ძიუდო

18:17 | 15.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ცირეკიძეს და ჟორჟოლიანს კენჭი უყარეს

16-18 დეკემბერს ჩინეთის ქალაქი ქინგდაო ძიუდოში 2011 წლის სეზონის დამაგვირგვინებელ საერთაშორისო ტურნირს – დიდ პრიზს უმასპინძლებს. ოთხიოდ დღის წინ ჩამთავრებული ტოკიოს დიდი სლემის მსგავსად, საქართველოს ნაკრების წინასაოლიმპიადო მოსამზადებელ გეგმაში ვერც ეს შეჯიბრება ჩაჯდა. ამიტომაც იყო, იაპონურ ტატამზე მხოლოდ ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) რომ გავიდა. ოლიმპიური ჩემპიონი დიდ სლემზე მიღებული ტრავმის მიუხედავად, დიდი პრიზის განაცხადშიც ჩაეწერა და სავარაუდოდ კიმონოსაც მოირგებს. მის გარდა ქინგდაოში საქმეში ამავე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანიც ჩაერთვება. აზიურ ტურნირებზე გამოსვლა და სარეიტინგო ქულებისთვის ბრძოლა თავად ცირეკიძისა და ჟორჟოლიანის ინიციატივა იყო, რათა შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობის დამტკიცების საშუალება მიეცეთ. სწორედ ამ ორ სპორტსმენს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ზაიზენბახერმა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე წასაყვანი გუნდის დაკომპლექტებისას.
100 კილოგრამში დიდი პრიზის მედლები სამდღიანი ტურნირის დასკვნით დღეს – 18 დეკემბერს გათამაშდება. კენჭისყრაში 36-მა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა და ქართველები იმ 30-ს შორის მოხვდნენ, შეჯიბრებას მეორე წრით რომ გახსნიან. ირაკლი ცირეკიძეს პირველ მეტოქედ უნგრელი ბალინტ ფარკაში ერგო. მერვედფინალში კი მისი სავარაუდო მოწინააღმდეგეები ფრანგი ტიერი ფაბრე, იაპონელი რიუნოსუკე ჰაგა და ტაჯიკი მუხამადმუროდ აბდურახმანოვი არიან. სატურნირო ბადის ამავე მხარესაა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სამხრეთკორეელი ჰი-ტაე ჰვანგი. Mისი და ცირეკიძის გზები ნახევარფინალში იკვეთება.
ჟორჟოლიანი ტურნირს მაროკოელ ადილ ფიკრისა და ამერიკელ შინტარო ჰიგაჩის შორის მოგებულთან შეხვედრით გახსნის. მერვედფინალში ან ფრანგ კირილ მარეს დაეჭიდება, ან მასპინძელ დონგმინგ ჩაოს. ხოლო თუ ამ ბარიერსაც დაძლევს, სავარაუდოდ ეგვიპტელ მსოფლიოს პრიზიორ რამადან დარვიშთან და ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელთან, ევროპის ჩემპიონ ელკო ფან დერ ხესტთან მოუწევს ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალ გზაზე ბრძოლა.
დიდი პრიზის ჩემპიონობა 200 სარეიტინგო ქულად ფასობს, ვერცხლისმედალოსნები 120 ქულას მიიღებენ, ბრინჯაოსნები – 80-ს.
 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094786