“ჩერჩილის თასის” უკანასკნელი გათამაშების ფინალში, მასპინძელმა ინგლისის “საქსონებმა” კანადა 37:6 დაამარცხეს და თასის მფლობელები გახდნენ.
კანადელებმა მედგრად იბრძოლეს და მონროს არეკნით მეტოქის ჯარიმას უპასუხეს, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა აიწყვიტეს. ტაიმი ინგლისელებმა 15:6 მოიგეს, მე-2 ტაიმში კი, უპირატესობა მეთოდურად გაზარდეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ კანადელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს, 2 ლელო კი კონტრშეტევებზე მიიღეს.
მე-3 ადგილისთვის მატჩში, იტალიის A ნაკრებმა ტონგას ეროვნულ გუნდს 27:18 აჯობა. იტალიელები სათამაშო უპირატესობას პირველივე ტაიმიდან ფლობდნენ, მაგრამ ტონგა თავს კარგად იცავდა და შესვენებამდე მეტოქეს მხოლოდ ერთი ლელო, რეალიზაცია და ჯარიმა გაატანა, თავად კი, ერთი ჯარიმით იხეირა.
მე-2 ნახევარი უფრო გახსნილი აღმოჩნდა. იტალიელებმა მონაგარს ჯარიმა, 2 ლელო და 2 რეალიზაცია შემატეს, რაზეც კუნძულელებმა ასევე 2 ლელოთი უპასუხეს, მაგრამ მხოლოდ ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და ერთხელ ჯარიმა შეასრულეს ზუსტად.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მე-5 ადგილისთვის გამართული შეხვედრა, სადაც აშშ-ს მეტოქე რუსეთი იყო. ამ გუნდებს სექტემბერში მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზეც მოუწევთ თამაში და საინტერესო იყო, როგორი იქნებოდა თანაფარდობა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და პირველი ტაიმი ფრედ, 8:8 დასრულდა. შემდეგ რუსეთი ჯარიმით დაწინაურდა, აშშ-მ წონასწორობა აღადგინა, ამას ორივე გუნდიდან ორ-ორი ლელო-გარდასახვის გაცვლა მოჰყვა, ბოლოს კი, აშშ-მ თავისი მე-4 ლელო გაიტანა და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა. რუსეთმა იბრძოლა, თუმცა, მეტოქემ თავი კარგად დაიცვა და აშშ-მ 32:25 იმარჯვა.
“ჩერჩილის თასი” 2002 წლიდან რეგულარულად იმართებოდა. რადგან რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRB) მასში მონაწილე ორ ეროვნულ ნაკრებს - კანადას და აშშ-ს - ივნისში მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან ტესტ მატჩებს დაჰპირდა და “ჩერჩილის თასის” ჩატარების არსებულ შეთანხმებასაც ვადა გაუვიდა, მონაწილე ქვეყნებმა IRB-ს მაღალჩინოსნებთან კონსულტაციები გამართეს. შედეგად, ინგლისელებმა, კანადელებმა და ამერიკელებმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადეს და სავარაუდოდ, “ჩერჩილის თასი”, ყოველ შემთხვევაში ძველი ფორმატით, აღარ გაიმართება.
ზურა ქსოვრელი







