ინტერვიუები

10:24 | 12.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

დავით ასუმბანი: "ევროპის ჩემპიონატამდე ერთ ტურნირს ვიჭიდავებ"

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ასუმბანმა 2010 წლის სეზონი საოცარი შედეგიანობით დაიწყო - იანვარ-თებერვალში თბილისის მსოფლიოს თასსა და პარიზის დიდ სლემზე იჭიდავა და ორივე ტურნირზე ჩემპიონი გახდა. ძიუდოისტი, რომელიც საქართველოს ნაკრების კანდიდატი ჯერ კიდევ 6 წლის წინ გახდა, ბოლო წლებში საერთაშორისო არენას ჩამოსცილდა. შიდა კონკურენციაშიც ნელ-ნელა მეორე რიგში გადაიწია და მის გაფავორიტებას ცოტა თუ ელოდა, მაგრამ 23 წლის ასუმბანი ხმაურით დაბრუნდა. ნაკრების კანდიდატობა შარშან დეკემბერში, ქუთაისში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედლით დაიბრუნა. თბილისურ-პარიზული ტურნირებით კი სულაც, პირველნომრობის სერიოზული განაცხადი გააკეთა. ბოლოდროინდელი გამარჯვებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დავით ასუმბანი “მსოფლიო სპორტს” ესაუბრა.
- თითქმის ორი წელი ისე გავიდა, დიდ ტურნირებზე თავი არ გამოგიჩენია. ითქვა, რომ ამ პაუზის მიზეზი ავადმყოფობა იყო...
- ეს ძალიან უსუსური მიზეზია. კუჭ-ნაწლავის პრობლემა ერთხანს მართლაც მაწუხებდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ჭიდაობაში ხელი შემშლოდა. პრობლემა სხვა რამე იყო.
- რას გულისხმობ?
- მაპატიეთ, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა.
- სიზარმაცემ ხომ არ შეგაფერხა?
- არავითარ შემთხვევაში. ეს პრობლემა ჩემთვის უცხოა.
- 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიდერი წლების განმავლობაში ნესტორ ხერგიანი იყო. ამან ხომ არ დაგაკარგვინა მოტივაცია?
- მიზეზზე დაკონკრეტება არ მსურს. რაც შეეხება მოტივაციას, იგი არასოდეს დამიკარგავს. დამიჯერეთ, ის წარმატებები, რომლებსაც ახლა ვაღწევ, ნამდვილად არაა 2 თვის ვარჯიშის შედეგი.
- ასეთ ხმაურიან დაბრუნებას ელოდი?
- ძალიან კარგ ფორმას მივაღწიე და შედეგიანობასაც ვგეგმავდი.
- პარიზის საერთაშორისო ტურნირი 1999 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების არც ერთ წევრს არ ჰქონდა მოგებული. საერთოდ კი მხოლოდ 4 ქართველ ძიუდოისტს აქვს საფრანგეთში ოქროს მედალი მოპოვებული...
- ბედნიერი ვარ, რომ მეხუთე მე გავხდი. პარიზული ტურნირი გამორჩეულია სიძლიერითა და პრესტიჟულობით. იქაური მაყურებელი კი ძიუდოში ბრწყინვალედ ერკვევა. კარგ ჭიდაობასაც განსაკუთრებულად აფასებენ.
- თვლი რომ ახლა რომ ხარ, ასეთ სპორტულ ფორმაში არასოდეს ყოფილხარ?
- ნამდვილად ასეა.
- მოდი ძიუდოში შენი პირველი ნაბიჯები გაიხსენე...
- ვარჯიში საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში, 8 წლის ასაკში დავიწყე, გია გულბანთან და გუჯა ხაჭუანთან. მეზობელს გავყევი, სათამაშოდ. მერე კი ნელ-ნელა ინტერესიც გამიჩნდა. თავიდანვე საშინლად ჟინიანი ვიყავი, წაგებას ძალიან რთულად ვიტანდი, სულ ვტიროდი. პირველ წარმატებას საკმაოდ მალე მივაღწიე. მახსოვს, 22 კილოგრამ წონით კატეგორიაში რაიონის პირველობა მოვიგე. 5 წლის შემდეგ კი თბილისში გავაგრძელე ვარჯიში. ტურნირზე ვიყავი ჩამოსული და ვაჟა ბალხამიშვილის ინტერესი დავიმსახურე. მამაჩემს მოელაპარაკა და სავარჯიშოდ თავისთან გადმომიყვანა. საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებშიც გამოვიჩინე თავი და ნაკრებშიც მოვხვდი. ჭაბუკებშიც და ახალგაზრდებშიც, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოვიპოვე. 2004 წელს, 18 წლის ასაკში უფროსებში გავხდი საქართველოს ჩემპიონი. თბილისის საერთაშორისო ტურნირზე კი აქამდე ორჯერ გავედი მესამე ადგილზე.
- ერთხანს 66 კილოგრამშიც სცადე ბედი...
- მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი წონა არ იყო.
- ძიუდო ახალი წესების შემოღებით ქართულ ჭიდაობას დაემსგავსა. ეს ცვლილება შენთვის კარგია?
- ქართული ჭიდაობის ტურნირზე სულ რაღაც ერთი-ორჯერ მიჭიდავია, მაგრამ ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ ახალი წესები ჩემთვის უკეთესია. ფეხში შესვლით არასოდეს გამოვირჩეოდი.
- ბოლოს სამომავლო გეგმებზეც გვითხარი. აპრილში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები 3 საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. შენ რამდენჯერ გახვალ ტატამზე?
- ზუსტად ვერ გეტყვით. სავარაუდოდ ერთ ტურნირს ვიჭიდავებ. ალბათ მესამეს, ჩეხეთში. როგორც ამირან ტოტიკაშვილმა თქვა, ნაკრების საევროპო შემადგენლობაში მოხვედრის მთავარ კანდიდატებს სწორედ პრაღის მსოფლიოს თასზე აჭიდავებს.
- შენს წონაში ყველაზე დიდი შიდა კონკურენციაა...
- ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.
- სეზონი ძალიან კარგად დაიწყე, წარმატებული ციკლის გასაგრძელებლად და ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად სავარჯიშო გეგმის შეცვლასაც ხომ არ გეგმავ?
- დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო ძლიერი მეტოქეები შემხვდება. ალბათ მოსამზადებელ გეგმაში ცვლილებებს მართლაც შეიტანს ჩემი პირადი მწვრთნელი. ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა და წარმატების მიღწევა ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი საფიქრალია და ყველანაირად ვეცდები, მიზანს მივაღწიო.

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112238