საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) სამოას მსოფლიოს თასზე ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო და ბრინჯაოს მედალთან ერთად 40 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.
უვარსკვლავებო ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა, ავსტრალიელი კაი ტროტერის წმინდად დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში თურქ აჰმეთ სარის ვეღარაფერი მოუხერხა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ბრიტანელ თომას დევისს ვაზარ-იუკოთი აჯობა. ბრინჯაოს ფინალში კი ჩინელ რიჯიგავა სის იუკო აკმარა.
შეგახსენებთ, ჭრიკიშვილი მსოფლიოს რეიტინგში 28-ე ადგილზეა და აჰმეტ სარის 21 საფეხურით უსწრებს. სამოას მსოფლიოს თასზე თურქიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ოქროს მედლით და 100 ქულით კი რეიტინგის 34-ე ადგილოსანმა ალჯაზ სედეჟმა გაიხარა.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 90, 100 და +100 კილოგრამებშიც გამოვლინდნენ. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შვეიცარიელი დომინიკ ჰიშერი (90 კგ), უკრაინელი არტემ ბლოშენკო (100 კგ) და ბრიტანელი კრისტოფერ შერინგერი (+100 კგ) ავიდნენ.
საქართველოს ნაკრები ოკეანეთში მხოლოდ ორი სპორტსმენითაა ჩასული. ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) ტატამზე ამაღამ გავა. სარეიტინგო ქულები მას ჰაერივით სჭირდება. ამჟამინდელი რეიტინგით 73 კილოგრამი ერთადერთი წონაა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტი ლონდონის სალიცენზიო განაცხადში ვერ ხვდება.
ოთარ მაღლაკელიძე







