ფეხბურთი

19:09 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურამ" თავისი მაინც გაიტანა

 

შედეგიანი ფრე, თუ გუნდების შესაძლებლობებს შორის დიდი განსხვავება არაა, ყოველთვის სტუმართათვისაა სასარგებლო და შესაბამისად, საჩხერის "ჩიხურა" კმაყოფილი დარჩა შედეგით. მითუმეტეს, სოსო ფრუიძის გუნდი აგებდა და პენალტით გაათანაბრა ანგარიში. შეხსენებისთვის, ეს გუნდები შარშან ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და "ჩიხურამ" გადალახა ეტაპი (2:0, 0:1). საჩხერელები ამჯერადაც ფავორიტები არიან.

პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა ეს უფრო იმით აიხსნებოდა, რომ "სიონის" ფეხბურთელები ზოგჯერ ელემენტარულ სიტუაციაში ცდებოდნენ. მაგალითად, ბურთის ამოტანისას ორჯერ იყო შემთხვევა, როცა საკუთარ კართან ხიფათი მოიგონეს. ყველაზე რეალური შანსი მე-18 წუთზე იყო, როცა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ლაშა თოთაძემ თავით უხერხულად მოიგერია და ვაჟა ლომაშვილი ახლოდან ურტყამდა, თუმცა მცველებმა დაუფარეს.

ტაიმის შუაწელს გიორგი გაბედავას აუღო მირზა მერლანმა, ხოლო ჯაბა ჯიღაურმა ოდნავ ააცილა კარს. "სიონის" ერთი კონტრშეტევაა გამოსარჩევი, რომელიც გიორგი კახელიშვილმა დაიწყო და ჯაბა უგულავამ გააგრძელა, საბოლოდ კი, პასი სწორედ კახელიშვილზე გაკეთდა, რომელმაც ოდნავ ვერ მიუსწრო ბურთს, არადა, გოლი გარდაუვალი იქნებოდა. ბოლნისელთა თამაში უკეთესი იქნებოდა, თორნიკე აფციაური მინდორზე რომ ყოფილიყო – წინა დღეებში შეუძლოდ გახლდათ, არ უვარჯიშია და ამიტომ ტოვებდა შეხვედრას.

მეორე ნახევრის დასაწყისში კი "სიონი" დაწინაურდა: უგულავამ ზედ საჯარიმოს ხაზთან საჯარიმოს უფლება მოიპოვა. კოკა მიკუჩაძის დარტყმული "ჩიხურას" ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და გეზშეცვლილ ბურთს ზვიად ლობჟანიძემ კარში მიუჩინა ადგილი – 1:0. უნდა ითქვას, ლობჟანიძე, განუგრავა და უგულავა სხვების ფონზე გამოირჩეოდნენ, "ჩიხურადან" კი ყველაზე აქტიური გახლდათ გაბედავა.

"სიონს" კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა და კონტრშეტევა მეკარე რევაზ თევდორაძემ შეაჩერა, ხოლო საჩხერელთაგან დეკანოიძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, როცა ვალერი აბრამიძის ფეხიდან ურტყამდა – ბურთი კარს ასცდა.

72-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა: თოთაძე მარჯვენა ფლანგიდან ბურთს იგერიებდა, მაგრამ ვერ მოახერხა, ბურთი გაბედავას მოხვდა და მისგან მიუვიდა დეკანოიძეს, რომელმაც ახლოდან დაარტყა – მირზა მერლანმა ფეხით მოიგერია, ოღონდ შეტევა გაგრძელდა და მერლანი ამჯერად შორიდან დარტყმულს გაუმკლავდა. გადმოვარდნილი ბურთი მიუვიდა ელგუჯა გრიგალაშვილს, რომელიც ილია კანდელაკმა წააქცია და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ლევან ხმალაძემ ზუსტად დაარტყა და მერლანი ამჯერად ვერაფერს გახდა – 1:1.

დარჩენილ დროში რეალური საგოლე შანსი არცერთ გუნდს აღარ ჰქონია. ბოლო წუთებშიც, ყველაზე აქტიური გაბედავა გახლდათ, რომელმაც ორჯერ შორიდან სცადა გატანა და ერთხელ მცველები გადაეღობნენ, მეორედ კი მერლანმა ითამაშა კარგად.

საქართველოს თასი. მეოთხედფინალი. I მატჩი            

  

22.02. 14:00. თბილისი. "მიხეილ მესხი". 150 მაყურებელი

"სიონი" (ბოლნისი) – "ჩიხურა" (საჩხერე) 1:1 (0:0)

სიონი: მერლანი, იმედაშვილი, აბრამიძე, თოთაძე, კანდელაკი, განუგრავა (ადამია 74), გოგობერიშვილი, ზვიად ლობჟანიძე, კახელიშვილი, უგულავა (ახალაია 66), მიკუჩაძე (ახალაია 60).

მწვრთნელი: ლადო ბურდული.

ჩიხურა: თევდორაძე, ოდიკაძე, ლომაშვილი, კაშია, ხმალაძე, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, ჯიღაური (ქიმაძე 81), ელგუჯა გრიგალაშვილი (ნიკა კვასხვაძე 90+1), გაბედავა, დეკანოიძე.

მწვრტნელი: სოსო ფრუიძე.

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (55), 1:1 ხმალაძე (72 პენ).

გაფრთხილება: გოგობერიშვილი (40), თოთაძე (59), გაბედავა (67), კანდელაკი (72), ხმალაძე (77), იმედაშვილი (88).

მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151579