ვაჟთა შორის საქართველოს 72-ე ჩემპიონატში, რომელიც სტარტს 12 ივნისს აიღებს, 12 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ესენი მიხეილ მჭედლიშვილი (2637), ლევან ფანცულაია (2567), მერაბ გაგუნაშვილი (2601), კონსტანტინე შანავა (2563), დავით ზარქუა (2441), ლუკა პაიჭაძე (2516), დავით მაღალაშვილი (2521), დავით ლომსაძე (2342), ფრიდონ ყალაგაშვილი (2171), დავით ჯოჯუა (2548), გიგა ყუფარაძე (2486) და გაიოზ ნიგალიძე (2456) არიან.
შეგახსენებთ, რომ ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება. პირველი ტური 12-ში 15.00 საათზე აიღებს სტარტს, 18 ივნისი დასვენების დღეა, ხოლო დასკვნითი ტური 23 ივნისს 11.00 საათზე დაიწყება. ჩემპიონატის დახურვა იმავე დღეს 19 საათზეა დანიშნული.
2013 წლის საქართველოს ჩემპიონი ოქროს მედალთან და სპეციალურ თასთან ერთად ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში, ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.
I-II ადგილებზე გასული მოჭადრაკეები 2014 წლის ევროპის ვაჟთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე საასპარეზოდ დაფინანსდებიან, ხოლო I-III ადგილოსნები საქართველოს ვაჟთა 73-ე ეროვნულ ჩემპიონატზე შერჩევის გარეშე მოანწილეობის უფლებას მოიპოვებენ.
როგორც აღვნიშნეთ, ტურნირში 12 სპორტსმენი გამოვა. ესენი არიან საქართველოს 71-ე ეროვნულ ჩემპიონატში I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ვაჟთა 72-ე ჩემპიონატის პირველ ლიგაში I-V ადგილებზე გასული მოჭადრაკეები.
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ბერგერის კოეფიციენტს, მოგებების რაოდენობასა და პირად შეხვედრაში ნაჩვენებ შედეგს მიენიჭება.
საქართველოს 73-ე ეროვნული ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 16000 ლარს შეადგენს და I-V ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებზე ასე გადანაწილდება: I – 5000 ლარი, II – 4000 ლარი, III – 3500 ლარი, IV – 2000 ლარი, V – 1500 ლარი.
დღეს ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ მოჭადრაკეები ასე გადანაწილდნენ: 1. ლუკა პაიჭაძე, 2. ლევან ფანცულაია, 3. დავით ზარქუა, 4. მერაბ გაგუნაშვილი, 5. დავით ლომსაძე, 6. გაიოზ ნიგალიძე, 7. ფრიდონ ყალაგაშვილი, 8. დავით ჯოჯუა, 9. დავით მაღალაშვილი, 10. კონსტანტინე შანავა, 11. მიხეილ მჭედლიშვილი, 12. გიგა ყუფარაძე.
პირველი ტურის შეხვედრათა განრიგი
პაიჭაძე – ყუფარაძე
ფანცულაია – მჭედლიშვილი
ზარქუა – შანავა
გაგუნაშვილი – მაღალაშვილი
ლომსაძე – ჯოჯუა
ნიგალიძე – ყალაგაშვილი







