მაისის ბაშოს დასკვნითი დღის წინ, უაღრესად საინტერესო ვითარება შეიქმნა. 11 მოგებით ლიდერებში ოძეკი კისენოსატო და რიგითი მაეგაშირები – ტოჩიოძანი და კიოკუტენჰო იმყოფებიან, 10-10 გამარჯვება კი იოკოძუნა ჰაკუჰოს და ასევე რიგით მაეგაშირებს – ოკინოუმისა და აოიამას გააჩნიათ. მოკლედ, უკანასკნელი ტურის ბრძოლებამდე, “იმპერატორის თასის” მოგების შანსს ერთბაშად ექვსი სუმოისტი ინარჩუნებს, რაც უიშვიათესი შემთხვევაა.
სასიხარულოა, რომ ფავორიტთა ექვსეულის შემდეგ მოდის ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელმაც მე-3 მაეგაშირა ტოიოჰიბიკის ჰატაკიკომით სძლია და მე-9 გამარჯვება იზეიმა. ტოჩინოშინის დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში განაღდებული აქვს, ამდენად, აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას ტიტულს, მომავალი ტურნირისთვის გაცილებით უკეთეს წოდებაზე გაცვლის.
სამწუხაროდ, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგუკანში” მიმდინარე ტურნირს აქტივში ნამდვილად ვერ მივუთვლით მაკუუჩის ყველაზე მძიმე (200 კგ.) სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუმ 4 მოგების ფონზე მე-10 მარცხი პირველ მაეგაშირა ტაკაიასუსთან განიცადა და მომავალ ბანძუკეში დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებას დაემშვიდობება. ცხადია, ჯუღელს თვალში საცემი ვარდნა ელის. ნაცუ ბაშოს დასკვნით დღეს (სენსიურაკე) გაგამარუ მე-5 მიაბიამას შეერკინება, ხოლო ტოჩინოშინის მეტოქე მე-2 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.
ცხადია, ინტერესს იწვევს ლიდერთა შერკინებებიც. გადამწყვეტ ტურში ერთმანეთის პირისპირ დადგებიან: ჰაკუჰო (10 მოგება) – ჰარუმაფუჯი (7), კისენოსატო (11) – ბარუტო (8), კოტოოშუ (8) – ტოჩიოძანი (11), ტოიონოშიმა (6) – ოკინოუმი (10), კიოკუტენჰო (11) – გოეიდო (8), აოიამა (10) – ამინიშიკი (7).
http://www.youtube.com/watch?v=jeRuS-L4uLk&list=UUsyhbQggi0M3t_DMePOLgSw&index=1&feature=plcp







