60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა, დავით ასუმბანმა თბილისის მსოფლიოს თასზე მოპოვებულ ოქროს მედალს, სულ რამდენიმე წუთის წინ, პარიზის დიდი სლემის ოქრო მიამატა. საქართველოს ნაკრების კანდიდატმა ფრანგულ ტატამზე 5 მეტოქე ჩამოიცილა. აქედან 3 იპონით, 2 კი ვაზარით. გადამწყვეტ ბრძოლაში, ასუმბანმა უზბეკ რიშოდ სობიროვს სძლია. იქამდე კი ოქროს გზაზე ფინელი იუჰო რეინვალი, ჰოლანდიელი ჰეროენ მურენი, მონღოლი ტუმურხულეგ დავაადორჟი და იაპონელი მასააკი ფუკუოკა ჩამოიცილა.
დღესვე, ჩემპიონ-პრიზიორები 66 და 73 კილოგრამ კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. სულ ტატამზე 6 ქართველი გავიდა და მათგან 5-მა: პაატა მერებაშვილმა (60 კგ), უჩა ხუციშვილმა (66 კგ), ნესტორ ხერგიანმა (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და გიორგი დილებაშვილმა (73 კგ) მედლისთვის ბრძოლის შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგა. დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში მოჭიდავეები კი, კიმონოებს ხვალ მოირგებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







