საკმაოზე მეტად მიუახლოვდა ქართველი მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის მე-5 ეტაპის თანალიდერობას.
მე-8 ტურში ჩიბურდანიძემ შავი ფიგურებით თურქ ბეთულ ილდიზს სძლია, 5 ქულა დააგროვა და ახლა მხოლოდ ნახევარი ქულაღა აშორებს ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერს, ინდოელ ჰუმპი კონერუს, რომელმაც თეთრებით ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას სძლია.
მაიასავით 5 ქულა კიდევ ოთხ მოჭადრაკეს აქვს: რუს ტატიანა კოსინცევას (შავებით დაუზავდა ჩინელ იუჰუა ქსუს), ჩინელ ქსუე ჟაოს (შავებით დამარცხდა თანამემამულე შენ იანგთან), ზემოხსენებულ სტეფანოვას და კიდევ ერთ ჩინელ იიფან ჰოუს. ერთია, რომ ამ უკანასკნელის გუშინდელი მატჩის შედეგი (თანამემამულე ჩენ ჟუსთან) ფიდე-ს ოფიციალურ საიტზე გვიანობამდე არ დაიდო, შესაბამისად, ჰოუს ერთი მატჩი, ჯერჯერობით, თადარიგში უნდა დავუტოვოთ. საინტერესოა ისიც, რომ შემდგომ, მე-9 ტურში, ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით სწორედ ჰოუს დაუპირისპირდება.
დანარჩენ პარტიებში ასე დაწყვილდებიან: ჩენ ჟუ – შენ იანგი, მუნგუნტუული – ილდიზი, სტეფანოვა – სებაგი, კოსინცევა – კონერუ, ქსუე ჟაო – იუჰუა ქსუ.
მე-8 ტურის კიდევ ერთი პარტია კი, ტურნირის აუტსაიდერებს - ფრანგ მარი სებაგსა და მონღოლ ბატხუაგ მუნგუნტუულს - შორის შედგა, რომელშიც თეთრი ფიგურებით მოთამაშე ფრანგმა იმარჯვა.







