ოძეკი ჰარუმაფუჯიმ აკი ბაშოს მე-10 დღეს ტაკაიასუ შიტატენაგეთი დაამარცხა და სექტემბრის ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. აღნიშნულის მიზეზი მონღოლის კონკურენტების წაფორხილება გახდა. იოკოძუნა ჰაკუჰო 25 წლის იაპონელ ტოჩიოძანთან ჰატაკიკომით დამარცხდა, ხოლო მე-11 მაეგაშირა კიოკუტენჰოს ოძეკი კაკურიუმ ცურიდაშით აჯობა.
ლიდერთა ამ წარუმატებლობით კარგად ისარგებლა იაპონელთა ერთ-ერთმა საყვარელმა სეკიტორმა კისენოსატომ, რომელმაც სეკივაკე გოეიდოს სუკუინაგეთი სძლია და ჰაკუჰოს და კიოკუტენჰოს დარად 9 მოგება მოუგროვდა. მომდევნო ტურში ჰარუმაფუჯი მე-8 მაეგაშირა ოკინოუმის შეერკინება, ჰაკუჰო გოეიდოს გაეჯიბრება, კისენოსატო – მე-4 მაეგაშირა ამინიშიკის, ხოლო კიოკუტენჰო – მე-3 მაეგაშირა ჰომაშოს.
მძიმე დღეები ელით ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ქართველ სუმოისტებს – ტოჩინოშინის და გაგამარუს, რომელთაც პასივში უკვე 7-7 მარცხი აქვთ და ტოკიოს “რიოგოკუ კოუგიკანში” მიმდინარე ბაშოზე წაფორხილების უფლება აღარ აქვთ.
ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ სკეივაკე მიოგირიუს დამარცხება კი შეძლო, თუმცა, ეს მისთვის მხოლოდ მე-3 გამარჯვება გახლდათ. გორგაძემ მისთვის მისაღები ჰიდარი უვატე (მეტოქის მავაშის დაჭერა მარჯვენა ხელს ზემოდან) დააფიქსირა და იაპონელ მეტოქეს, რომელსაც მანამდე მხოლოდ 2 წაგება გააჩნდა, დამაჯერებლად აჯობა. კომუსუბის ტიტულის მქონე ტოჩინოშინი მომდევნო ბრძოლას პირველ მაეგაშირა შოჰოძანთან ჩაატარებს, რომელიც უკვე ორჯერ ჰყავს დამარცხებული.
წარმატებამდე მცირედი დაკლდა თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. ქართველმა გოლიათმა მის კორპუსში შესული მე-3 მაეგაშირა ტოიონოშიმას დოჰიოს კიდესთან მიყვანა მოახერხა, თუმცა, საპასუხო ილეთ კატასუკასიზე (მხარზე შებოჭვა) “მოჰყვა” და მარცხი განიცადა. დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუს მომდევნო მეტოქე კომუსუბი აოიამა იქნება, რომელთანაც გასული ორთბრძოლა მოგებული აქვს.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=fO6yVKOPkXs







