ფეხბურთი

11:40 | 11.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

დღეს საქართველოს ნაკრებს ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში

მესამე დღეა, თბილისში მორიგი საფეხბურთო ისტერიის მომსწრენი ვართ. ერთნი ესპანელებს ეთაყვანებიან და მათ დანახვაზე ლამის ჭკუა დაკარგონ, მეორენი ამათ მამულიშვილობას უწუნებენ, ემუქრებიან და ანგარიშსწორებას ჰპირდებიან. სხვადასხვა ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელებში ნამდვილი ვირტუალური ომი გაჩაღდა. ადამიანები ერთმანეთზე იმდენ ბოღმას ანთხევენ, რომ გადავწყვიტე, ჩემი მოკრძალებული აზრი გამეზიარებინა მკითხველისთვის.
ცხადია, არავის მოსწონს, როცა შენი თანამემამულე საქართველოს ნაკრების თამაშზე მოწინააღმდეგის ფორმას ჩაიცვამს და სხვა ერის შვილებს უქომაგებს. მაგრამ არა გვგონია, დღეს ვინმემ სტუმრებს ღიად უქომაგოს. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ამდენად, “ვირტუალური ვაჟკაცების” აგრესია ცოტა უცნაურია. ჩვენ, ზოგადად, ყველაფრის შავ-თეთრად დაყოფა გვჩვევია და საკითხს ხშირად ძალიან ზედაპირულად ვუცქერით. ვიღაცა პატრიოტია, ვიღაცა მოღალატე – ამის იქით აღარ ვიყურებით. ისიც ფაქტია, რომ ქართველებს კერპების შექმნის განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს. ამ 25 წლის განმავლობაში თითქმის არაფერი შეცვლილა. ანუ ყველა შემთხვევაში ემოცია ჭარბობს გონიერებას. და რადგან ფეხბურთიც დიდი ხანია სოციალური ფენომენია, ეს მავნე ჩვევები იქაც იჩენს თავს. აბა ცოტა ხნით დავუკვირდეთ, ვინ არიან ის ხალხი, ვინც ამ შემთხვევაში ესპანეთის ქომაგობას აპირებს, აკი, ამას წინათ თქვა კიდეც ჩვენების დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ: დარწმუნებული ვარ, 11-ში სტადიონი გაივსება, მაგრამ უმრავლესობა ესპანელების სანახავად მოვაო. მათი დიდი უმრავლესობა ახალგაზრდები და მოზარდები არიან, რომელთაც ჯერ კარგად ვერ გაუთავისებიათ, რა არის სამშობლო და პატრიოტიზმი. “ციფრული ეპოქის” შვილები არიან. მათ არ უნახავთ ძველი “დინამო”, ის ჯიგრიანი ატმოსფერო რაც მაშინ სტადიონზე სუფევდა, ღირსების ის შეგრძნება, რაც მაშინ რუსული გუნდების დამარცხების შემდეგ გვეუფლებოდა ხოლმე. მაშინ ეს ეროვნულობის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება იყო. ასე ვფიქრობდით. მერე დრო შეიცვალა, ჩვენი ფეხბურთი უკან-უკან წავიდა (თუ რატომ, ეს სხვა თემაა), ჩვენ თუ ვეებერთელა ანტენებით ევროთასების მატჩების საყურებლად პანტიანში გავრბოდით, ახლა გაჩნდა ათასგვარი საკაბელოები, თეფშები, მობილურები და რაც მთავარია, ჯადოსნური ინტერნეტი, სადაც ფეხბურთის გარდა სხვაც უამრავი საინტერესო რამაა. იქ ფანტასტიკური სამყაროა, ყველაფერი ფერადი და ლამაზია. ადამიანებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გმირი სჭირდებათ. ყველა დროს თავისი გმირი ჰყავს და დღეს მათი გმირები ტორესები და კასილიასები არიან - გამარჯვებული და წარმატებული ადამიანები. მერე დრო გავა, ზოგს დაავიწყდება ისინი, ზოგსაც ცხოვრების ბოლომდე შემორჩება ბალიშის ქვეშ მათი ფოტოები. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ზოგადად პატარა ქვეყნების წარმომადგენლებს სჩვევიათ სხვისი გაიდეალება, რადგან თავის გარშემო მისაბაძს ვერავის ხედავენ. ამათ ერთთავად ერთმანეთის ლანძღვა-გინება ესმით და ვეღარ გაურკვევიათ, რა ხდება, თუკი ქართველები ერთმანეთს ასე უპირისპირდებიან, მაშინ ნაკრები ვისია? უფრო კომფორტულია, აირჩიო ვიღაც წარმატებული, სიმპათიური უცხოელი და ოცნებაში შენიანად დაიგულო. და როცა შენი ღმერთის ცოცხლად ნახვის და ეგებ შეხების შანსიც გიჩნდება, იქ გონება იბინდება და ადგილს ემოციას უთმობს. აბა ვნახოთ, ვინ არის იმ “მოღალატეების” უმრავლესობა, ვინც დღეს “ესპანეთის საქომაგოდ” მივა – მოზარდი, ტუტრუცანა გოგოები. ხვალ ისინი მშობლები გახდებიან და შვილებს საქართველოს სიყვარულს ასწავლიან, რადგან მიხვდებიან, რომ საქართველო და ქართველები ჩვენთვის ჩაბი ალონსოებზე ასიათასჯერ ძვირფასები არიან. ზოგი ამასაც ვერ მიხვდება და უცხოეთში წავა საცხოვრებლად და როცა მეორე დღესვე თავისიანების ნოსტალგია შეაწუხებს, მერეღა გაითავისებს სინამდვილეს. მეორეც, ეს ადამიანები გარკვეულწილად მეამბოხეები მგონია. ეს თავისებური პროტესტია ჩვენი სინამდვილის წინააღმდეგ. ერთგვარი მოდაა.
კიდევ გავიმეორებ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ნაკრების თამაშზე “გაესპანელებული” თანამემამულეების ხილვა. მაგრამ ეს მთელი საზოგადოების პრობლემა უფროა, ვიდრე ცალკეული მოზარდების. ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს გულშემატკივრობის კულტურა. ალბათ ამასაც დრო მოიტანს. მისაბაძები ვერ გავხდით ახალგაზრდებისთვის. სანთლით რომ ეძებო, საქართველოს ნაკრების მაისურას ვერ იშოვი, მაშინ როცა სხვა გუნდების ფორმების ჩინურ ასლებს მიაქვს ყველაფერი. სტადიონთან სახელდახელოდ დადგმულ ბურთის ფორმის ფარდულებში მხოლოდ შარფები, კეპები და რაღაც ცილინდრის მსგავსი აქსესუარები იყიდება. ფასი 10-20 ლარი. მგონი ძვირია.
1997 წელს, ლეგენდარულ “უემბლიზე” ინგლის-საქართველოს შესარჩევ მატჩს დავესწარი. მანამდეც და შემდეგაც, არაერთ სტადიონზე ვყოფილვარ, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს. ეს იყო ნამდვილი სპექტაკლი, ათიათასობით ადამიანის თეატრი, საოცრება, რომელიც 90 წუთი არ გაჩერებულა. მათი გადმოსახედიდან, საქართველოს ნაკრები ალბათ ფავორიტად ვერ ჩაითვლებოდა, მაგრამ ისე ქომაგობდნენ, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო. ამ ყველაფრის თანამონაწილე იქაური მოზარდები და ბავშვებიც იყვნენ და არა მგონია, მათ ოდესმე სხვა ქვეყნის გუნდის მაისურის ჩაცმა მოუნდეთ. მათ უკვე ადრეული ასაკიდან სისხლში აქვთ გამჯდარი, რომ ნაკრები მათია, ისინი ერთი ორგანიზმივით, ერთი ოჯახის წევრებივით არიან და ამიტომაა, რომ შედეგი მეორეხარისხოვანია. მთავარია გვერდში დოგმა, “ჩვენიანობა”. თორემ მოგება-წაგება ძმები არიანო, ნათქვამია.
ასე რომ, ერთმანეთის ლანძღვას მოვეშვათ და დღეს ყველამ ჩვენს ეროვნულ გუნდს ვუქომაგოთ. ერთხელ ინგლისელთა მწვრთნელმა ტერი ვენეიბლზმა თქვა: საქართველო ის გუნდია, ზოგჯერ სასწაულს რომ ახდენსო და ეგებ ამ საღამოს გავხდეთ ამ სასწაულის მხილველნი და თანამონაწილენი. “გაესპანელებულებს” კი ვთხოვდი, ეს ვიდეო ნახონ: აქ ირლანდიელი ქომაგები ევრო 2012-ზე სწორედ ესპანეთთან 0:4 წაგებული თამაშის შემდეგ თავისი ნაკრების ფეხბურთელებს სიმღერით აცილებენ.

 

სოლომონ გულისაშვილი
 

 

http://www.youtube.com/watch?v=vemnEAuaKfg&feature=related
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098303