გუშინ, წვიმიან ამინდში, თბილისელებს ქუჩაში იშვიათად ნახავდი, ყველა სახლებს, ანაც, სამსახურებს იყო შეფარებული. დოლიძის ქუჩაზე, 195-ე სკოლის ქვემოთ, საფეხბურთო მოედანზე კი, 12 წლის ბიჭები წვიმას არად დაგიდევდნენ და ერთი ჟრიამული იდგა. გულმა არ მომითმინა და ჩავედი. წვიმისგან დამძიმებულ საფარზე ცეცხლი ენთო – 13 ლამაზი გოლი გავიდა 50 წუთში მაქსი ცეცაძის ტურნირის ფინალში...
მაქსი ცეცაძე თბილისელი ბიჭი იყო, დოლიძისქუჩელი. 1993 წლის სექტემბერში, როცა ჩვენები სოხუმს ტოვებდნენ, ბატალიონის უფროსი მაქსი ცეცაძე ტანკში ჩაჯდა და პირველი გაეშურა მტერთან შესახვედრად. და როგორც აღმოჩნდა - მარტო გაეშურა... მას მერე აღარავის უნახავს... მეგობრებს რამდენიმე წლის წინ მოუკრავთ თვალი კომპიუტერში კადრისთვის, როცა ვიღაცა კავკასიელი მებრძოლი. მაქსი ცეცაძის პასპორტს უჩვენებს და იკვეხნის, მე მოვკალიო და ჯილდოს ითხოვს...
თბილისმა იცის კარგი ბიჭების ყადრი და მისმა სამეგობრომ, დოლიძის ქუჩაზე მიმდებარე “მთვარის გლობუსის” საფეხბურთო სკოლაში ცეცაძის სახელობის ტურნირი დააარსა პატარა ბიჭებს შორის, რომელსაც სათავეში ცეცაძის სიყრმის მეგობარი და კარგი კაცი, გია მაისურაძე ჩაუდგა. ამ ოცი წლის წინ აქ, მდინარე ვერეს ხეობიდან რამდენიმე მეტრში, გია მაისურაძემ საფეხბურთო სკოლა დააარსა და მას მერე, გია მასწავლებელმა საქართველოს ეროვნული ნაკრების 6, 8 ახალგაზრდულის და 32 ეროვნული ჩემპიონატის წევრი გაზარდა... ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გიორგი ლომაია, აი, ამ მოედანზე იტყავებდა გვერდებს. გივი კვარაცხელია, ჯაბა დვალი, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი კანდელაკი, ზურაბ მამალაძე, გიორგი ხუციშვილი... ბევრი კარგი ფეხბურთელი გაგვიზარდა გია მასწავლებელმა... ახლაც სამოცდაათამდე ბავშვს ავარჯიშებს...
ტურნირზე გიყვებოდით – 8 გუნდიდან (“მთვარის გლობუსის” ორი, “ავლაბარი”, “ნორჩი დინამოელი”, “ხილიანი”, “წყნეთი”, “მაქვულდი”), ფინალში “მთვარის გლობუსი” (მწვრთნელი ჯაბა კალმახელიძე) და “ავლაბარი” (მამუკა გაბრიჩიძე) გავიდნენ. თამაში იყო... არც მე შევეპუე წვიმას და პატარებთან ერთად კარგა გვარიანად დავსველდი. არ მინანია: 7:6 მოიგეს მასპინძლებმა და თასი დაისაკუთრეს. ბოლომდე დავესწარი დაჯილდოებას, რომ ზოგიერთის გვარი ჩამენიშნა: საუკეთესო მეკარე _ ლევან თეზელიშვილი (“მთვარის გლობუსი”), მცველი _ კოტე ქირია (“ნორჩი დინამოელი”), ნახევარმცველი _ ნიკა ქრისტესიაშვილი (“ავლაბარი”), თავდამსხმელი _ თაზო ნინოშვილი (“ავლაბარი”), ბომბარდირი კი ლუკა ნიშნიანიძე გახდა 8 გოლით _ ფინალშიც ჰეთ თრიქი გაახერხა! საუკეთესო ფეხბურთელად ასევე მასპინძელი ნიკა ქალაშვილი აღიარეს, ამათ გარდა, მე თავდამსხმელი გიორგი აბულაძეც ძალიან მომეწონა. დოლიძის ქუჩელებმა კი, ფული შეკრიბეს და მაქსი ცეცაძის სახელზე, საკუთარი პრიზი დააწესეს – “ტურნირის ჯიგარი”, რომელიც ჩია დავით კიკაძეს მიაკუთვნეს...
გალუმპული კი მოვდიოდი ხილიანიდან, მაგრამ ამაყად ვიყავი, რაკიღა, თბილისელებს გმირები ისევ ახსოვთ, ნიჭიერი ბიჭები კი ისევ გვეზრდებიან-მეთქი... არ დაგიმალავთ და ქართველ ბიზნესმენებზეც ვფიქრობდი, იმ ბიზნესმენებზე, ფეხბურთი რომ არ აინტერესებთ. თუ ამ სტატიას წაიკითხავენ, იცოდნენ, რომ ზედ შუბლის შუაგულში, ერთი მნიშვნელოვანი ძარღვია და თუ გაწყვეტილი არა აქვთ, იქნება “მთვარის გლობუსსა” და გია მაისურძეს ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი უფეშქაშონ, ვინძლო, უფრო მეტი ვარსკვლავი გაგვეზარდოს...
მამუკა კვარაცხელია









