ჭადრაკი

15:41 | 23.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

დავით არუთინიანი: “ჩვენ აქ ჩემპიონობისთვის ჩამოვედით”

საჭადრაკო ოლიმპიადის მე-2 ტურის დასრულების შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელ დავით არუთინიანსა და მოთამაშე სალომე მელიას უხმეს. მათთან საუბარი ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
- პირველ რიგში უნდა გკითხოთ, ხანტი-მანსიისკში გამარჯვებისთვის ჩამოხვედით?
არუთინიანი:
დიახ! ჩვენ 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონები ვართ და ცხადია, აქაც გამარჯვებისთვის ვიმყოფებით. შეგახსენებთ, რომ 2009-ში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორეადგილოსანიც გახდა. ოლიმპიადისთვის კარგად მოვემზადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ.
- ტურნირზე ლეგენდარული მაია ჩობურდანიძე რატომ არ ჩამოვიდა?
არუთინიანი:
მაია ძალიან ძლიერი მოჭადრაკეა და უდავოა, რომ იგი დაგვაკლდება. 2008 წელს ჩიბურდანიძემ ყველა უშუალო კონკურენტს აჯობა, საკუთარ დაფაზე პირველი ადგილი აიღო და დრეზდენის ოლიმპიადის გმირი გახდა. მაია მიმდინარე ოლიმპიადაზე ობიექტური მიზეზების გამო ვერ თამაშობს. მას ბოლო ტურნირზე თამაში ძალიან გაუჭირდა... მიუხედავად ამისა, ისეთივე კარგი შედეგების ჩვენებას შევეცდებით, როგორც – გასულ ოლიმპიადაზე.
- და მეორე დიდი ჩემპიონი ნონა გაფრდინაშვილი თუ ჩამოვა ხანტი-მანსიისკში? მაგალითად, როგორც საპატიო სტუმარი?
არუთინიანი:
ზუსტი ინფორმაცია, ჩამოვა თუ არა გაფრინდაშვილი, არ მაქვს. თუმცა, როგორც იცით, ქალთა და ვაჟთა ნაკრებების ჯამური შედეგით საუკეთესო ქვეყანას გაფრინდაშვილის სახელობის თასი გადაეცემა და ტრადიციის თანახმად, ამას თავად ქალბატონი ნონა აკეთებს ხოლმე.
- სალომე, თქვენს ძირითად კონკურენტებად ვინ მიგაჩნიათ?
მელია:
როგორც ყოველთვის, რუსეთი და უკრაინა. თუმცა, თამაში სულ ახლახანს დავიწყეთ და ვინ როგორ ფორმაშია, ცოტა ხანში გამოჩნდება.
- ჩინეთის ნაკრები გამოგრჩათ?
არუთინიანი:
ალბათ, დაავიწყდა (იცინის).
მელია: ნურას უკაცრავად. სამი ფავორიტი ჩამოვთვალე და ჩემი აზრით, ესენი საქართველო, რუსეთი და უკრაინა არიან.
- დავით, იქნებ ოლიმპიური ჩემპიონების მომზადების საიდუმლო გაგვანდოთ...
არუთინიანი:
საიდუმლო სწორედ იმიტომ არსებობს, რომ არ გათქვა.
მელია: ყველა საიდუმლოს ტურნირის დასრულების შემდეგ გაგიმხელთ.
- ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის შესახებ რას იტყოდით? ყველაფერი მოგწონთ თუ არის რაიმე შენიშვნები?
მელია:
ჯერჯერობით, ბევრის რამის ნახვა ვერ მოვახერხეთ. მთავარია, ხანტი-მანსიისკში კარგი ამინდია და ეს ჩვენს განწყობაზეც მოქმედებს.
არუთინიანი: პირადად, აქ ყველაფერი მომწონს. ჩინებულად დაგვხვდნენ. თავდაპირველად გვეგონა, რომ ქალაქში სიცივე იქნებოდა, მაგრამ აქ დიდი სითბო ვიგრძენით. ეს ეხება როგორც ამინდს, ასევე – ხალხს.
- დავით, ვაჟთა ნაკრების პერსპექტივები როგორია?
არუთინიანი:
როგორც მოქმედმა მოჭადრაკემა და ნაკრების ყოფილმა წევრმა, შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი გააჩნია და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაც შეუძლია. ცხადია, კონკურენცია უდიდესია – ოლიმპიადაზე ხომ არაერთი ძლიერი გუნდი და მოჭადრაკე ასპარეზობს. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ჩვენს ნაკრებს ნებისმიერი შედეგის ჩვენება შეუძლია, თუკი ამას ძალიან მოინდომებს. გასულ ოლიმპიადაზე მე-11 ადგილი დავიკავეთ, ახლა კი, თუ მაქსიმუმს გავაკეთებთ და ცოტა იღბალიც დაგვეხმარება, უკეთესი შედეგის ჩვენების შანსიც არის. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090227