კალათბურთი

22:23 | 2.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ცუდად დაწყებული კარგად დაასრულეს

კარგა ხანია, ასეთი დრამატული თამაში ქუთაისში არ ყოფილა. ამ მატჩში იყო ყველაფერი, რაც კალათბურთისთვის არის დამახასიათებელი და რისთვისაც უყვარს მილიონობით ქომაგს სპორტის ეს სახეობა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ თამაშის ბოლო წუთები მთელი შეხვედრის მშვენება აღმოჩნდა და ქომაგობით გამხნევებულმა ქუთაისელმა კალათბურთელებმა ხელიდან გამოჰგლიჯეს გამარჯვება მოწინააღმდეგეს.
მატჩის ძირითადი ნაწილი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და ძნელია გაიხსენო მთელი ოთხი პერიოდის განმავლობაში ის მომენტი, როდესაც ქუთათურები ანგარიშში წინ იყვნენ. სტუდენტებმა თავიდანვე მაღალი ტემპი და ხისტი თამაში შესთავაზეს მასპინძლებს. თბილისელები დებიუტიდანვე დაწინაურდნენ და პირველი პერიოდი 7-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. მათგან სერბი ლეგიონერები და ჩიკვილაძე გამოირჩეოდნენ. მართალია, სამხრეთ სლავებმა ისეთი შთაბეჭდილება ვერ დატოვეს, როგორც შსს-ს ლეგიონერებმა, მაგრამ ისინი მოედანზე მაინც ყველაზე გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ.
აქვე უნდა აღინიშნოს ის საოცარი უიღბლობა, რომელიც ქუთათურებს თან სდევდათ მთელი მატჩის განმავლობაში. გუნდმა, რომელიც სამქულიანების შესრულებებით ერთ-ერთი გამორჩეულია მთელს ჩემპიონატში, სტუდენტებთან პაექრობაში 21 ტყორცნიდან მხოლოდ 4 ჩააგდო.
მე-2 პერიოდში თამაში შედარებით თანაბარი იყო და ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა შეძლეს სამ ქულამდე სხვაობის შემცირება. რიონისპირელთაგან ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იყო რიჩარდ მათიაშვილი გახლდათ. ის სტაბილურად თამაშობდა და მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელებს დიდ სხვაობით წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდა. სამაგიეროდ, სტუმრებს კარგად მისდიოდათ სამქულიანი ტყორცნები, რომლებმაც ჯამში, 11-ჯერ შეასრულეს ზუსტი სროლა პერიმეტრიდან.
მე-3 პერიოდში, მოედანზე ისევ სტუმრები დომინირებდნენ და დასკვნით პერიოდს ისინი 9-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. მასპინძლებმა მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში პრესინგს მიმართეს და მოწინააღმდეგეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს, მაგრამ სტუდენტები მაინც ახერხებდნენ 7-ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნებას. თუმცა, მატჩის დასრულებამდე 46 წამით ადრე, ქუთათურებმა მაინც იძალეს და გიორგი ცეკვავას შედეგიანი თამაშის წყალობით, ერთი ქულით წინ გასვლა მოახერხეს (უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გიორგიმ მატჩის დასკვნით ხუთწუთეულში 9 ქულის მოგროვება შეძლო).
ამას თბილისელთა წარუმატებელი შეტევა მოჰყვა და ქუთაისელთა მორიგი შეტევა სტუდენტებმა ჯარიმით ჩაშალეს, რომლის შედეგადაც ქუთათურებმა ერთი ქულით გაზარდეს თავიანთი უპირატესობა. სტუდენტებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს ბურთის დაკარგვა, მაგრამ მალევე შეძლეს სწრაფი კონტრშეტევა, რომლის დროსაც მასპინძლები ტომარაძეზე დაჯარიმდნენ. ახალგაზრდა ფორვარდმა მაყურებელთა გამაყრუებელი ყიჟინა არაფრად ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა – 84:84.
მიუხედავად არც თუ შთამბეჭდავი თამაშისა, მატჩის გმირი თეიმურაზ ბაბუნაშვილი გამოდგა, რომელმაც ბოლო წამზე ზუსტი ტყორცნა განახორციელა და თავის გუნდს დრამატულ ორთაბრძოლაში, მეტად საჭირო გამარჯვება მოაპოვებინა.
 

ქუთაისი – თსსუ 86:84
(18:25, 24:20, 18:24, 26:15)
02.12. 18:00. ქუთაისი. სპორტის სასახლე. 800 მაყურებელი
ქუთაისი: ფაშაევი (2), ბაბუნაშვილი (4), დიდია (8), ცეკვავა (17), დავით ბარბაქაძე (11), ლომინაშვილი, გიორგი ბარბაქაძე (9), ქორიძე (6), მათიაშვილი (29).              მთავარი მწვრთნელი: მალხაზ კოხრეიძე
თსსუ: ტომარაძე (6), ჩიკვილაძე (16), ყველაშვილი, ბექაური (8), პირველაშვილი (1), აბაიშვილი (4), შვანგირაძე (12), ჭოჭუა (8), ილიჩი (15), სამოილოვიჩი (14)
მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ კანდელაკი
არბიტრები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, გურამ მიქელაძე
 

ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092577