ინტერვიუები

0:22 | 5.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით უგრელიძე: “ქართულ ფეხბურთში ნამდვილი ფეხბურთის დრო უნდა დადგეს”

ლანჩხუთის “გურიასა” და თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი, 48 წლის დავით უგრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აუცილებლად უნდა გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები, რათა აღსდგეს სამართლიანობა. უგრელიძე ის ფეხბურთელია, რომელიც “გურიაში” თამაშისას, გუნდის სხვა ფეხბურთელებთან ერთად ემხრობოდა ქართული ფეხბურთის საბჭოეთიდან გამოყოფას და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას.  
უგრელიძე ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” სპორტის თემატიკური ჯგუფის წევრი გახლავთ. “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში, მან იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ესახება ცვლილებები ქართულ ფეხბურთში:
-    უპირველესად, პოლიტიკაში ფეხბურთელების მოსვლაზე ვიტყვი, კახა კალაძესა და ლანჩხუთის რაიონში გამარჯვებულ თემურ ჩხაიძეზე. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ პარლამენტში – მაღალზნეობრივები და პატიოსნები. მათთან ერთად არიან ეკონომისტები და იურისტები. კანონებს სპორტსმენები არ იღებენ. როგორც “ქართული ოცნების” სპორტის თემატიკური ჯგუფის წევრმა, ფეხბურთის ფედერაციის მოღვაწეობას გადავავლე თვალი და კარგად ჩანს, რომ საკანონმდებლო ბაზა არა აქვთ ისეთი, რომ უცხოელი ინვესტორი აქ მოსვლით დაინტერესდეს. ამ მხრივ, კახა კალაძე და თემურ ჩხაიძე კარგი ლობისტები იქნებიან. ისინი ფეხბურთის საკეთილდღეო საკითხებს წამოჭრიან. იქნება სპორტული კომისია, რომელიც მთლიანობაში მიიღებს გადაწყვეტილებებს. დღეს, არასწორი პრიორიტეტებია ფეხბურთის ფედერაციის მხრიდანაც.
-    ფედერაციის მიერ არასწორად აღებულ კურსზე, უფრო დაწვრილებით გვეტყვით?
-    პრიორიტეტებია არასწორი. სფფ-ს მთელი აქცენტი გადატანილი აქვს ეროვნულ ნაკრებზე. რამდენი რჩევა მივეცით, რომ ასე არ შეიძლება მიდგომა. თავადაც აღიარებენ, რომ ბავშვთა ფეხბურთში ცუდადაა საქმე. სად ვარჯიშობენ ბავშვები, არავითარი პირობები არაა. ჭაბუკთა ლიგის ერთ თამაშში მარტო ერთი მსაჯი იყო, თითქოს გვერდითები საჭირო არაა. ასეა მიფუჩეჩებული. ამასთან, მთელი ყურადღება ხელოვნურსაფარიან მინდვრებზეა. ბუნებრივს რომ ვხედავ, უკვე მიხარია. უმთავრესი საკითხი გადასახადებია. რომ ამბობენ, რეგიონებიდან ბავშვები არ მოდიანო, ვისი ბრალია? მიზერულია რეგიონებში ფეხბურთის განვითარებაზე დაფინანსება.
-    ამასწინათ 17-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ მითხრა, ნიჭიერ ჭაბუკებს მთელ საქართველოში ვეძებდით და ამხელა ქუთაისში, თითქმის საერთოდ ვერ ვნახეთო. მიზეზი კი ისაა, რომ იქ, საფეხბურთო სკოლები წესიერად არ ფუნქციონირებდაო. ახლა შეცვლილია ქუთაისში ვითარება, მაგრამ რამდენი წელიწადი დაიკარგა...
-    საქმეც ამაშია. არადა, გავიხსენოთ, რამდენი ფეხბურთელი ჰყავდა ხოლმე “დინამოს” ქუთაისიდან. თუ რაიონში ფეხბურთს დაფინანსება არ ექნება, როგორ უნდა განვითარდეს იქ ბავშვი. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს უნდა წარვუდგინოთ პროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა რაიონში უნდა იყოს მუნიციპალური სკოლები. უფასო, რათა გაჭირვებულ ბავშვებს შვება ჰქონდეთ. თქვენც ხომ იცით, რამდენმა ბავშვმა დაანება ფეხბურთს თავი იმის გამო, რომ მის მშობელს თანხის გადახდა არ შეეძლო. ფედერაციაში კი სულ სხვა პრიორიტეტებია: დააკვირდით, ეროვნული ნაკრები როცა მოიგებს, მაშინვე ჩნდება ილუზია, თითქოს, ქართულ ფეხბურთში ყველაფერი კარგადაა. რაში სჭირდება ნაკრებს ძვირადღირებული მწვრთნელი, როცა საძირკველი არ არსებობს? არ სჯობს, შენება საძირკვლიდან დავიწყოთ?
-    გასაგებია. ამის განხორციელება, წესით, წლების წინ უნდა დაწყებულიყო. იმედია, ამჯერად უკვე იქნება ეს ბიზნესგარემო ფეხბურთში, თუმცა ამის განხორციელება იოლი არაა.     
-    ფეხბურთი ყველგან ბიზნესია და ინვესტორებს იზიდავს, ჩვენთან კი ასე არაა. ბაზრის ენაზე რომ ვთქვათ, ცუდ ხილს ხომ არავინ იყიდის. ინვესტორი რომ დაინტერესდეს, მაყურებელი უნდა დადიოდეს. და რატომ არ დადის? ერთ-ერთი მიზეზი ჩაწყობილი თამაშებია. რატომ საუბრობდნენ ჯერ კიდევ 4 თვით ადრე, “დილა” თასს აიღებსო? ილია კოკაიამ რომ თქვა, “მერანი”-“მეტალურგი” ჩაწყობილი იყო და ფაქტებიც მაქვსო, რატომ ბოლომდე არ მიჰყვნენ და არ დაინტერესდნენ? ზვიად სიჭინავამ განაცხადა, გარიგებულ თამაშებს ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთო და შარშან ფეხბურთელებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ მერე მოუხსნეს. თუ დისკვალიფიკაციას უხსნი, სადღაა ბრძოლა? არსებობს სერიოზული საბაბი იმისა, რომ ვთქვათ: ქართულ ფეხბურთში კორუფციული სისტემა მოქმედებს.
... 22 წელიწადზე მეტია, რაც დამოუკიდებლობის გზას დაადგა ქართული ფეხბურთი. 22 სტადიონი ვერ უნდა აშენებულიყო? წელიწადში ერთი ჩვეულებრივი სტადიონის აშენებაზეა საუბარი. როდესაც სიჭინავა სფფ-ის პრეზიდენტად დანიშნეს, თეზისები წარმოადგინა. ამბობდა, ფეხბურთი არ ვიცი, მაგრამ ფულს დავხარჯავ ფეხბურთში, ბიზნესგარემოსაც შევქმნი და სპონსორებსაც მოვიზიდავო. რომელ ბიზნესგარემოსა და სპონსორებზეა საუბარი, როცა ერთადერთი სპონსორი “სოკარია” და ისიც სახელმწიფოს დავალებითაა. სად ჩანს აქ ფედერაციის პრეზიდენტის ძალისხმევა ბიზნესგარემოსა და სხვა სპონსორების მოსაზიდად?
... ეს იმიტომ, რომ სიჭინავა პრეზიდენტად კი არ აირჩიეს, დანიშნეს. ჩვენი ფეხბურთი სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებათა დაპირისპირების ასპარეზად იქცა. ის კი საფეხბურთო პროგრამებისა და მათი განხორციელების ასპარეზი უნდა იყოს. ქართული ფეხბურთი არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უნდა ეკუთვნოდეს, რადგანაც ის, ქართველ ხალხს ეკუთვნის. პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით დანიშვნებმა რაც მოიტანა, ვხედავთ კიდეც. ფეხბურთი სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისგან.
ამჟამად, ფედერაციაში რამდენიმე კარგი და საქმის მცოდნე პიროვნება მუშაობს, მაგრამ უმრავლესობა პოლიტიკური ნიშნითაა იქ შეკრებილი. უნდა გაიწმინდოს ფედერაცია.    კიდევ ვიმეორებ: ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა აღსდგეს ის სამართლიანობა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დანიშვნებმა დაარღვიეს. ქართულ ფეხბურთში ნამდვილი ფეხბურთის დრო უნდა დადგეს.

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090919