უკრაინის სახელით მოჭიდავე ძიუდოისტმა გიორგი ზანთარაიამ რვათვიანი პაუზის შემდეგ ოქროს მედლის გემო გაიხსენა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში დღეს დაწყებულ დიდ პრიზზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივეში წმინდად მოიგო. მსოფლიოს რეიტინგის მეოთხეადგილოსანი, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, საჩემპიონო გზას მასპინძელი ჩაოჩაო ჩენის ძლევით შეუყვა. შემდეგ ავსტრალიელ არნიე დიკინსს, გერმანელ ტობიას ენგლმაიერსა და ფრანგ ისამ ნურს გასცდა. ფინალში კი, იაპონელი ნაოჰიშა ტაკატო დამატებით დროში გააკრა ტატამს.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც შეჯიბრების ყველაზე მაღალრეიტინგიანი მონაწილე გაჩემპიონდა. რუსმა ალიმ გადანოვმა ზანთარაიას მსგავსად, ხუთ შეხვედრაში იმარჯვა და ოქროს მედალთან ერთად, 200 სარეიტინგო ქულაც შეიმატა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან მსოფლიოს რეიტინგსიის 22-ე ნომერს, პოლონელ ტომაშ კოვალსკის სძლია.
ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა პირველ სამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. ოქროს მედლებს ბელგიელი შერლინ ვან სნიკი (48 კგ), მონღოლი ბუნდმაა მუნხბაატარი (52 კგ) და სამხრეთკორეელი იან-დი კიმი (57 კგ) დაეუფლნენ.
სამდღიანი ტურნირის მეორე დღეს ტატამი 73 და 81 კილოგრამში მოჭიდავე მამაკაცებს და 63 და 70 კილოგრამში მოჭიდავე ქალებს დაეთმობათ. ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო კი დასკვნითი დღეა, როდესაც საქმეში საქართველოს ნაკრების წევრები - ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი (ორივე 100 კგ) ჩაერთვებიან.
ძიუდო
დიდი პრიზი
ქინგდაო, ჩინეთი
16 დეკემბერი
კაცები
60 კგ
1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
2 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)
3 ისამ ნური (საფრანგეთი)
3 იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
66 კგ
1 ალიმ გადანოვი (რუსეთი)
2 ტომაშ კოვალსკი (პოლონეთი)
3 დიმიტრი დრაგინი (საფრანგეთი)
3 სერგეი დრებო (უკრაინა)
ქალები
48 კგ
1 შერლინ ვან სნიკი (ბელგია)
2 ოიანა ბლანკო (ესპანეთი)
3 ბო კიეონ იონი (სამხრეთ კორეა)
3 მირი ტოდა (იაპონია)
52 კგ
1 ბუნდმაა მუნხბაატარი (მონღოლეთი)
2 კუმ აე ანი (ჩრდილოეთ კორეა)
3 იუკი ჰაშიმოტო (იაპონია)
3 ერიკა მირანდა (ბრაზილია)
57 კგ
1 იან-დი კიმი (სამხრეთ კორეა)
2 იულიეტა ბუკუვალა (საბერძნეთი)
3 იან ლიუ (ჩინეთი)
3 ტონგუან ლუ (ჩინეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







