აშშ-ის ღია პირველობის 2009 წლის გათამაშების ჩემპიონი, სადღეისოდ მსოფლიოს კლასიფიკაციაში მეთერთმეტე ადგილზე მყოფი არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარია და პლანეტის უძლიერეს მოთამაშედ თანამემამულე ლეო მესის თვლის. არგენტინის ნაკრებთან ერთად დევისის თასის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ (ამ ეტაპზე პატაგონიელები ჩეხეთს დაუპირისპირდებიან), „დელპოს“ ბრაზილიელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და ჩოგბურთელმა მათ თავისი საფეხბურთო გემოვნება გაუმხილა: „ვგიჟდები ფეხბურთზე, განსაკუთრებით კი „ბოკა ხუნიორსის“ თამაში მხიბლავს. ამ გუნდის ერთგული ქომაგი ვარ. მომწონს ბრაზილიური ფეხბურთიც. ამ ქვეყნის მოთამაშეებიდან ნეიმარს გამოვარჩევ. იგი საფეხბურთო ტალანტითაა დაჯილდოებული და მატჩის დროს შოუს მოწყობა შეუძლია. ამასთან, ნეიმარის პოტენციალი ბოლომდე გახსნილი არაა და მას მეტის მიღწევა ხელეწიფება. საუკეთესო ფეხბურთელად კი ლეო მესის ვთვლი. ჩვენი ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვარსკვლავი საფეხბურთო ტექნიკითა და აზროვნებით გაცილებით წინაა წასული, ვიდრე პლანეტის ნებისმიერი სხვა მოთამაშე“.







