ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ორი ფრანგია, რომლებმაც ალბათ, ინგლისისა და საფრანგეთის დაახლოებაში იმაზე მეტი გააკეთეს, რაც ამ ქვეყნების მინისტრებმა და მთავრობების მეთაურებმა ერთად აღებული.
დავიდ ჟინოლასა და ერიკ კანტონას განვლილი გზა ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივე იძულებული იყო ინგლისში გადასულიყვნენ, რადგან ფრანგულ ფეხბურთში თავი უცხოებად იგრძნეს. ორივეს ბევრი გოლი გაჰქონდა, ძლიერი და ზუსტი დარტყმა ჰქონდათ, ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელებად აღიარეს, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღეს და კარიერის დასრულების შემდეგ, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა კინოში სცადეს.
ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ კანტონამ კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა კლუბში, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ფლაგმანი იყო, ხოლო ჟინოლას თამაში მხოლოდ საშუალო დონის გუნდებში უწევდა, რომლებიც ხან ვიცე-ჩემპიონები ხდებოდნენ, ხან კიდევ კიდევ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. გარდა ამისა, ერიკმა კარიერა დიდების პიკზე დაასრულა, ხოლო ჟინოლა მანამდე თამაშობდა, ვიდრე ჯანმრთელობა ამის საშუალებას აძლევდა.
ინგლისურ კარიერას კი, დიდ წილად საფუძველი ერთმა ეპიზოდმა ჩაუყარა, რომელშიც სწორედ ერიკი და დავიდი მონაწილეობდნენ. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ შეხვედრაში ფრანგებს მხოლოდ ქულა სჭირდებოდათ, რომ მუნდიალზე გამგზავრებულიყვნენ. თან, მათ საკუთარ მოედანზე ისრაელისა და ბულგარეთის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ. ერთი შეხედვით რთული ამოცანა ნამდვილად არ ჰქონდათ გადასაჭრელი. თუმცა, ფრანგები ებრაელებთან დამარცხდნენ (2:3) და მთელი იმედი ბულგარელებთან მატჩზე ჰქონდათ დამყარებული. როდესაც ანგარიში საყაიმო იყო (1:1), ჟინოლამ ოდნავ არაზუსტი პასი მეტოქის საჯარიმოში მდგომ კანტონას მისცა, რომელმაც ბურთი ვერ მიიღო და ხელი არც მოწინააღმდეგეს შეუშალა.
რაც მას შემდეგ მოხდა, საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდ კოშმარადაა მიჩნეული. ბულგარელებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს, რომელიც ემილ კოსტადინოვის გოლით დასრულდა. საბოლოოდ, ფრანგები მსოფლიო პირველობის მიღმა დარჩნენ, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ბულგარელები გაემგზავრნენ.
მოვლენათა ასეთი განვითარების მთავარ დამნაშავედ ჟინოლა დასახელდა, რომელსაც ნაკრების თავკაცმა ჟერარ ულიემ "ფრანგული ფეხბურთის ასასინი (მკვლელი)" უწოდა. კანტონასთვის ყველაფერმა უფრო ადვილად ჩაირა, რადგან მატჩის შემდეგ, ინგლისში გაფრინდა, სადაც ქომაგების სიყვარული არ აკლდა, ხოლო ჟინოლამ საკუთარ ტყავზე გამოცადა ფრანგი გულშემატკივრების რისხვა პსჟ-ს რიგებში საფრანგეთის სხვადასხვა სტადიონებზე ჩატარებულ მატჩებში. მიუხედავად ამისა, დავიდი მაინც აღიარეს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად, არადა პარიზულ კლუბს მაშინ "ვარსკვლავები" არ აკლდა –რაი, ჯორჯ ვეა, ვალდო.
ახლაც კი, როდესაც იმ შეხვედრიდან არაერთი წელიწადი გავიდა, ჟინოლას აღნიშნულ ეპიზოდზე ხშირად ეკითხებიან.
"ეს იმდენი წლის წინ მოხდა. ოდესღაც, ამით გამოწვეული ტკივილი მოსვენებას არ მაძლევდა, მაგრამ ახლა ფიქრს აზრი არ აქვს. ჩემს კარიერაში ხომ კარგიც ბევრი იყო - საფრანგეთისა და ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" იმ სეზონში თითქმის ყველა ტურნირი მოიგო, ხოლო ორი ვერსიის მიხედვით საუკეთესო მე გავხდი. ჩემი კარიერა მხოლოდ ერთ მატჩი არაა. მე ხომ 500-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე" –პასუხობს ცნობისმოყვარეებს ჟინოლა.
ზემოთ ნახსენები წარუმატებლობის მერე, საფრანგეთის ნაკრების სათავეში ცვლილება მოხდა და ჟერარ ულიე, მისმა თანაშემწე ემე ჟაკემ შეცვალა, რომელმაც გადაწყვიტა სამ გამოკვეთილ ინდივიდუალისტზე –პაპენზე, კანტონასა და ჟინოლაზე უარი ეთქვა, რათა მოემზადებინა გუნდი, რომელიც 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებდა. ცხადია, ჟინოლასაც და კანტონასაც გული დაწყდათ, რომ 1996 წელს ინგლისში გამართული ვეროპის ჩემპიონატი გამოტოვეს, მაგრამ როგორც იტყვიან თავს ზემოთ ძალა არ იყო. ჟაკემ კი, 1998 წელს საფრანგეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და თავის დროზე, მის მიერ გადადგმული ნაბიჯი ყველამ გაამართლა"–გამარჯვებულებს არ ასამართლებენ”.
ინგლისში გადასვლის შემდეგ, ჟინოლამ ყველაფერი მიიღო რაც სჭირდებოდა –მაღალი ადგილებისთვის მებრძოლი გუნდი, რომელმაც საბოლოოდ დიდ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია, “გიჟური” პოპულარობა (განსაკუთრებით დიასახლისებში) და იმ ფეხბურთის თამაში, რომელიც მას მოსწონდა –ტემპიანი, საკმარისად ტექნიკური და საკმარისად ძალისმიერი. ინგლისში მან თავისუფლება მიიღო –არ უხდებოდა მუდმივად იმ ავადსახსენებელი პასის გახსნება და შემთხვევითი ხალხისგან წყევლა-კრულვის მოსმენა. მოკლედ, ახალი ცხოვრება დაიწყო.
დავიდი ბავშვობიდან ძალიან ემოციური იყო და მხოლოდ რამდენიმე ცხოვრებისეული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, შინაგანი ბალანსის პოვნა მოახერხა. პატარაობაში განთქმულ ფრანგულ კურორტ სან-ტროპეში ცხოვრობდა და მთელ დროს თანატოლებთან ერთად ქუჩაში ფეხბურთის თამაშში ატარებდა. თუ წვიმა მოდიოდა ან უბრალოდ სახლიდან მშობლები არ უშვებდნენ, ის საკუთარ ოთახში იკეტებოდა და ცრემლებს ვერ იკავებდა. ალბათ, მისი პიროვნების ფორმირების საბოლოო წერტილი ის მომენტი გახდა, როდესაც დავიდი ოჯახთან ერთად მალდივებზე მომხდარი სტიქიური უბედურების ეპიცენტრში მოხვდა. მაშინ, ცუნამმა რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სრულად დაანგრია საუცხოო კურორტი.
"როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებ, ცხოვრებისეული ფასეულობების გადახედვის საშუალება გეძლევა. ერთი წუთი და სამოთხე ჯოჯოხეთად იქცევა. ისეთი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა თქვენს ახლობელ ადამიანებზე იქონიოს. დარჩე კუნძულზე თუ დატოვო იგი? ვიცოდი, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და მასზე ჩემი ოჯახის ბედი იყო დამოკიდებული. საბოლოო ჯამში, კუნძულის დატოვება გადავწყვიტეთ და მატერიკზე ბოლო ნავით გავემგზავრეთ. პარიზში დაბრუნების მერე, შევიტყვეთ, რომ იმ დღეს მალდივებზე ბევრი ხალხი დაიღუპა და ჩვენ ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით. ასეთი გამოცდების შემდეგ, სხვა ადამიანი ხდები"-იხსენებს ჟინოლა.
პირველი ინგლისური კლუბი, რომელშიც ჟინოლას თამაში მოუწია "ნიუკასლი" იყო, რომელშიც მან "თავისი" მწვრთნელი კევინ კიგანი იპოვა. დასამალი არაა, რომ დავიდი მთელი კარიერის განმავლობაში მწვრთნელებთან საერთო ენას იშვითად პოულობდა, ხოლო ის და კიგანი ერთნაირი საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევრები აღმოჩნდნენ.
"მე არ მიყვარს და არ მესმის თანამედროვე ფეხბურთი. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ფეხბურთი პირველყოვლისა თამაში და სანახაობაა. გულშემატკივრები ბილეთებს იმიტომ ყიდულობენ, რომ გაერთონ, ამჟამინდელ ფეხბურთში კი, ტაქტიკური სქემები ჭარბობს, ხოლო ექსტრავაგანტური ფეხბურთელების ხილვა იშვიათობაა"-თვლის ფრანგი ექს-ფორვარდი.
"ნიუკასლი" და კიგანი შემტევი ფეხბურთს ქადაგებდნენ, ხოლო ჟინოლა თავს ისე გრძნობდა როგორც თევზი წყალში. მაღალი ინდივიდუალიზმის ხარჯზე ის ადვილად უმკლავდებოდა მეტოქის მცველებს და მისი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი შორეული დარტყმები იყო. სწორედ, საშუალო და შორი დისტანციებიდან შეძლო მან არაერთი ბურთის გატანა. ჟინოლამ "ნიუკასლის" რიგებში ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩაატარა, როდესაც ალექს ფერგიუსონის შეგირდები გააცამტვერეს (5:0), ხოლო ფრანგმა მეტად ლამაზი გოლი მიითვალა.
სამწუხაროდ, მან "ნიუკასლში" შემადგენლობაში ტიტულები ვერ მოიგო და შესაბამისად, იგივე ვერც კიგანმა გააკეთა. როდესაც კენი დალგლიშმა `ნიუკასლში~ კიგანი შეცვალა, ამ კლუბში ჟინოლას კარიერა დასასრულს მიახლოვდა. ახალი მწვრთნელი და ფრანგი ხასიათით ვერ შეეწყვნენ, რის გამო დავიდს სხვა გუნდის ძებნა მოუწია. თუ მანამდე ჟინოლას შეძენა `ბარსელონას~ სურდა და სოლიდურ თანხასაც იხდიდა, ამჯერად, ფეხბურთელს გადასვლა იმ დროს პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ `ტოტენჰემში~ მოუწია, რომელიც ქვედა ლიგაში დაქვეითებას კლინსმანმა გადაარჩინა და ლონდონელებს წარმატებულ მომავალსაც ვერავინ უწინასწარმეტყველებდა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ტოტენჰემი" "ჟინოლას გუნდი" გახდა. სწორედ ლონდონელთა რიგებში მოიგო მან ერთადერთი ტიტული -1999 წელს ინგლისის ლიგის თასი. ამავე წელს, ის ჟურნალისტებმა და პროფესიონალმა ფეხბურთელებმა ინგლისის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. არადა, გუნდი სეზონის შედეგების მიხედვით ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეც ვერ გავიდა. იმ სეზონში, `მანჩესტერ იუნაიტედმა~ ყველაფერი მოიგო რის მოგებაც შეიძლებოდა ლიგის თასის გარდა, რომლის ფინალშიც ფერგიუსონის გუნდი ჟინოლამა და კრის არმსტრონგმა შეაჩერეს.
"ტოტენჰემში" მისულს, ქომაგები მეუბნებოდნენ, რომ გუნდისთვის ზედგამოჭრილი მოთამაშე ვიყავი, ვინაიდან გემოვნება და გამორჩეული სათამაშო მანერა მქონდა. მათი აზრით, წლების განმავლობაში ლონდონელთა ძალა სწორედ ამაში იყო, რომელიც დაიკარგა და განახლებას საჭიროებდა" –იხსენებს ჟინოლა. სხვათა შორის, ჟინოლას საკუთარი სტილი ყოველთვის ჰქონდა. ის რამდენიმეჯერ აღიარეს ინგლისში ყველაზე გემოვნებიან ადამიანად სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით –ვარცხნილობა, რომელსაც ფეხბურთელი თავად იკეთებდა და ჩაცმულობა.
მართალია, ჟინოლა ხშირად შეუნიშნავთ ეფექტური ლამაზმანების გარემოცვაში, მაგრამ არავისთვის ეჭვის საბაბი არ მიუცია, რომ მეუღლე კაროლინასთან, რომელმაც ანდრეა და კარლა აჩუქა, თავს ბედნიერად არ გრძნობდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჟინოლას ყველაზე მატად ოჯახურ გარემოში ყოფნა ხიბლავს, როდესაც ბუხრის წინ მჯდარი ღვინის ჭიქით ხელში ტელევიზორს უყურებს. კარიერის დასრულების შემდეგ, ის მშობლიურ პროვანსს დაუბრუნდა და ხელი მეღვინეობას მოკიდა. სხვათა შორის, მისთვის ეს მხოლოდ ჰობი არაა, რადგან ერთ-ერთ პრესტიჟულ კონკურსში მისმა ღვინომ Coste Brulade-მ ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
გარდა ამისა, მაღალი კლასის ავტომანქანების, ფორმულა 1-ის და კინომატოგრაფიის მოყვარულია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ფილმში თავად ითამაშა, ხოლო სამხედრო დრამაში "ბოლო გადასხმა" მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა –გერმანელ სნაიპერს განასახიერებდა. ფილმები, რომელშიც ის მონაწილეობდა ცნობილ კანის კინოფესტივალზეც კი წარუდგენიათ.
მიუხედავად ამისა, ის ფეხბურთს არ მოწყვეტია, ხოლო "ტოტენჰემის" მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ჟინოლას არაერთხელ უთქვამს, რომ მზადაა ლონდონში პირველსავე დაძახებაზე დაბრუნდეს და კლუბის მენეჯერი ან სპორტული დირექტორი გახდეს. არადა, თავის დროზე "ტოტენჰემიდან" ბირმინგემის "ასტონ ვილაში" მისი ნების საწინააღმდეგოდ გაყიდეს და მაშინ, ამ ამბის გაგება გულში ყუმბარის ნამსხვრევის მოხვედრას შეადარა.
ორიოდე წლის წინ, როდესაც "ტოტენჰემმა" ჩემპიონატში წარუმატებელი სტარტი აიღო, დავიდმა თავისი 5 პრინციპი გამოაქვეყნა, რომლების მისი აზრით გუნდის თამაშის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობდა. პრონციპების არსი ასეთია:
ხელმძღვანელობის მოთმენის უნარი –"მიეცით მწვრთნელს 5 წელიწადი და შედეგს მიიღებთ".
კლუბის დირექტორებისა და მწვრთნელების ურთიერთგაგება –"ისინი ერთი მიმართულებით უნდა ფიქრობდნენ".
ფეხბურთელების პროფესიონალიზმი –"ბევრი მათგანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. თავის დროზე, ვარჯიშის შემდეგ მოედანს ბოლო ვტოვებდი, ხოლო ახლა ფეხბურთელები მაშინვე ჯდებიან ავტომანქანაში და მიდიან, როგორც კი მწვრთნელი ვარჯიშის დასრულების ნიშანს მისცემს. მაშინ, ერთი ოჯახი, "მაფია" ვიყავით და "ტოტენჰემის" ძალაც ამაში იყო.
ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელების ნდობა – `გუნდის ბირთვი ინგლისელებისგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც ინგლისური ფეხბურთის ტრადიციის მატარებლები იქნებიან.
დაბოლოს, ის ყველასთვის ცნობილი განსაკუთრებული სულისკვეთება, რომელიც “ტოტენჰემის” სათაშო სტილის ძირითადი განმსაზღვრელი იყო.
ლაშა თაბაგარი









