ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის დასასრულამდე ორი ტური დარჩა და დაძაბულობამაც პიკს მიაღწია – პრაქტიკულად ყოველ ტურში, ამა თუ იმ ასაკობრივ კატეგორიაში ლიდერი იცვლება.
საქართველოს წარმომადგენლებიი ძირითადად უფროსთა ტურნირებში ყოჩაღობენ. 18 წლამდე გოგონათა შორის ლიდერობა დაიბრუნა ქეთი წაწალაშვილმა. შვიდი ტურის თავზე, იგი 5.5 ქულით I-II ადგილებს აზერბაიჯანელ ხაიალა მარდან აბდულასთან ერთად ინაწილებს, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერის პოზიციაზეა.
16 წლიანთა ტურნირის ცენტრალურ შეხვედრაში მერი არაბიძემ მარიამ დანელია დაამარცხა და 6.0 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა, დანელია კი 5.5 ქულით მეორე პოზიციამდე დაქვეითდა.
14 წლამდე გოგონათა ტურნირში ნატო იმნაძე და თეკლა მაჭარაშვილი 5.5 ქულით II-III ადგილებს ინაწილებენ, 10 წლიანებში კი 6.0 ქულით ერთპიროვნულად ნატა ჯიბუტი დაწინაურდა.
ყველაზე პატარებში – 8-წლიან გოგონათა შორის II-III ადგილებს სანდრა კაპანაძე და მაია ბეჭვაია იყოფენ. ისინი რუს ეკატერინა გოლცევას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან.
ბიჭებში ყველაზე წარმატებულად სწორედ 8-წლამდელთა ტურნირის მონაწილენი თამაშობენ. ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ლუკა ობოლაძე და დავით კამკია პირველ ადგილზე მყოფ უკრაინელ კირილ შევჩენკოს (6.0 ქულა) ნახევარი ქულით ჩამორჩებიან.







