ჩოგბურთი

19:29 | 30.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა მეშვიდე ტიტულები

მამაკაც ჩოგბურთელთა აზიის ტურნემ სტარტი ბანგკოკისა და კუალა ლუმპურის ტურნირებით აიღო, ოქტომბრის შუა რიცხვებში კი ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქის, შანხაის მასტერზით დასრულდება. ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში შარშან ენდი მარეიმ იმარჯვა. წლეულს მსოფლიოს რეიტინგსიის მესამე ნომერმა ტიტულის დაცვაზე უარი განაცხადა და მომავალ კვირაში ტოკიოში (შოტლანდიელი იაპონიის მთავარი ქალაქის შეჯიბრების მოქმედი ჩემპიონიცაა) ასპარეზობაზე კონცენტრაციის გაკეთება განიზრახა. მარეის არყოფნაში ბანგკოკის შეჯიბრებაზე პირველ ნომრად იანკო ტიპსარევიჩი განთესეს. სერბს ფინალში გასვლამდე ერთი ნაბიჯიღა დააკლდა, როდესაც ნახევარფინალში ჟილ სიმონთან 4:6, 4:6 დამარცხდა. ბანგკოკის შეჯიბრების პირველობისთვის გადამწყვეტი პაექრობა კი ფრანგთა დაპირისპირება გამოდგა. სიმონს (4) ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი რიშარ გასკე დაუპირისპირდა. შაინტერესოა აღინიშნოს, რომ დღევანდელ ფინალამდე გასკეს ხუთჯერ ჰყავდა დამარცხებული სიმონი, თავად კი ჟილთან წაგების სიმწარე განცდილი არ ჰქონდა. ამ 2 ჩოგბურთელის ურთიერთშეხვედრათა ტრადიცია დღესაც არ დაირღვა – გასკემ 2 სეტით, იოლად მოუგო სიმონს, 6:2, 6:1 და ტაილანდის დედაქალაქის ტურნირის ჩემპიონი გახდა.
შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილმა მოთამაშემ ვერც მალაიზიის მთავარ მეგაპოლისში, კუალა ლუმპურში იმარჯვა. ესპანელ დავიდ ფერერს პრობლემები ჯერ კიდევ მეოთხედფინალში, ჰოლანდიელ იგორ სეისლინგთან დაპირისპირებისას შეექმნა, ნახევარფინალში კი ფერერი ფრანგ ჟულიენ ბენეტოსთან სულაც დამარცხდა. ბენეტოს საფინალო ოპონენტი მეორე ნომრად განთესილი არგენტინელი ხუან მონაკო გახლდათ. კუალა ლუმპურის ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა ბანგკოკის შეჯიბრების ფინალისგან მკვეთრად განსხვავებული გამოდგა. პატაგონიელისა და ფრანგის პირველმა სეტმა 81 წუთს გასტანა. საწყის პარტიაში მონაკომ 7:5 იმარჯვა, მეორეში კი ბენეტომ უკეთ ითამაშა (ფრანგმა 6:4 იმარჯვა) და ჩემპიონის ვინაობა მესამე სეტმა გაარკვია. პრინციპულ პარტიაში ინიციატივას მინაკო დაეუფლა, რომელიც უფრო მწვავედაც მოქმედებდა და უკანა ხაზზე თამაშში მოწინააღმდეგე დაჩაგრა. გადამწყვეტი პარტია არგენტინელმა 6:3 მოიგო და კუალა ლუმპურის ტურნირის ტრიუმფატორიც გახდა.
“მთელი ტურნირის განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა არ დამიკარგავს. საერთოდ, კუალა ლუმპურში თამაში კარგად მაქვს დაცდილი – მე ხომ  მალაიზიის დედაქალაქში მოვიპოვე პირველად ჰარდის შეჯიბრებებზე საჩემპიონო წოდება”, - ამგვარი მოკლე რეზიუმე გაუკეთა საკუთარ წარმატებას ხუან მონაკომ ბენეტოსთან ფინალის დასრულების შემდეგ.
ბოლოს კი იმასაც მოგახსენებთ, რომ რიშარ გასკემ და ხუან მონაკომ თავიანთ საჩოგბურთო კარიერაში მეშვიდე ტურნირები მოიგეს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156049