ფეხბურთი

16:45 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცხოვრების გოლები

ფეხბურთელების კარიერაში არის გოლები, რომლებიც მათ ცხოვრების ბოლომდე არ ავიწყდებათ და გულშემატკივრებსაც ხომ დიდხანს რჩებათ მეხსიერებაში. ამ სტატიაში დამოუკიდებლობის პერიოდში გატანილ ქართველ ლეგიონერთა გამორჩეულ გოლებს გაგახსენებთ. ორი კატეგორიის გოლებს დავასახელებთ: 1. სატურნირო თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის; 2. გრანდების, ან გრანდებთან მიახლოებული კლუბების კარში გატანილებს.

საბედნიეროდ, გასულ უქმეებზე ვიხილეთ ერთი ასეთი ქართული გოლი: ვაკო ყაზაიშვილმა "აიაქსი"-"ვიტესის" შეხვედრის 90-ე წუთზე მშვენიერი გოლი გაიტანა და თავისიანებს "ამსტერდამ არენაზე" 1:0 მოაგებინა.

1992 წლის სექტემბერში "იუვენტუსმა" უეფას თასის 1/32 ფინალში 6:1 სძლია "ანორთოსისს", რომელსაც იმ დროს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა. "ანორთოსისიდან" ერთადერთი გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა – ცაციით, ძლიერი დარტყმით. კარში ანჯელო პერუცი იდგა. http://www.youtube.com/watch?v=lNkoP181t1U   

"იუვენტუსი" ფანტასტიკური გუნდი იყო და იმ სეზონში უეფას თასი დამაჯერებლად მოიგო. ჯოვანი ტრაპატონის გუნდში ბრწყინავდნენ რობერტო ბაჯო, ჯანლუკა ვიალი, ფაბრიციო რავანელი, ენდი მიოლერი, ანტონიო კონტე, დინო ბაჯო და სხვები... "დელე ალპიზე" იმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ვიალიმ, თითო-თითო კი გაიტანეს რობერტო ბაჯომ, ანტონიო კონტემ, მორენო ტორიჩელიმ და მიოლერმა.

თუმცა ქეცბაიას გაცილებით მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი: 1996 წელს, როცა "ნიუკასლში" ახალი გადასული იყო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესასვლელ პლეი-ოფში ზაგრების "კროაციას" (ახლანდელი "დინამო") გაუტანა 120-ე წუთზე. "ნიუკასლს" შინ 2:1 ჰქონდა მოგებული, სტუმრად 1:2-ს აგებდა და დამატებითი დროც იწურებოდა. პენალტების სერია თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ქეცბაიამ კოლუმბიელი ფაუსტინო ასპრილიას პასით შეაგდო და "კაჭკაჭები" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

შოთა არველაძეს ბევრი ასეთი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მაინც გამოვარჩევთ უეფას თასზე გატანილებს: 1997 წელს უეფას თასის 1/16 ფინალში "აიაქსს" შინ 1:0 ჰქონდა მოგებული და გასვლაზე 0:2-ს აგებდა, როცა არველაძემ ინდივიდუალური გარღვევით მიითვალა გოლი და "აიაქსი" მერვედფინალში გაიყვანა. მაშინდელი "უდინეზეც" საკმაოდ ძლიერი იყო, მარსიო ამორუზო და ოლივერ ბირჰოფი ჰყავდა.

2006/2007 წლების უეფას თასის სეზონში არველაძემ "სევილიას" სტუმრად დუბლი შეუსრულა და "ალკმაარმა" 2:1 იმარჯვა. არადა, რა "სევილია" იყო - უეფას თასის მოქმედი მფლობელი, რომელმაც იმ სეზონში ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ტიტული. ანდალუსიურ კლუბში თამაშობდნენ დანი ალვეში, ლუიშ ფაბიანო, ხესუს ნავასი, ადრიანო და სხვები... მასპინძელთა ურუგვაელმა ჩევანტონმა პენალტით გახსნა ანგარიში, რასაც შოთას ორი გოლი მოჰყვა – 62ე და 90-ე წუთებზე.  

იმავე სეზონში, "ალკმაარმა" მერვედფინალში გამოთიშა "ნიუკასლი". გასვლაზე 2:4 წააგო და შინ 2:0 იმარჯვა. არველაძემ ორივე მატჩში თითო გოლი გაიტანა.

შოთას "ბარსელონასთანაც" აქვს გოლი გატანილი, ოღონდ ამხანაგურში. ეს 1999 წელს. "აიაქსი"-"ბარსელონა" 2:2 დასრულდა და ანგარიში სწორედ არველაძემ გახსნა 26-ე წუთზე. ვინ აღარ თამაშობდა იმ დროს "ბარსაში": რივალდო, ფიგუ, გვარდიოლა, კლუივერტი, კოკუ, ჯოვანი...

გიორგი ქინქლაძის ბრიტანეთში გატანილი გოლებიდან ერთს განსაკუთრებით გამოვარჩევთ: მისი პირველი გოლი იქაურ კარიერაში – პრემიერლიგის მეცხრე ტურამდე "სიტის" მოგება არ ჰქონდა და "ასტონ ვილას" მასპინძლობდა. 89-ე წუთზე "ქინქიმ" შეტევა დაიწყო, ირლანდიელ ნილ ქუინს გაუთამაშა ბურთი, საჯარიმოში კიდევ ერთ კაცს გასცდა და ძლიერი დარტყმით გამარჯვება მოუტანა თავისიანებს.

 

მიხეილ ყაველაშვილს აქვს გოლი გატანილი "სიტი"-"იუნაიტედის" შეხვედრაში (2:3), თანაც, სადებიუტო შეხვედრას ატარებდა "ქალაქელებში". ყაველაშვილმა ახლოდან გაუტანა ლეგენდარულ დანიელ მეკარე პეტერ შმაიხელს და ანგარიში გაათანაბრა 39-ე წუთზე. ამ გოლით 1:1 გახდა. იმავე შეხვედრაში ყაველაშვილს კიდევ ერთხელ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ შმაიხელს თავში მოარტყა ბურთი.

ლადო დვალიშვილის კარიერაში 2009 წელს იყო განსაკუთრებული მატჩი: ლადო ახალი გადასული იყო ჰაიფას "მაკაბიში", მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აკტობეს" ხვდებოდა. გასვლაზე 0:0 დასრულდა, შინ კი "მაკაბი" მე-40 წუთამდე 0:3-ს აგებდა. აბა, ამ დროს რისი იმედიღა უნდა ყოფილიყო, მაგრამ "მაკაბიმ" 4 გოლი გაიტანა და შემდგომ ეტაპზე გავიდა. ამ ოთხიდან, ბოლო 2 გოლი დვალიშვილმა მიითვალა, მანამდე კი ერთი საგოლე პასიც გაახერხა. 

 

ზაზა ჯანაშიას მოსკოვის "ლოკომოტივის" მაისურით ორჯერ აქვს გოლი გატანილი თასების თასის ნახევარფინალში: პირველად 1998 წელს, როცა "ლოკომოტივი" "შტუტგარტს" ეთამაშებოდა. პირველ შეხვედრაში, სტუმრად, მე-15 წუთზე ზაზამ შორიდან ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში, თუმცა გერმანელებმა საბოლოოდ 2:1 მოიგეს. მოსკოვში ასევე "შტუტგარტმა" იმარჯვა (1:0) და ფინალში გავიდა, სადაც "ჩელსისთან" 0:1 წააგო.

მომდევნო წელს, თასების თასის ისტორიაში ბოლო გათამაშების ნახევარფინალში ისევ გაიტანა ჯანაშიამ და ამჯერად გაცილებით ძლიერ გუნდთან – რომის "ლაციოსთან". პირველი მატჩი მოსკოვში გაიმართა და 1:1 დასრულდა. ჯანაშიამ 62-ე წუთზე სისწფრაფეში აჯობა იტალიელთა მცველებს, მეკარე ლუკა მარკეჯანისაც გასცდა და უხერხული პოზიციიდან მოახერხა ზუსტად დარტყმა. "ლაციოდან" ხორვატმა ალენ ბოქშიჩმა გაათანაბრა და 1:1 დასრულდა, რომში კი გოლი არ გასულა  და "ლაციო" ფინალში გავიდა, სადაც ექტორ რაულ კუპერის '”მალიორკას" 2:1 სძლია.

მიხეილ აშვეთიამ 2003/2004 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ინტერს" გაუტანა. მოსკოველებმა 3:0 აჯობეს "ნერაძურის", აშვეთიამ კი 49-ე წუთზე მიითვალა გოლი, რითაც 2:0 გახადა ანგარიში: მარჯვნიდან ჩაწოდების შემდეგ, ახლოდან ცხრიანში დაურტყა ფრანჩესკო ტოლდოს.

გიორგი დემეტრაძეს ევროტურნირებზე სულ 4 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ერთი დაუვიწყარი იყო: მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის II ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მაკრატელათი გაუტანა მეკარე შტეფან ვესელსს. ის შეხვედრა კიეველებმა 2:0 მოიგეს, თუმცა მეოთხედფინალში ვერ გავიდნენ, საინტერესო კი ის იყო, რომ "ბაიერნთან" კახა კალაძემაც გაიტანა: ახლოდან თავით.

კალაძე... მისი გოლებიდან, რა თქმა უნდა, "ბაიერნთან" გატანილიც აღსანიშნავია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო 2006 წელს "მადონინაში", რომელიც "მილანმა" 1:0 მოიგო. კალაძემ გრძელი პასის შემდეგ, მკერდზე მიიღო ბურთი და ძლიერი დარტყმით ცხრიანში გაგზავნა. "როსონერიმ" 1:0 სძლია "ინტერს".

ლევან მჭედლიძის გოლი: 2008 წელს "პალერმომ" ტურინში 2:1 მოუგო "იუვენტუსს" და 82-ე წუთზე 18 წლის ქართველმა ფორვარდმა დაბალი დარტყმით გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს. მჭედლიძე იმ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა.

ჯანო ანანიძემ 2,5 წლის წინ "ბაზელი"-"სპარტაკის" მატჩის ბოლო წუთზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი და მოსკოველებმა 3:2 იმარჯვეს სტუმრად. ეს იყო ევროპის ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი. ანანიძემ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. არც "ბაზელი" იჯო ჯაბანი და თანაც, მნიშვნელოვანი გოლი იყო.  

ლევან კობიაშვილს ორჯერ გაუტანია ოლივერ კანისთვის და ორივეჯერ ლამაზი გოლი: ერთხელ საჯარიმო, როცა "ფრაიბურგში" თამაშობდა და მეორედ შორიდან ცხრიანში, როცა "შალკეში" გამოდიოდა. თუმცა, "კობის" მიერ ევროტურნირებზე გატანილი 9 გოლიდან, მესამედი პსვ-ს კარში გავიდა. ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე – მსგავსი რამ კიდევ როდის გვეღირსება ქართველებს?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119072