თბილისის სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა ევროპის მე-12 ინდივიდუალური ჩემპიონატის ბოლოსწინა, მე-10 ტური დასასრულს მიუახლოვდა. გამორჩეულ ინტერესს იწვევს ლიდერთა შორის მყოფ მოჭადრაკეთა პაექრობა. შესანიშნავ ფორმაში იმყოფება ლიტველი საერთაშორისო დიდოსტატი ვიქტორია ჩმილიტე, რომელმაც ბოლოსწინა, მე-9 ტურში შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-განტს (7 ქულა) მოუგო, 8,5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
დასრულდა ანტუანეტა სტეფანოვასა (ბულგარეთი, 7 ქულა) და უკრაინელ კატერინა ლაჰნუს შეხვედრა, რომელსაც ასევე 7 ქულა ჰქონდა - გაიმარჯვა სტეფანოვამ.
ლიდერთა შორიახლოს მყოფი მოჭადრაკეებიდან, აღსანიშნავია სვეტლანა მატვეევას (რუსეთი) 6,5 ქულით გამარჯვება, რომელმაც 6 ქულის მქონე უკრაინელი მარია მუზიჩუკი დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა (6) ევგენია ოვოდს (6) მოუგო, 7 ქულა დააგროვა და საპრიზო ადგილზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
სამწუხაროდ, დამარცხდა ამდენივე ქულის მქონე ნინო ბაციაშვილი, რომელიც ანასტასია ბონდარუკს (რუსეთი, 6) ეთამაშებოდა. გაიმარჯვა ნაზი პაიკიძემ, რომელმაც თანამემამულე მერი არაბიძეს მოუგო. ამ მოჭადრაკეებს 5,5-5,5 ქულა ჰქონდათ.
ყაიმით დასრულდა 6,5-6,5 ქულის მქონე ტატიანა კოსინცევას (რუსეთი) და ბელა ხოტენაშვილის შეხვედრა.
ამრიგად, ბოლოსწინა, მე-10 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება ვიქტორია ჩმილიტე (8,5), მეორე ადგილზეა ანტუანეტა სტეფანოვა (8), 7,5-7,5 ქულით III-IV ადგილებს იყოფენ სვეტლანა მატვეევა და ელინა დანიელიანი. რამდენიმე მოჭადრაკეს აქვს 7-7 ქულა, რომელთა შორის ქეთევან არახამია-გრანტი, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი იმყოფებიან, რომლებიც პრიზიორთა შორის მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.







