ფეხბურთი

14:35 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩივაძის პრობლემები – ფეხბურთელთა ტრავმები და უთამაშებლობა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალექსანდრე ჩივაძის აზრით, მისი გუნდის მთავარი პრობლემა ფეხბურთელთა არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკაა. ამის შესახებ მან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს ნაკრები, ევროპის 2015 წლის შესარჩევ ციკლში, 14 ნოემბერს სტუმრად შოტლანდიას ეთამაშება, ხოლო 18 ნოემბერს გორში სლოვაკეთს უმასპინძლებს. ჩივაძის შეგირდები შოტლანდიაში 11 ნოემბერს მიემგზავრებიან და მანამდე, გუნდის თავკაცი ჟურნალისტებს შეხვდა.

ალექსანდრე ჩივაძე: “სამწუხაროდ, გუშინ სპლიტის “ჰაიდუკიდან” მივიღეთ ოფიციალური წერილი, რომ გიორგი ილურიძემ ტრავმა მიიღო და მომავალ ორ თამაშში ვერ დაგვეხმარება. ლაშა ტვილდიანიც ვერ ითამაშებს, რადგან ტრავმა გაურთულდა. ნიკა ძალამიძეც ვერ ჩამოვა, ვინაიდან საოპერაციოა. გაფართოებულ შემადგენლობაში აკაკი შულაიაც გვყავდა, მაგრამ ტრავმის გამო ისიც გამოგვაკლდა. ჩვენი გუნდის ძირითადი პრობლემა იცით რა არის? ქვილითაიამ ნაკრებში შოტლანდიასთან რომ ითამაშა, მას მერე თითქმის ერთი თვე გორის “დილას” სასტარტოში არ ყოფილა. ამას წინათ, მას ვთხოვე, რომ გორელთა მეორე გუნდში ეთამაშა. საგურამოში, თბილისის “ლოკომოტივისა” და “დილა 2”-ის თამაშს დავესწარი. გორელებმა 4:3 მოიგეს და ოთხივე გოლი ქვილითაიამ გაიტანა. მამუკა კობახიძეს ტრავმა აქვს. გიორგი პაპავა “დინამოს” სასტარტოში ვერ ხვდება. დავით სხირტლაძესაც “ორჰუსის” სასტარტოში არ ათამაშებენ. გიორგი ჭანტურია “ვიტესის” სასტარტოში ვერ ხვდება. ვაკო ყაზაიშვილმა ლამაზი გოლი კი გაიტანა, მაგრამ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არც მას აქვს. ნიკა კვეკვესკირს და თედო გრიგალაშვილს წითელი ბარათები ჰქონდათ და სადისციპლინო კომიტეტს ვთხოვე, რომ მათთვის დუბლებში თამაშის უფლება მაინც მიეცა”.

- შოტლანდიასთან თბილისში მოიგეთ, მაგრამ სტუმრად მეტოქისგან ალბათ სულ სხვა თამაშს ელით?

- შოტლანდია ცუდი გუნდი ნამდვილად არ არის. კარგი შემსრულებლები ჰყავს. ძალიან მძიმე მატჩი გვექნება. ორივეს ერთნაირი ქულები გვაქვს და ამ თამაშს შედეგის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. შოტლანდია მებრძოლი გუნდია. პენალტი რომ ვერ გავიტანეთ, ხომ ნახეთ მერე როგორ გაგვიჭირდა. ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში შტურმი მოგვიწყვეს.

- ფრეს დამაკმაყოფილებელ შედეგად თუ ჩათვლით?

- ფრე ურიგო არ იქნება. თუმცა, მაინც გამარჯვებაზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ. შოტლანდიაში თუ მოვიგეთ და 18 ნოემბერს სახლში სლოვაკეთი დავამარცხეთ, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა რეალურია.

- ჯანო ანანიძე ითამაშებს?

- ანანიძემ დაგვირეკა და გვითხრა რომ ჩამოვა.

- საქართველოს ნაკრებმა სტუმრად შოტლანდიასთან წარმატებას რის ხარჯზე უნდა მიაღწიოს?

- ძალიან მობილიზებულნი უნდა ვიყოთ. შოტლანდიაში 11-ში ჩავფრინდებით და მოსამზადებლად 2 დღე გვექნება. შოტლანდიელთა თამაშების ვიდეოფირები გვაქვს და კიდევ ვუყურებთ.

- სლოვაკეთთან გორში თამაში რატომ არჩიეთ?

- გორში კარგი მინდორია და პირობები კარგია. იმედია, რომ მაყურებელიც მეტი მოვა. თან, როგორც იცით ამ პერიოდში საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თამაშებს “მიხეილ მესხზე” ჩაატარებს.

0.117338