ძიუდო

9:44 | 24.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილმა აგადირიდან მსოფლიოს გადმოხედა

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა 2010 წლის სეზონი ოქროს დუბლით დაიმშვენა. ერთი თვის წინათ, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩატარებულ ევროპირველობაზე მოგებულ ჩემპიონის ტიტულს, გუშინ, მაროკოს ქალაქ აგადირში მოპოვებული დიდი გამარჯვება მიამატა. აფრიკულ ტრიუმფს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ის ხდის, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალსა და ფინალში იაპონელი მეტოქეები დაჩაგრა.
სულ ჭრიკიშვილმა 6 შეხვედრა გამართა. საჩემპიონო გზას ამერიკელი დერეკ ვოიციკის წუთსა და 19 წამში დაიპონებით შეუყვა. უკრაინელ დენის გრიგორენკოსა და სლოვენიელ გასპერ ჯერმანს თითო იუკოთი გასცდა. თურქ ბატუჰან ეფემგილს ორ წუთსა და 19 წამში მოუმთავრა საქმე. ნახევარფინალში იუნ ტოიოდას იუკო აკმარა, გადამწყვეტი გამარჯვება კი იუიჩი კიტანოსთან ვაზარით მოიპოვა.
81 კილოგრამში საქართველოს სახელით გიორგი მერმანიშვილმაც იჭიდავა და მანაც ბრწყინვალედ დაიწყო – უზბეკი დავრონბეკ სატოროვის, მაროკოელი ამინ აჰდა აჰმედისა და სლოვაკი არპად სზაკაცის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში უნგრელ კრიშტიან ტოთთან თავად წა-მოეგო იპონზე და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს 2 მოგებაღა აშორებდა, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში, ოქროს დროში, ამერიკელ მაქს გოლემბოსთან გაფრთხილებით დამარცხდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.
90 კილოგრამში მოჭიდავე არჩილ შინჯიკაშვილს კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ასასვლელად სულაც, ერთი მეტოქის ძლევა დააკლდა. მედალი უნგრელ გაბორ ვერთან იპონით და¬კარგა. არადა ვაზარს იგებდა. ჩემპიონატში შინჯიკაშვილი მე-2 წრიდან ჩაერთო და ყაზახ აიტუარ აბდულოვს წუთსა და 21 წამში მოუმთავრა საქმე. მაროკოელ ტაიბ მალკის მე-4 წუთზე შეუსრულა წმინდა გდება. მეოთხედფინალში კი უკრაინელ სტანისლავ რეტინსკისთან ასევე იპონით წააგო და ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, სადაც გაბორ ვერთან დაპირისპირებამდე ფრანგ ალექსანდრ იდირს ორ წუთსა და 39 წამში გასცდა.
ამავე წონაში, კიმონო ევროპის ვერცხლის პრიზიორმა გიორგი ნოზაძემაც მოირგო, მაგრამ მოულოდნელად, პირველსავე წრეში, ესტონელ გრიგორი მინაშკინთან იპონით დამარცხდა და ჩემპიონატს დაემშვიდობა.
გუშინვე, ჩემპიონატში საქართველოს გოგონათა ნაკრების ერთადერთი წევრი, შორენა შარაძეც ჩაერთო. ავსტრალიელ სტევი კელის ორ წუთში აჯობა, ხორვატ ანდრეა დაკოვიჩთან კი მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ჩემპიონატის ბოლო, მეოთხე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და გოგონათა ბოლო ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ონისე ბუღაძე, გიორგი კო¬ბერიძე (ორივე 100 კგ), უშანგი კოკაური და ლევან მათიაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ. ბუღაძის პირველი მეტოქე ბულგარელი დანიელ დიჩევი იქნება, კობერიძე ლიბანელ ტარეკ ფაჰმის შეხვდება, კოკაური – მაროკოელ ჰოსნი რჰაფარს, ხოლო მათიაშვილი – რუმინელ დანიელ ნატეას.

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. ახალგაზრდები. აგადირი. მაროკო. 23 ოქტომბერი
ვაჟები
81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართ.)
2 იუიჩი კიტანო (იაპონია)
3 იუნ ტოიოდა (იაპონია)
3 კრიშტიან ტოთი (უნგრეთი)
90 კგ
1 მაგომედ მაგომედოვი (რუსეთი)
2 მინ-ჰო ჰვანგი (სამხრეთ კორეა)
3 გაბორ ვერი (უნგრეთი)
3 შაჰინ გაჰრამანოვი (აზერბაიჯანი)
გოგონები
63 კგ

1 მიკუ ტაშირო (იაპონია)
2 ვლორა ბედეტი (სლოვენია)
3 ჯიალინგ ჟენგი (ჩინეთი)
3 კატრინ უნტერვურზაჩერი (ავსტრია)
70 კგ
1 კიმ პოლინგი (ჰოლანდია)
2 ნაცუმი ბაბა (იაპონია)
3 სეონგ-იონ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 იური მაცუნობუ (იაპონია)

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.098532