ჩოგბურთი

11:01 | 7.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ფერერის წარმატებათა სერია გრძელდება

გასულ კვირას პარიზის მასტერსზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანმა დავიდ ფერერმა ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირიც წარმატებით დაიწყო. გუშინ ესპანელი ჩოგბურთელი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ სეტში დავიდი ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა, მეოთხე გეიმში მეტოქის მოწოდებაზე 2 ბრეიკპოინტი მიიღო და ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა (3:1). შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა ეს უპირატესობა და სეტი სათავისოდ დაიტოვა (6:3). მეორე პარტიაში გადამწყვეტი მესამე გეიმი გამოდგა, რომელიც 9 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში არგენტინელს სამჯერ მოუხდა ბრეიკპოინტების მოგერიება, საბოლოოდ დელ პოტრომ გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგო მძიმე გეიმი და ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა, შემდეგ უკვე თვითონ გააქტიურდა მეტოქის მოწოდებაზე და პირველად ამ შეხვედრაში “დააბრეიკა” ფერერი. ხუანი დამაჯერებლად ინარჩუნებდა 3-გეიმიან უპირატესობას, თუმცა 3:5-ზე ესპანელს კიდევ ერთხელ მიეცა სეტის გადარჩენის საშუალება, მაგრამ დელ პოტრომ ყურადღებით ითამაშა, კიდევ ერთი ბრეიკპოინტი მოიგერია და შემდეგ სეტბოლიც წარმატებით გამოიყენა (6:3). გადამწყვეტი სეტის სტარტზე დავიდმა ორგეიმიანი უპირატესობა მოიპოვა და თითქმის ყველაფერი დამთავრებული ჩანდა, მაგრამ დელ პოტრომ მეშვიდე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა და მატჩში ინტრიგაც დაბრუნდა. 4:4-ზე დავიდმა ჯერ საკუთარი გეიმი მოიგო მშრალი ანგარიშით, ხოლო შემდეგ მეტოქის მოწოდებაზეც იგივე გაიმეორა და პირველი გამარჯვება იზეიმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე - 6:3. 4:6, 6:3. შეხვედრა 2 საათი და 18 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში დელ პოტრომ 7 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მისი მეტოქის ანგარიშზე 3 ეისის წილ 1 ორმაგიც გახლდათ.
ამ გამარჯვებით ფერერი “ბ” ჯგუფში მეორე ადგილზე დამკვიდრდა, პირველზე კი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი იმყოფება, რომელმაც გუშინ 2 სეტში უპრობლემოდ დაამარცხა სერბი იანკო ტიპსარევიჩი.
 

 

გიორგი ბარბაქაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088101