ჭადრაკი

23:28 | 31.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩინელი და შვედი დაწინაურდნენ

ბათუმის სასტუმრო ”შერატონში” სტარტი აიღო სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომლის გენერალური სპონსორიც კომპანია “სოკარი” გახლავთ. პირველ დღეს სწრაფ ჭადრაკში ტურნირის სამი ტურის პარტიები შედგა, რომლის შედეგებითაც ორი მონაწილე დაწინაურდა.
ლიდერები ჩინელი ქიან ჰუანგი (2417) და შვედი პია კრამლინგი (2478) არიან, რომელთაც პირველი სათამაშო დღე უდანაკარგოდ განვლეს. დაწინაურებულებს 0.5 ქულით ოთხი მოჭადრაკე ჩამორჩება: ჰამპუ კონერუ (ინდოეთი, 2589), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2457), ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2518) და ნინო ხურციძე (საქართველო, 2456).
აღსანიშნავია, რომ ხურციძემ მესამე ტურში შავი ფიგურებით საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2547) დაამარცხა, რომელიც ამ წარუმატებლობის შემდეგ, 1.5 ქულით 22-ე პოზიციამდე დაქვეითდა. 2-2 ქულით, შესაბამისად, მე-10 და მე-13 ადგილებზე იმყოფებიან ლელა ჯავახიშვილი (2449) და მაია ჩიბურდანიძე (2500), სულ კი მსოფლიოს ჩემპიონატში 17 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს.
ტურნირში მონაწილეობას 17 ქვეყნის 50 წარმომადგენელი იღებს, რომელთა შორის 17 მონაწილეს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება აქვს, 7 მოჭადრაკე კი მსოფლიოს საუკეთესო ტოპ-ათეულის წევრია: 3. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2598), 4. ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2589), 5. ჟაო ქსიუ (ჩინეთი, 2549), 6. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2547), 7 კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2546), 8. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2532), 9. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2530).
მსოფლიოს ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით ჩატარდება და სწრაფ ჭადრაკში – 11, ხოლო ბლიცში 15 ტური გაიმართება. თითოეულ პარტიაზე დროის კონტროლი ასეთია: სწრაფი ჭადრაკი – 25 წუთი თითოეულ მოჭადრაკეს, სვლაზე 10 წამის დამატებით. ბლიცი: 4 წუთი თითოეულს, სვლაზე 2 წამის დამატებით. ორივე ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, საიდანაც სწრაფ ჭადრაკში ჩემპიონს 12 ათასი ერგება, ხოლო ბლიცში საუკეთესოს – 10 ათასი.
1 ივნისს, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-4, მე-5 და მე-6 ტურის პარტიები შედგება. თამაშები სტარტს 15:00 საათზე აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.14888