საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილ ბოლო საერთაშორისო ტურნირზე, პრაღას მსოფლიოს თასზე 14-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა და 1 მედალი მოიპოვა. ევროპის ვერცხლის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი ჩეხური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველისთვის პრაღის მსოფლიოს თასი მიმდინარე სეზონის პირველი წარმატებული ტურნირი აღმოჩნდა. თბილისის, ვენისა და დიუსელდორფის იმედგაცრუებებით ლიპარტელიანმა ნაკრების პირველნომრობის შანსი საგრძნობლად შეიმცირა, მაგრამ ვერც კონკურენტებმა მოახერხეს პოზიციების გამყარება და შიდა კონკურენციაში სავარაუდოდ, ამ ოქროს განსაკუთრებული ფასი ექნება.
საჩემპიონო გზას ვარლამ ლიპარტელიანი ბელარუსი ანდრეი კიპსევიჩის დაიპონებით შეუყვა. ავსტრიელი კრისტოფ კრონბერგერი და ფრანგი რომან ვოლსკაც იპონ-იპონ ჩამოიცილა. რუს მურატ გასიევთან, გერმანელ რობერტ დუმკესთან და ლიტველ კაროლის ბაუზასთან კი ვადამდელ წმინდა გამარჯვებას შედარებით ფრთხილი, თუმც ტაქტიკურად გამართული ჭიდაობა ამჯობინა. ფინალში ლიპარტელიანმა მეტოქე 3-ჯერ გააფრთხილებინა მსაჯს, ერთხელაც იუკოზე დასცა და პრაღის დარბაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
საქართველოს ნაკრების დანარჩენ კანდიდატთაგან, სამეულში მოხვედრის შედარებით უკეთესი შანსი ლევან წიკლაურსა (81 კგ) და ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ) მიეცათ. ოქრო-ვერცხლის გზა ორივე მათგანს მეოთხედფინალში გადაეკეტა. წიკლაური რუსი ალექსანდრ ფედოსოვისა, ავსტრიელი ფელიქს შირნჰოფერისა და უნგრელი მილან ბურგეშის ძლევის შემდეგ მოლდოველ ვალერიუ დუმინიკასთან დამარცხდა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი არგენტინელ ემანუელ ლუცენტისთანაც ვერას გახდა და საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა. ჟორჟოლიანი ძირითად ბადეს რუსმა ასხაბ კოსტოევმა ჩამოაშორა, ხოლო დამამშვიდებელს – ჩეხმა ლუკაშ კრპალეკმა. ამ წაგებებამდე ქართველმა ძიუდოისტმა ესპანელი დავიდ პერეს ბალესტერი და ავსტრიელი ფრანც ბირკფელნერი დატოვა ტურნირს მიღმა. წიკლაურის მსგავსად, ჟორჟოლიანმაც მე-7 ადგილი იკმარა.
მეოთხედფინალამდე გამოეთიშნენ ტურნირს პაატა მერებაშვილი (60 კგ), დავით ასუმბანი, მინდია ხომიზური, შალვა ქარდავა (სამივე 66 კგ), თენგიზ პაპოშვილი (73 კგ), დავით კარბელაშვილი (81 კგ), საბა გავაშელიშვილი, ზვიად გოგოჭური (90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (100 კგ), ლაშა გუჯეჯიანი და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ).
უმსუბუქეს წონაში ნაკრების პირველნომრობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატს, პარიზულ-თბილისური ტურნირების ჩემპიონ დავით ასუმბანს ამჯერად მთავარმა მწვრთნელმა ზედმეტი კილოგრამები არ დააკლებინა და 66-ში ჭიდაობის ნება დართო. ექსპერიმენტმა არ გაამართლა - ასუმბანმა პირველსავე მეტოქესთან, რუმინელ დან გეორგე ფასიესთან მხოლოდ 2 წუთი და და 15 წამი გაძლო.
ამირან ტოტიკაშვილს საჩეხეთო წინასწარ განაცხადში ზაზა კედელაშვილი (73 კგ) და ირაკლი ცირეკიძეც (100 კგ) ჰყავდა შეყვანილი, მაგრამ პრაღაში გამგზავრებამდე ორიოდ დღით ადრე შემადგენლობიდან ამოწერა, მცირე ტრავმების გამო.
პრაღის მსოფლიოს თასის პარალელურად, ანალოგიური ტურნირი ვარშავაშიც ტარდება, ოღონდ ქალებს შორის. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ პოლონეთში 3 შეგირდი ჩაიყვანა, მაგრამ სალომე წოწკოლაური (70 კგ), ნინო ოძელაშვილი (78 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) პირველსავე მოწინააღმდეგეებთან იპონით დამარცხდნენ.
ძიუდო. მსოფლიოს თასი
პრაღა. 27-28 თებერვალი
60 კგ
1 ელიო ვერდე (იტალია)
2 გუან-იონ ჩოი (სამხრეთ კორეა)
3 ლასლო ბურიანი (უნგრეთი)
3 მაქსიმ კოროტუნი (უკრაინა)
17 პაატა მერებაშვილი (საქ.)
66 კგ
1 არმენ ნაზარიანი (სომხეთი)
2 ფლორენ ურანი (საფრანგეთი)
3 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)
3 დასტან იკიბაევი (ყაზახეთი)
17 შალვა ქარდავა (საქართველო)
33 დავით ასუმბანი (საქართველო)
33 მინდია ხომიზური (საქართველო)
73 კგ
1 გი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა)
2 მიარაგა სანიაასურენი (მონღ.)
3 ანდრე ალვეში (პორტუგალია)
3 კინტერ როტბერგი (ესტონეთი)
17 თენგიზ პაპოშვილი (საქ.)
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 დაე-ნამ სონგი (სამხრეთ კორეა)
3 იარომირ მუსილი (ჩეხეთი)
3 შანდორ ნაგისოლიმოში (უნგრეთი)
7 ლევან წიკლაური (საქართველო)
9 დავით კარბელაშვილი (საქ.)
90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქ.)
2 კაროლის ბაუზა (ლიტვა)
3 ვადიმ სინიავსკი (უკრაინა)
3 მარკუს ნიმანი (შვედეთი)
9 ზვიად გოგოჭური (საქართველო)
33 საბა გავაშელიშვილი (საქ.)
100 კგ
1 ევგენი ბიადულინი (ბელარუსი)
2 ასხაბ კოსტოევი (რუსეთი)
3 ვიაჩესლავ დენისოვი (უკრაინა)
3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
7 ლევან ჟორჟოლიანი (საქ.)
9 რევაზ ჩიკოიძე (საქართველო)
+100 კგ
1 სტანისლავ ბონდარენკო (უკრ.)
2 სუნ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 პაოლო ბიანჩესი (იტალია)
3 მარიუს პასკევიჩუსი (ლიტვა)
9 ზვიად ხანჯალიაშვილი (საქ.)
9 ლაშა გუჯეჯიანი (საქართველო)
ოთარ მაღლაკელიძე









