ფეხბურთი

21:12 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” რკინიგზელთა ბარიერი იოლად გადალახა”

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ამ 1/8-ფინალური წყვილის გამარჯვებულის ვინაობა ფაქტობრივად პირველ მატჩში გადაწყდა, როდესაც საჩხერის “ჩიხურამ” სტუმრად 3:0 მოუგო თბილისის “ლოკომოტივის” ახალგაზრდულ საფეხბურთო კოლექტივს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საპასუხო პაექრობას ფორმალური სახე ჰქონდა. მართალია, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეტოქეთა კლასში იმხელა სხვაობა იყო, რომ ყველა დაახლოებით იმ შედეგს ელოდა, რაც მატჩის ბოლოს მივიღეთ.

ახალგაზრდა დედაქალაქელებმა მხოლოდ საწყისს 15 წუთში გაუწიეს მედგარი წინააღმდეგობა ეროვნული თასის გასული გათამაშების ფინალისტს. დროის ამ მონაკვეთში, თბილისელებმა ტოლი არ დაუდეს საჩხერლებს, მაგრამ მე-17 წუთზე რატი წინამძღვრიშვილის მიერ გატანილი გოლის შემდეგ შეხვედრა ცალ კარში თამაშს დაემსგავსა. “ჩიხურას” ფორვარდი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მის მიერ დარტყმული ბურთი ჯერ ძელს შეეხო და ისე გავიდა რკინიგზელთა კარში – 1:0. დაწინაურების შემდეგ, ზემოიმერლებმა მთლიანად ხელთ იგდეს სათამაშო ინიციატივა და ათიოდ წუთში მათ ანგარიშის გაზრდა მოახერხეს. გოლის ავტორი ამჯერადაც წინამძღვრიშვილი გამოდგა, რომელიც ისევ თებიძესთან პირისპირ დარჩა. რატიმ სტუმართა კიპერის მოტყუება შეძლო და დუბლიც გაიფორმა – 2:0. ტაიმის ბოლომდე საჩხერლებს კიდევ ჰქონდათ რამდენიმე რეალური შანსი გაეზარდათ თავიანთი უპირატესობა, მაგრამ მათ საწყისს 45 წუთში ორბურთიანი ჰანდიკაპი იკმარეს.

მეორე ნახევარი წინამორბედის სცენარით წარიმართა. მოედანზე ისევ ერთი გუნდის ფეხბურთელები დომინირებდნენ, ხოლო მათი მოწინააღმდეგენი გაჭირვებით ახერხებდნენ “ჩიხურას” ფეხბურთელებისთვის ხელის შეშლას. უფრო გამოცდილი უმაღლესლიგელები ყველა სათამაშო კომპონენტში ჯაბნიდნენ მეტოქეს და რომ არა უიღბლობა, ალბათ, საჩხერლები გაცილებით უფრო დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ.

75-ე წუთზე, დუბლის ავტორმა წინამძღვრიშვილმა თავის აქტივში საგოლე გადაცემაც მიითვალა, როდესაც საჯარიმოს მისადგომებთან გიორგი რეხვიაშვილს უპასა, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და ზუსტი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა. თამაშს საბოლოო წერტილი ჯამბულ ჯიღაურმა დაუსვა, რომელმაც მატჩის მიწურულს ბეჭვაიას პასი შეირგო და ტაბლოზე 4:0 დააფიქსირა. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ აქტივში მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ძელს მოხვედრილი ბურთი გახლდათ, რომელიც ბუნებრივია საერთო შედეგზე ვერ იმოქმედებდა. ამ გამარჯვებით კი საჩხერის “ჩიხურა” შარშანდელის მსგავსად დავით ყიფიანის თასისკენ სავალ ნაცნობ გზას დაადგა.    

 

“ჩიხურა” – “ლოკომოტივი” 4:0 (2:0)  

30 ოქტომბერი. 14:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 50 მაყურებელი

“ჩიხურა”: სომხიშვილი (მწყერაშვილი, 60), ჯიღაური, გიორგი რეხვიაშვილი, გაბედავა, ჩიკვაიძე, წინამძღვრიშვილი (ტატანაშვილი, 75), ქიმაძე, ლომაშვილი, ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე (დემეტრაშვილი, 46).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“ლოკომოტივი”: თებიძე, ლუკა რეხვიაშვილი, მაკასარაშვილი, მიქავა, ცნობილაძე, გიგა გურეშიძე (წივწივაძე, 46), დუმბაძე, მესხი, ნიკვაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი (ღვინიაშვილი, 75), თედიაშვილი (ბახტაძე, 60).

მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორთქიფანიძე

გოლები: 1:0 2:0 წინამძღვრიშვილი (17, 27), 3:0 გიორგი რეხვიაშვილი (75),                          

 4:0 ჯიღაური (89).     

არბიტრი:  ხვიჩა გაგნიძე (გორი).       

0.113083