კალათბურთი

14:23 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე მაკედონიის ჩემპიონში ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 28 წლის მცველი გიორგი ცინცაძე მაკედონიის უძლიერესი კლუბის – “მზტ სკოპიე აეროდრომის” წევრი გახდა, სადაც მისი მწვრთნელი ცნობილი სლოვენიელი სპეციალისტი ზმაგო საგადინი იქნება.

ცნობისთვის, ბოლო წლებია, სკოპიელებს შიდა ასპარეზზე ღირსეული კონკურენტი არ ჰყავთ. დედაქალაქელები უკანასკნელი 3 წელია დუბლს ასრულებენ ანუ მაკედონიის ჩემპიონატსაც იგებენ და თასის გათამაშებასაც.

ცინცაძესთან ერთად, “სკოპიემ” სლოვენიელი ცენტრი მარკო პაჯიჩიც გადაიბირა, გუნდში ასევე არიან სერბი უკანახაზელი ალეკსანდარ ცვეტკოვიჩი და მაკედონიის ნაკრების მოთამაშეები – გიორგი ჩეკოვსკი, ტოდორ გეჩევსკი და დამიან სტოიანოვსკი.

ისიც ვთქვათ, რომ მომავალ სეზონში “მზტ სკოპიე” შიდა ასპარეზის გარდა, ძალებს ადრიატიკის ლიგაშიც მოსინჯავს, სადაც მეტოქეებად სერბული, ხორვატული, ჩერნოგორიული, სლოვენიური, უნგრული, ბულგარული კლუბები ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა გასული სეზონი უკრაიულ “დონეცკში” დაიწყო და 16 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 5.1 ქულა, 1.6 მოხსნა და 3.6 პასი იყო. გიორგი დონეცკელებს უკრაინის თასის ფინალში გასვლაშიც დაეხმარა.

სეზონის მე-2 ნაწილში ცინცაძემ უკვე ლიბანურ “ჩემპვილს” მიაშურა და 14 თამაშის ჩატარება მოასწრო, საშუალოდ კი 15.4 ქულას, 4.0 მოხსნას და 6.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ამჟამად, გიორგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111143