ჩოგბურთი

13:21 | 23.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

და დისთვისაო...

უფროსი დის მსგავსად, მაიამის “მასტერზ1000”-ზე წარმატებული სტარტი აიღო შეჯიბრებაზე მეათე ნომრად განთესილმა სერენა უილიამსმა. ამერიკელის მოწინააღმდეგე ჩინელი ჩჟან შუაი გახლდათ და სერენამ 2 სეტით მოახერხა აზიელის წინააღმდეგობის დაძლევა 6:2, 6:3. მაიამის ტურნირის მესამე წრეში უილიამს-უმცროსი იტალიელ რობერტა ვინჩის შეხვდება.
“მოწინააღმდეგეს ურიგოდ არ უთამაშია. იგი ახალგაზრდაა და საკმაოდ მოწიფულადაც ასპარეზობს. თავიდან ცოტათი ვნერვიულობდი, მაიამიში ხომ კარგა ხანია, არ გამოვსულვარ. თანაც, აქ ჩატარებული ბოლო მატჩი საშინლად ვითამაშე. მოგების შემდეგ საკუთარი ძალისადმი რწმენა განმიმტკიცდა”, - განაცხადა სერენამ და საკუთარი დედმამიშვილის გამოსვლასაც გამოეხმაურა: “შეგრენის სინდრომის მკურნალობის 3 კურსის შემდეგ ვინუსმა პირველად ითამაშა. მას ძლიერი ოპონენტი ჰყავდა და ამის მიუხედავად, ბრწყინვალე თამაში გვიჩვენა. ვინუსი ჩემთვის ტონის და მაგალითის მომცემია, როგორც ჩოგბურთში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ვფიქრობ, იგი არა მარტო მე მამხნევებს და სტიმულს მაძლევს, არამედ მრავალ სხვა ადამიანსაც.”
ამასობაში, პლანეტის ნომერ 15-ე ჩოგანმა, მაიამის ტურნირის 2008 წლის გათამაშების ფინალისტმა ელენა იანკოვიჩმა 2010 წლიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა. სერბი პლანეტის რეიტინგსიაში 35-ე პოზიციაზე მყოფმა გერმანელმა მონა ბარტელმა 6:0, 6:3 გაანადგურა. შეგახსენებთ, ასეთივე ანგარიშით (3:6, 0:6) იანკოვიჩს 2 წლის წინათ დოჰაში ვერა ზვონარიოვამ მოუგო.
მამაკაცთა ტურნირს რაც შეეხება, ფლორიდული ასპარეზობის მოქმედი ჩემპიონის ნოვაკ ჯოკოვიჩის (“ნოლე” მეორე წრიდან ჩაებმება) პირველი მოწინააღმდეგე კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი იქნება. კუნძულელმა საწყის მატჩში საათსა და 22 წუთში არგენტინელ ლეონარდო მაიერს 6:1, 6:4 სძლია.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.179352