ფეხბურთი

22:41 | 14.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიდი მზადება ალბასეტეში: ხვალ ესპანეთი-საქართველოა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს ანდრეს ინიესტას მშობლიურ ქალაქში ჩაატარებს. ფეხბურთელი, რომელსაც უკვე თითქმის 100-მდე მატჩი აქვს ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამართული (91 მატჩი), ალბასეტეს მთავარ სიმბოლოდ ითვლება.

მისი სახელი არამხოლოდ ჯანსაღ ცხოვრებასთან, არამედ მხარის საუკეთესო ღვინოებთანაა დაკავშირებული. სწორედ, 29 წლის ფეხბურთელის სახელობის მოედანზე ემზადება საქართველო 9 ოქტომბრიდან. გუშინ, გუნდმა აღნიშნულ სარბიელზე ბოლოჯერ ივარჯიშა.

თემურ ქეცბაიას მიერ დასახელებული შემადგენლობა ბოლო ორი კვირის მანძილზე არაერთხელ შეიცვალა. დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარდა, ნაკრებს ტრავმების გამო კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა.

ყველაზე ბოლოს ესპანეთში შოთა გრიგალაშვილი ჩავიდა, რომელსაც ალბასეტეში ჩამოსვლის პარალელურად, შვილი შეეძინა. გუნდმა სრული, 22-კაციანი შემადგელობით ვარჯიში მხოლოდ გუშინ მოახერხა. ყველა ფეხბურთელი სრული მონდომებით ემზადება.

სასტარტო შემადგენლობის რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის გამო, ყველა საკუთარი შანსის მოლოდინშია. მათ შორის, დებიუტანტებიც და ის ფეხბურთელებიც, რომლებიც ნაკრებში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაბრუნდნენ.

ესპანეთის ნაკრები ხვალინდელი შეხვედრისთვის მადრიდში მოემზადა. ბელარუსთან მატჩის შემდეგ გუნდი პირდაპირ მადრიდში ჩავიდა, ალბასეტეში კი, “ფურია როხამ“ პირველ ვარჯიში დღეს, საქართველოს ნაკრების ვარჯიშის კვალად ჩაატარა.

ალბასეტეში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონების ჩასვლას თან დიდი მოლოდინი ახლავს. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა ქალაქში მცხოვრებ ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი საჩუქარი მოუმზადეს. ბოლო წლების განმავლობაში ესპანეთის ნაკრების მიერ მოპოვებულ თასები ჩამოიტანეს და სწორედ, იმ სასტუმროს წინ “გამოფინეს”, სადაც ფეხბურთელები ცხოვრობენ.

15 ოქტომბერს, ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა სეგუნდადივიზიონის B ზონაში მოასპარეზე კლუბის მოედანზე, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

 

სფფ-ის პრესსამსახური

0.103064