17 ოქტომბერს, 50 წელი შესრულდა, რაც ჭადრაკში, ქალთა შორის, მსოფლიო ტიტულისთვის ბრძოლაში, მოსკოვში გამართულ მატჩში, ნონა გაფრინდაშვილმა იმჟამინდელი ჩემპიონი ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა და პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული პირველად მოიპოვა.
ამ მოვლენის აღსანიშნავად, დღეს, სასტუმრო “რედისონ ბლუს” საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ნონას საიუბილეო საღამო, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო დაფინანსებული. ივანიშვილთან და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად, საიუბილეო საღამოს მომავალი პარლამენტის წევრები (დავით უსუფაშვილი, დავით საგანელიძე, ლერი ხაბელოვი...), სპორტის მომავალი მინისტრი ლევან ყიფიანი, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
საიუბილეო საღამოს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, ცნობილი ქართველი მსახიობი, კინომსახიობთა თეატრის წევრი, ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდა.
საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას უჩვენეს დოკუმენტური ფილმი “ჩვენი ნონა”, რომელიც ნონა გაფრინდაშვილი _ ელიზავეტა ბიკოვას 1962 წლის მატჩს ეძღვნება. ფილმის დასრულების შემდეგ, ტრიბუნა გამომსვლელებმა დაიკავეს.
ბიძინა ივანიშვილი: “6 წლის ვიყავი, “ჩვენი ნონა” მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა. ამ ინფორმაციამ მოაღწია საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილამდეც, სადაც დავიბადე და ბავშვობა გავატარე.
ქალბატონმა ნონამ დიდი როლი ითამაშა საქართველოს ჭადრაკის განვითარებაში. ქალბატონო ნონა, პროფესიონალი მოჭადრაკე არ ვარ, მაგრამ თუ ერთობლივი თამაშების სეანსს ჩაატარებთ 50-70 მონაწილესთან, სერიოზულ წინააღმდეგობას გაგიწევთ.
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: პოლიტიკაში შემთხვევით მოვხვდი და არ ვიცი, როდემდე დავრჩები. მე და ქალბატონი ნონა ვერ შევთანხმდით, თუ რა ფორმით შეგვეცვალა ხელისუფლება. ამ შემთხვევაში, ჩემმა ვარიანტმა გაამართლა და მთავრობაში არჩევნების გზით მოვედით...
ვუსურვებ ქალბატონ ნონას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ყოველივე კარგს ცხოვრებაში”.
გია გიორგაძე (ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი): “ქალბატონმა ნონამ ჭადრაკში სათავე დაუდო ქართველ მანდილოსანთა 30-წლიან ბატონობას. აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის ჭადრაკის გვირგვინის ბედი თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროსპექტზე წყდებოდა, სადაც ნონა და ასევე 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე ცხოვრობენ.
ნონას დაბადებიდან 70 წელი, შარშან, 2011 წელს შეუსრულდა, მაგრამ იუბილის აღნიშვნა არ ისურვა. იბრძვის როგორც ჭადრაკში, ისე ცხოვრებაში.
იმდენად უყვარს წიგნების კითხვა, რომ მის გარეშე საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის დროსაც ვერ ძლებს და თან დააქვს. მომავალში, ტურნირებზე წიგნები რომ აღარ ატაროს, ჭადრაკის ფედერაცია ქალბატონ ნონას, რომელიც ამ დღეებში სენიორების მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება, “აიპოდით” აჯილდოვებს”.
მაია ჩიბურდანიძე (მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი): “ნონა რომ არ ყოფილიყო, მოჭადრაკე არც მე ვიქნებოდი. ორივე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები ვართ, ორივე ვთამაშობდით ვაჟთა შორის, ორივეს გვაქვს მოპოვებული საჭადრაკო ოსკარი, მაგრამ ნონას ჩემზე ორით მეტი, ოლიმპიადა აქვს მოგებული - 11-ჯერ.
ნონას უამრავი დადებითი თვისება აქვს, მათ შორის, გულწრფელობა, ერთგულება, გამარჯვების ჟინი, მაქსიმალიზმი და სხვა. ნონას დაფასება, ქართული ჭადრაკის დაფასებაა”.
ზურაბ აზმაიფარაშვილი (საერთაშორისო დიდოსტატი, ევროპის ჩემპიონი): “ნონას ხელში გავიზარდე. ისე მოხდა, რომ კოლეგები გავხდით, ქართული ჭადრაკის სამყაროში იდეების ჭიდილისას, მოვახერხეთ და სხვადასხვა მხარეს მყოფი მოჭადრაკეები გავაერთიანეთ - 2000 წელს, ნონა ფედერაციის პირველი, ხოლო მე, თანაპრეზიდენტი გავხდი”.
ლევან ყიფიანი: “ამ საღამოზე სიტყვით გამოსვლისთვის არ მოვმზადებულვარ. არჩევნების დროს, ქალბატონი ნონა ერთ-ერთი იმ სპორტსმენთაგანი იყო, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები რჩევას ვეკითხებოდით. ქალბატონო ნონა, თქვენი მხარდაჭერის იმედი მომავალშიც გვაქვს. თქვენ ის ქალბატონი ხართ, რომელსაც ჭადრაკის მეფის გვირგვინი ეკუთვნის. ამ დღეებში ნონაზე ბედნიერს ვერ ნახავთ. მომავალში, ჩვენ არავინ გამოგვრჩება და ყველა ვეტერან სპორტსმენს მოვეფერებით”.
ვაჟა შუბლაძე (ჭადრაკის ფედერაციის ექს-პრეზიდენტი): “ჭადრაკის ფედერაციას 1993-98 წლებში ვხელმძღვანელობდი. 1996 წლის ოლიმპიადაზე ჩვენმა ქალბატონებმა პირველი, ხოლო ვაჟებმა მე-5 ადგილი დაიკავეს. შევაჯამეთ შედეგები და მთლიანობაში პირველ ადგილზე გავედით. შემდეგ დამებადა იდეა, ქალთა და ვაჟთა შორის ერთობლივი, საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნისთვის ნონას სახელობის თასი დაგვეწესებინა. ჩვენს მიერ წამოყენებული იდეა ფიდემ 1997 წლის 7 სექტემბერს დაამტკიცა, ნონას თასი დღესაც თამაშდება და მომავალშიც გათამაშდება. სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციების მიერ დაწესებულ ტურნირებს შორის, ნონას თასი ერთადერთია, რომელიც ქართველი სპორტსმენის სახელს ატარებს”.
ნონა გაფრინდაშვილი: “მოგესალმებით ბატონო ბიძინა, მოგესალმებით ყველას. პირველი ოქტომბერი რომ არ ყოფილიყო, ეს აღნიშვნა არ იქნებოდა.
მე მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. ჩვენს ოჯახში სხვადასხვა სახის დღეობებს ხშირად აღვნიშნავდით. არც ჩემი, 70 წლის იუბილეს აღნიშვნა გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მიზანშეწონილად არ ჩავთვალე. მეშინოდა, რომ აწ უკვე ყოფილი ხელისუფლება პოზიციებს სისხლის გარეშე არ დათმობდა. ბატონო ბიძინა, თქვენ გვაიმედებდით, რომ ხელისუფლებაში სისხლის გარეშე მიხვიდოდით. სასიხარულოდ, ჩემი ვარაუდი არ გამართლდა და არჩევნებმა უსისხლოდ ჩაიარა. მაინც მგონია, რომ წინ კიდევ ბევრი წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება.
რაც შეეხება 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებას, ენით აუწერელი განცდა იყო. მოსკოვიდან მატარებლით ვიმგზავრეთ. საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, მატარებელი ყველგან ჩერდებოდა. 2 დღე არ გვიძინია. ყველა სადგურზე მიწევდა ხალხთან შეხვედრა. საოცარი შეხვედრა მოგვიწყვეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მას შემდეგ კიდევ 4-ჯერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ასეთი განცდა აღარ ყოფილა.
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის”.
...შეგახსენებთ “ჩვენი ნონას” ტიტულებს:
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი;
11-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;
ქალთა შორის პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი;
მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ქალი;
ვაჟთა შორის პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალი;
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი.
როლანდ ლაბუჩიძე







