თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონმა, დავით ასუმბანმა წარმატებულად ჭიდაობა, გაცილებით პრესტიჟულ და კონკურენტუნარიან ტურნირზე, პარიზის დიდ სლემზე გააგრძელა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა, დღეს, ფრანგულ ტატამზე 4 შეხვედრა მოიგო და შედეგად, ოქროს მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ფინალის გზაზე, ასუმბანმა ფინელი იუჰო რეინვალი, ჰოლანდიელი ჰეროენ მურენი, მონღოლი ტუმურხულეგ დავაადორჟი და იაპონელი მასააკი ფუკუოკა ჩამოიცილა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, უზბეკ რიშოდ სობიროვს დაუპირისპირდება.
დღესვე, კიმონო საქართველოს ნაკრების კიდევ ხუთმა წევრმა მოირგო, მაგრამ ხუთივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა. პაატა მერებაშვილმა (60 კგ) ბელგიელი დამიენ ბომბუას ჩამოცილების შემდეგ, ფრანგ სოფიან მილუსთან წააგო, უჩა ხუციშვილისთვის (66 კგ) დაუძლეველი ბარიერი კორეელი იუნ-ჰო ჩო აღმოჩნდა, ნესტორ ხერგიანისთვის (66 კგ) – აზერნაიჯანელი სარხან აჰმადოვი, ნუგზარ ტატალაშვილისთვის (73 კგ) – კი-ჩუნ ვანგი, გიორგი დილებაშვილისთვის (73 კგ) კი – იაპონელი ჰიროუკი აკიმოტო.
ოთარ მაღლაკელიძე







