემლებით ვემშვიდობები საყვარელ საქმიანობას. უპირველესად, მადლობას ვუხდი ღმერთს. ასევე, მადლიერი ვარ ოჯახის. რომ არა ჩემი უახლოესი ადამიანების თანადგომა, 24 წლის განმავლობაში ნამდვილად ვერ ვითამაშებდი. დღეს ყველა ჩემს ქომაგს ვეუბნები, რომ ფეხბურთიდან მივდივარ. ჩემს კარიერაში იყო პრობლემები, ტრავმები, ჩავარდნები, გაწბილებები, მაგრამ გაცილებით მეტი იყო სიხარული. ცხოვრებაში ბევრი ტიტული მოვიგე, მათ შორის, უდიდესი ტიტულები” – განაცხადა რივალდომ.

მსოფლიოს ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, უეფას სუპერთასის მფლობელი, ბრაზილიის ჩემპიონი, ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი, საბერძნეთის სამგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი, უზბეკეთის სამგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი, კონფედერაციის თასის გამარჯვებული, კოპა ამერიკის გამარჯვებული და ამას დამატებული ბევრი ინდივიდუალური ტიტული, რომელთაგან გამორჩეულად უნდა ვთქვათ 1999 წლის ოქროს ბურთის მოპოვებაზე. რივალდო ორი მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – 1998, 2002.

კარიერის პიკი, ყველამ იცის, “ბარსელონაში” ჰქონდა. გემახსოვრებათ, რა ფეხბურთელები ჰყავდა “ბარსას” და მათ ფონზეც კი, რივალდო გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ. ლიდერი კიდევ ის სიტყვა არაა – გუნდის ყველაფერი იყო...

რად ღირს თუნდაც ესპანურ გაზეთებში გამოქვეყნებული სახალისო ფოტოები – რივალდოს ტომარა მიაქვს და ამ ტომარას “ბარსელონა” აწერია.

რივალდო ცენტრფორვარდი არ გახლდათ, მაგრამ ცოტა თუ დაუდგებოდა გვერდში ბომბარდირული თვისებებით. რამდენჯერ გაუკეთებია ჰეთ-თრიქი და თან, როგორ გუნდებთან.

ამჟამად, “მოჟი მირიმში” მისი შვილი თამაშობს – დიდმა რივალდომ და 18 წლის რივალდო-უმცროსმა ერთად ითამაშეს კიდეც ბრაზილიის სან-პაულუს შტატის მატჩში.    

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132695