ჩოგბურთი

17:39 | 3.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ნალბანდიანი 30 წლისაა

დავიდ ნალბანდიანი
დაიბადა 1982 წლის 1 იანვარს კორდობაში (არგენტინა).
მემარჯვენე
სიმაღლე: 180 სმ.
პროფესიული კარიერის დასაწყისი: 2000 წელი.
კარიერის საპრიზოები: 10550282 დოლარი.
მიღწევები: 2006 წლის 20 მარტს მსოფლიოს მე-3 ჩოგანი გახდა. მოპოვებული აქვს 11 ტიტული. მის ანგარიშზე კი ერთეულთა შორის, 354 მოგება და 170 მარცხია. არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასის 3-გზის ფინალისტია – 2006, 2008, 2011.
საუკეთესო შედეგები დიდი სლემის ტურნირებზე:
ავსტრალიის ღია პირველობა - ნახევარფინალი (2006).
“როლან გაროსი” – ნახევარფინალი (2004, 2006).
ამერიკის ღია პირველობა _ ნახევარფინალი (2003).
უიმბლდონი – ფინალი (2002).

არგენტინელი ჩოგბურთელი დავიდ ნალბანდიანი 1982 წლის 1 იანვარს კორდობაში დაიბადა. დავიდმა ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. სპეციალისტები დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მიზანდასახულობამ და შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო. პირველი სერიოზული გამარჯვება 1996 წელს მოიპოვა, როდესაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, ახალგაზრდებს შორის, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ნალბანდიანს სომეხი და იტალიელი მშობლები ჰყავს, პატრიოტულად იყო აღზრდილი. თავდაპირველად ეროვნული ნაკრების 14, 16, 18 წლამდელებში თამაშობდა, შემდეგ კი ძირითად შემადგენლობაში გადაინაცვლა.
16 წლის ასაკში, ამერიკის ღია პირველობის იუნიორთა ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერს სძლია, 1999 წლის “როლან გაროსის” იუნიორთა ფინალში კი თანამემამულე გილიერმო კორიასთან დამარცხდა. იმავე წელს, ახლა უკვე მეწყვილე კორიასთან ერთად უიმბლდონის ჩემპიონი გახდა. 2000 წელს ნალბანდიანი მოზრდილებში გადავიდა. ორი წლის შემდეგ, АТР ტურნირის ფინალში ფინელ იარკო ნიემენინს მოუგო, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, უიმბლდონის ფინალამდე მივიდა. 2002 წლის უიმბლდონის ფინალში, ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან დამარცხდა, რომელიც იმ დროს ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფებოდა. თუმცა მარცხმა არ გატეხა და ბაზელში სეზონის დასკვნითი ტურნირი მოიგო, რითაც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების 50-ეულში შევიდა და არგენტინის წლის სპორტსმენად დასახელდა.
მომდევნო სეზონში დავიდი პირველად მოხვდა მასტერსის სერიის ტურნირის ფინალში - მონრეალში, სადაც ენდი როდიკთან წააგო. იმავე სეზონში, ამერიკის ღია პირველობის ფინალში გავიდა. 2003 წლის ყველაზე დიდ მიღწევად კი ათეულში შესვლა იქცა. ცოტას თუ ეგონა, რომ არგენტინელი მსოფლიოს ტოპ-ათეულში ხუთ წელიწადს დაჰყოფდა. 2004 წელს საგამოფენო მატჩში ანდრე აგასის სძლია. რის შემდეგაც მასტერსის სერიის ტურნირების ფინალებში – იტალიაში ესპანელ კარლოს მოიასთან, ხოლო ესპანეთში რუს მარატ საფინთან დამარცხდა. თუმცა “როლან გაროსზე” ნახევარფინალამდე მივიდა, გზად კი საფინსა და კუერტენს გაუსწორდა.
დიდ გამარჯვებამდე ნალბანდიანს ერთი წლის ლოდინიღა დარჩენოდა. თუ 2005 წელს დიდი სლემის ტურნირებზე არასახარბიელოდ იასპარეზა, წლის შემაჯამებელ ტურნირზე საუკეთესო ჩოგბურთი აჩვენა და შანხაის შეჯიბრების ფინალში ჩოგბურთის იმჟამინდელ მეფეს - როჯერ ფედერერს სძლია. მომდევნო სეზონში კი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში კვიპროსელ მარკოს ბაღდატისთან სენსაციური მარცხი განიცადა. ეს გულდასაწყვეტი წაგება დავიწყებას მიეცემოდა, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასის მისთვის პირველ ფინალში რომ ემარჯვა, რასაც დავიდისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან მოსკოვურ დაპირისპირებაში მან გუნდს ორი ქულა მოუტანა, თუმცა ეს გამარჯვებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დაძაბულ 5-მატჩიან ბრძოლაში მასპინძლებმა იმარჯვეს. ბედმა ნალბანდიანს დევისის თასის მოგების კიდევ ორი შანსი მისცა - 2008 და 2011 წლებში, მაგრამ რაფა ნადალის ესპანეთის ნაკრებმა არგენტინლებს ორივე ჯერზე აჯობა.
2007 წელს მასტერსის სერიის შემოდგომის ტურნირებზე, დავიდმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. პარიზში ორ პირველ ჩოგანს სძლია (ერთ-ერთი ნადალი იყო), მადრიდში კი სამს (რომელთა შორის როჯერ ფედერერიც ერია).
მსოფლიოს ყოფილი მე-3 ჩოგნის კარიერაში მას შემდეგ დიდი წარმატება აღარ ყოფილა. 2008 წელს ნალბანდიანი ათეულიდან გავარდა, ხოლო დიდი სლემის ტურნირებზე მეოთხე წრემდეც აღარ მისულა. ნუგეშად, შესაძლოა, ზემოთ ხსენებული დევისის თასის ფინალები ქცეულიყო. თუმცა, ესპანელები ორჯერვე არგენტინელებზე ძლიერები აღმოჩნდნენ. სევილიური დაპირისპირების ფინალის ბოლო წუთებზე დავიდი საცოდავი სანახავი იყო – საეჭვოა, რომ ვინმესთვის გამარჯვება ასე მნიშვნელოვანი ყოფილიყო. თუმცა, ბედი ყოველთვის აბრუნებს ხურდას. ვინ იცის, იქნებ ეღირსოს არგენტინელს ვერცხლისფერი თასი. მან ხომ ეს დაიმსახურა!
დავიდ ნალბანდიანის ციტატები:
"ვიცი, თუ მეოთხე სეტს მოვიგებ, შეხვედრაც მე დამრჩება".
"დიდ ტურნირებზე ყოველთვის კარგად ვთამაშობ".
"მიმაჩნია, რომ მსოფლიო გავაოცე, როცა პირველ ჩოგანს, ფედერერს მოვუგე. ეს საოცრებაა, იმის გათვალისწინებით, რომ როჯერი თითქმის დაუმარცხებელია".
საინტერესო ფაქტები
2008 წლის სექტემბრის ბოლოს, სომხეთის ელჩმა არგენტინაში ნალბანდიანს სომხეთის პასპორტი გადასცა. აქედან გამომდინარე, დავიდი არგენტინისა და სომხეთის მოქალაქეა.
დავიდი ბავშვობიდან საფეხბურთო გუნდ “რივერ პლეიტის” გულშემატკივარია. საინტერესოა, რომ მისი ჩავარდნები კარიერაში გუნდის წარუმატებელ პერიოდებს ემთხვევა.
 

მოამზადა რუსუდან ჭუმბურიძემ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091373