ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კორტს მოულოდნელად დაუბრუნდა ლადო ჩიხლაძე. 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი 2007 წლის ოქტომბერში მსოფლიოს 350-ე ჩოგანი გახლდათ, თუმცა, შემდეგ მძიმე ტრავმა გადაიტანა და უკუსვლის შედეგად, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგიდან საერთოდ “ამოვარდა”.
ჩიხლაძემ ბოლოს გასული წლის მარტში იტალიურ ფიუჩერსზე ითამაშა და ორი წრეც დასძლია, თუმცა, მეოთხედფინალში სერბ დუშან ლაიოვიჩთან 6:4, 4:4-ს იგებდა, როდესაც მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა...
ამჯერად, ჩიხლაძეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში დაწყებულ BMW Open-ზე (საპრიზო ფონდი 450 ათასი ევრო) “უაილდ ქარდი” მისცეს, თუმცა, ცხადია, ლადო ფავორიტი არ ყოფილა და მე-5 ნომრად განთესილ გერმანელ პეტერ გოიოვჩიკთან 4:6, 1:6 დამარცხდა.
ATP-ს რეიტინგში 1257-ე ადგილზე მყოფმა გიორგი ცივაძემ საფრანგეთის ქალაქ გესეში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა და იქ მასპინძელ მატის დი მაიოს 6:1, 4:6, 6:1 სძლია, მერვედფინალში კი მონაკოს წარმომადგენელ ბენჟამინ ბალერესთან (მე-4 განთესვა) 6:7 (4:7), 0:6 წააგო.







