საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სოსო ლიპარტელიანი მომავალ შაბათ-კვირას, პარიზის დიდ სლემზე 9-კაციან შემადგენლობას ჩაიყვანს. 60, 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში, საფრანგეთში ქართული დროშის ქვეშ ორ-ორი ძიუდოისტი იჭიდავებს, 66 კილოგრამში კი, სატურნირო ბადე ქართველების გარეშე შეივსება.
თბილისის მსოფლიოს თასზე ნაჭიდავებ შეგირდთაგან, სოსო ლიპარტელიანმა ფრანგულ განაცხადში მხოლოდ სამი შეიყვანა: ბეთქილ შუკვანი (60 კგ), თენგიზ პაპოშვილი (73 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ). შეგახსენებთ, სპორტის სასახლეში სამივე ძიუდოსიტი სამეულს მიღმა დარჩა.
საქართველოს ნაკრებს პარიზულ ტატამზე დაუბრუნდებიან ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ლევან წიკლაური (81 კგ), რომელთაც ტრავმის გამო, შარშან, ნოემბერში გამართული საქართველოს ჩემპიონატი გაუცდათ და შესაბამისად, მსოფლიოს თასის განაცხადს მიღმაც დარჩნენ. ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) შედარებით მოკლე პაუზის შემდეგ მოირგებს კიმონოს – შიდა კონკურენციაში კი გაჩემპიონდა, მაგრამ ბოლოხანს წელის ტკივილი აწუხებდა და მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, საფრანგეთამდე აღარ დაეტვირთათ.
დიდ სლემზე ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ლაშა ზურაბიანი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანიც (90 კგ) იჭიდავებენ. თბილისური ტურნირი ამ სამეულმაც საქართველოს პირველობაზე უმედლოდ დარჩენის გამო გამოტოვა.
ოთარ მაღლაკელიძე







